გომელაური ალექსანდრე გიორგის ძე

ა. გომელაური
ა. გ ო მ ე ლ ა უ რ ი შვეიკი, ი. ჰაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი"

გომელაური ალექსანდრე გიორგის ძე [9 (22). IX. 1907, თბილისი, – 29. VII. 1966, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1958). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1927 თბილ. მუშათა თეატრში. შემდგომ მუშაობა განაგრძო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928–31) და ქუთ. (1931–33) თეატრებში. 1933-იდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს 150-მდე როლი. მ. შ. აღსანიშნავია: შვეიკი (ი. ჰაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), გიორგი („ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ილია ჭავჭავაძე (გ. ნახუცრიშვილის „წიწამური"), გიჟუა და მოურავი (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კაპულეტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა"), ყოჩ-აშუღი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ბეზღადი (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე"), ოჰანეზი (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი") და სხვ. კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი („ქალიშვილი გაღმიდან", 1941), დევი („ცისკარა", 1955), ომარაშვილი („ოთარაანთ ქვრივი", 1957), ილია ჭავჭავაძე („გლახის ნაამბობი", 1961) და სხვ. გ. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, ლამაზი ტემბრის ხმით, იუმორით. გამოდიოდა ესტრადაზე თავდაპირველად ნ. ილურიძესთან, 1938-იდან – ა. კვანტალიანთან ერთად.

ა. გვენცაძე