თეთრი

თეთრი, ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. იხსენიება XIV–XVIII სს. ქართ. საისტორიო წყაროებში; 1995-იდან – ხურდა ფული და საანგარიშო-ფულადი ერთეული საქართველოში, რ-იც ლარის მეასედს უდრის. 1995 წ. 25 სექტემბრიდან მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20, 50 თ-ის ნომინალის მონეტები.

1 თეთრი
10 თეთრი
20 თეთრი

1 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე (ავერსი) ზედა ნაწილში, გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 1, მის ქვეშ წარწერაა – თეთრი, ხოლო წარწერის ქვემოთ არის ვაზის ლერწის სიმეტრიული გამოსახულება (სვეტიცხოვლის ტაძრის დას. ფასადის რელიეფური შემკულობის დეტალი). მონეტის დიამეტრია 15 მმ, სისქე – 1,25 მმ, მასა – 1,38 გ.

2 თეთრი

2 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე, მის ზედა მონაკვეთში, გამოსახულია ფრთებაწეული ფარშავანგი (ფარშავანგის გამოსახულება უძველესი დროიდანვე გაიაზრებოდა როგორც აღდგომისა და უკვდავების იდეის გამოხატულება), რ-ის ქვეშ წარწერაა – თეთრი, ხოლო ქვედა მონაკვეთში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 2. მონეტის დიამეტრია 17,5 მმ, სისქე – 1,25 მმ მასა – 1,90 გ.

5 თეთრი

5 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე, მის ზედა მონაკვეთში, გამოსახულია ლომის ფიგურა (ალაზნის ველზე ერთ-ერთ გორასამარხში არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი მცირე ზომის ლომის ოქროს ქანდაკება), რ-ის ქვეშ გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 5, ხოლო ქვედა მონაკვეთში წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 20 მმ, სისქე – 1,32 მმ, მასა – 2,5 გ.

10 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე, შუა არეში, გამოსახულია ლომზე ამხედრებული ფეხშიშველა მამაკაცის ფიგურა, წმინდა მამაი (XI ს. დასაწყ. მოოქრული ვერცხლის ტონდო გელათის მონასტრიდან), რ-საც მარჯვ. ხელში ჯვარი უჭირავს, ტანთ ნაოჭებიანი გრძელი სამოსი აცვია; ლომის ფაფარი და აწეული კუდის ბოლო დეკორატიულადაა დამუშავებული; ფიგურის მარჯვ. მონაკვეთში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 10, ხოლო ქვემოთ წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 22 მმ, სისქე – 1,27 მმ მასა – 30 გ.

20 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე შუა არეში, გამოსახულია ხარირმის ფიგურა (ფიროსმანის სურათის დეტალი), რ-ის მარცხნივ გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 20, ხოლო ქვეშ წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 25 მმ სისქე – 1,62 მმ, მასა – 50 გ.

50 თეთრი
50 თეთრი, ახალი

50 თ-ის ნომინალის მონეტის შუბლზე, ზედა არეში, გამოსახულია ფრთოსანი ფიგურა (XI ს. სამთავისის ტაძრის აღმ. ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება), რ-ის ქვეშ გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 50, ხოლო ქვედა მონაკვეთში წარწერაა – თეთრი. მონეტის დიამეტრია 19 მმ სისქე – 1,40 მმ, მასა – 2,5 გ. ყველა ნომინალის მონეტის ზურგზე (რევერსი) არის ბორჯღალის გამოსახულება, მითითებულია მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე შემოვლებულ წრიულ არშიაზე განთავსებულია ზედწერილი ქართ. და ინგლ. ენებზე – საქართველოს რესპუბლიკა REPUBLIC OF GEORGIA. მონეტის წიბო გლუვია.

1, 2, 5, 10, 20 თ-ის ნომინალის მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თ-ის ნომინალის მონეტა – ოქროსფერი.

გარდა ზემოთ აღნიშნული 50 თ-ის ნომინალის მონეტისა მიმოქცევაშია 2006 წლის ემისიის 50 თ-ის ნომინალის ახ. მონეტა. მონეტის შუბლზე გამოსახულია საქართვ. სახელმწ. გერბი, რ-საც გარს არტყია მზის სხივების სიმბოლური გამოსახულება. გერბის ქვეშ არის წარწერა – საქართველო – და მონეტის მოჭრის თარიღი – 2006. მონეტის ზურგზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი 50 და წარწერა – თეთრი. მონეტის ორივე მხარეს, დაცვის თვალსაზრისით, დატანილია მიკროელემენტი, ძვ. კოლხ. თეთრის ანალოგი – ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფრულია ქართ.-ინგლ. წარწერა – საქართველო GEORGIA, მ. შ. გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი. მონეტის დიამეტრია 24 მმ, სისქე – 1,9 მმ მასა – 6,5 გ. მონეტა ვერცხლისფერია.