თეთრკუდა არწივი, ფსოვი (Haliaeetus albicilla), დიდი ზომის ფრინველი შევარდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. ბუდობს მაღალ ხეზე, 6–25 მ სიმაღლეზე; ბუდის დიამეტრი აღწევს 2 მ სიმაღლე 1,3 მ. მარტში დედალი დებს, ჩვეულებრივ, 1 (3-მდე) კვერცხს, რ-ის ინკუბაცია გრძელდება 32 დღე. იკვებება ყოველგვარი ცხოველური საკვებით (ძირითადად თევზი, ასევე მღრღნელები, კურდღელი, შინაური ცხოველები). საერთო შეფერილობით მურაა. აქვს მოკლე თეთრი კუდი, გრძელი ფრთები. ადრე საქართველოშიც ბინადრობდა. ბოლო წლებში იშვიათად შეინიშნება. ცხოვრობდა მდინარეების, ტბებისა და ზღვის ნაპირებზე – ხევებსა და კლდეებში. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
რ. ჟორდანია