თეთრყელა კვერნა, ქვის კვერნა (Martes foina), ძუძუმწოვარი ცხოველი მტაცებელთა რიგისა. გავრცელებულია დას. ევროპაში, შუა და წინა აზიაში, ტიბეტში, რუსეთში. ბინადრობს მრავალგვარ სტაციაში (პოპულაციის ადგილსამყოფელი): ტყეში, უტყეო ადგილებში, ბუჩქნარებში, პარკებში, კულტ. ლანდშაფტში, კლდოვან ქვანაყარ კომპლექსებში, დასახლებულ ადგილებში. აღწევს ზ. დ-იდან 4000 მ-მდე. არის რამდენიმე ქვესახეობა.
საქართველოში გავრცელებულია კავკასიური თ. კ. (Martes foina nehringi). გვხვდება კავკ. ქედის სამხრ. კალთებზე, ცივ-გომბორის, თრიალეთის, ქართლ-იმერეთის, გურია-აჭარის ქედებზე; ქართლსა და კახეთში, კოლხეთის დაბლობზე, აჭარაში, აფხაზეთში. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც მასზე ნადირობენ.
გ. ენუქიძე