„დავით გარეჯელის ცხოვრება“

„დავით გარეჯელის ცხოვრება“, ჰაგიოგრაფიული თხზულება, რ-შიც აღწერილია გარეჯის მონასტრის დამაარსებლის – დავითის – ცხოვრება და ღვაწლი.

თხზულება უძველესია დავით გარეჯელზე შექმნილ ნაშრომთა შორის; მოგვითხრობს სირიიდან აღმ. საქართველოში VI ს. შუა წლებში ჩამოსულ ცამეტ მონაზონთაგან ერთ-ერთის – დავითის და მისი მოწაფის – ლუკიანეს დამკვიდრების შესახებ გარეჯის უდაბნოს გამოქვაბულში. დროთა განმავლობაში მათ რამდენიმე მონასტერი დაუარსებიათ და ხალხმრავალი სამონასტრო ცხოვრება გაუშლიათ, რამაც მომდევნო საუკუნეებში დავითგარეჯა უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ-საგანმან. კერად აქცია.

თხზულებას X ს. I ნახევრით ათარიღებენ და ანონიმ ავტორს მიაწერენ. ბოლო დროს გამოითქვა აზრი, რომ „დ. გ. ც-ის" უძველესი ვერსია დამოუკიდებელი თხზულება არ არის, იგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია არსენ II კათოლიკოსის (955–980) ჰაგიოგრაფიული თხზულებისა „ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ... იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთაჲ..." ამ თხზულების საფუძველზე XII ს. უცნობ ავტორს დაუწერია დავით გარეჯელის ვრცელი მეტაფრასული „ცხოვრება" „დიდი ბერისა და მოძღუარის ონოფრე გარეჯელის" დავალებით.

XIII ს. შუა წლებში „ცხოვრება" დაწერა დავითგარეჯის მონასტრის ბერმა, შემდგომ თბილისის მიტროპოლიტმა რომანოზ ერისთავმა. ასევე გვიანდელია სვინაქსარული ცხოვრებაც, რ-ის ერთადერთი ნუსხა 1726 ხელნაწერს (A-222) შემოუნახავს.

წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955, გვ. 144–187 (კიმენური და მეტაფრასული); ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., I (კიმენური), თბ., 1963, გვ. 229– 240; III (მეტაფრასული), თბ., 1971, გვ. 170–207; (რომანოზისეული), იქვე, გვ. 291–311; IV (სვინაქსარული), თბ., 1968, გვ.407–415.

ლიტ. : გ ა ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი  ე., ასურელი მოღვაწეების „ცხოვრებათა" ე. წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1982, № 4; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956.

ე. გაბიძაშვილი