თირის მონასტერი

თირის მონასტერი

თირის მონასტერი, XIII ს. 80-იანი წლების სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის ჩრდ.-დას-ით მე-9 კმ-ზე, სოფ. ქვემო მონასტერთან (ძველად – სოფ. თირი), მდ. ლიახვის ერთ-ერთი შენაკადის „თირისწყლის" („მუმლის წყალი") ხეობაში, გრძელი ქედის სამხრ. კალთაზე. განთავსებულია ქარაფების გაყოლებით შექმნილ ტერასებზე. ძეგლი ცნობილია მხოლოდ მონასტრის სახელითაც, მაგრამ ისტ. წყაროებსა და ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც თ. მ.

თ. მ-ის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში გაერთიანებული იყო სხვადასხვა დროისა და დანიშნულების საკულტო, სამეურნეო და საცხოვრ. ნაგებობები: ღვთისმშობლის ეკლესია სამხრ. და ჩრდ. მინაშენებით, სატრაპეზო, სამრეკლო, „საიკონომოსო", კლდეში ნაკვეთი მღვიმეები და ბერთა საცხოვრ. სენაკები, გალავნის კედელი და კოშკი. ეკლესიისა და სამრეკლოს გარდა, დანარჩენი ნაგებობები ნანგრევების სახითაა მოღწეული. შენობები ძირითადად ნაგებია ბაზალტის თლილი ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვა.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა აღმ-ით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევრადოვალური მოხაზულობის განიერი საკურთხევლით, რ-ის ღერძზე და სამხრ. კედელზე გაჭრილია თაღოვანი სარკმლები. ერთი საფეხურით ამაღლებულ საკურთხეველს ნავისგან ყოფს დეკორატიულად გაფორმებული ხუთთაღიანი კანკელი (იგი ხელმეორედაა აწყობილი უსისტემოდ). თავდაპირველად ეკლესიას ჩრდ.-აღმ. ჰქონდა მცირე ზომის სამკვეთლო. საკურთხეველში და აქა-იქ კედლებზე შემორჩენილია XIV–XV სს-ით დათარიღებული მონუმენტური კედლის მხატვრობის ნაშთები.

ნავის დას. ნაწილში კედლით გამოყოფილია სადგომი, რ-იც ნავს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელით, ხოლო მის ორსავე მხარეს კედელში ჩაჭრილია თახჩები, ქვეშ ამაღლებული ბაქნებით; სადგომს ცალკე შესასვლელი აქვს სამხრ-იდან. ეკლესიის აღმ., დას. და სამხრ. კედლებზე გაჭრილია 9 თაღოვანი და მრგვალი სარკმელი. ეკლესიის ფასადები (გარდა ჩრდ-ისა) და კარ-სარკმლები უხვადაა შემკული ორნამენტით.

თ. მ. თავის დროზე შეძლებულ საეკლ. სენიორიას წარმოადგენდა, რ-იც ფლობდა სოფლებს და ყმა-მამულს. მონასტრის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ ქართვ. მეფეები, ფეოდ. საგვარეულო ოჯახები: თავხელიძეები, თაქთაქიძეები, მაჩაბლები.

თავხელიძეთა საგვარეულომ XIV ს. ბოლო მეოთხედში ღვთისმშობლის ეკლესიის დას-ით მთის ფერდზე ააგო ქვის ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული დაბალი კუბია, ხოლო მეორე სართული – ცხრამალიანი ფანჩატური სფერული გუმბათითა და კონუსური სახურავით. ფანჩატურზე ასასვლელი ქვის კიბე განთავსებულია გალავნის კედელთან სამხრ.-აღმ-ით. პირველი სართულის აღმ. კედელზე, თაღოვანი შესასვლელის ტიმპანზე ჩაკვეთილია ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რ-შიც მოხსენიებული არიან სამრეკლოს მაშენებელი ქტიტორები – რატი, ასათ, ხელა და მაჩაბელ თავხელიძეები. XV ს. პირველ მეოთხედში ეკლესიას სამხრ.-აღმ-ით მიაშენეს საგვარეულო საძვალე კარიბჭით, დაადგინეს მნათე სათანადო შემოსავლით და ეკვდერი აკურთხეს „ბორტის ღვთისმშობლის სახელზე" (ეკლესიაში დავანებული ყოფილა შემოწირული ძვირფასი საეკლ. ნივთები, მათ შორის „ბორტის ღვთისმშობლის" სახელით ცნობილი ხატი: მონასტერს ზოგჯერ „ბორტის ღვთისმშობლის შობის" სახელითაც მოიხსენიებდნენ); გარდა ამისა, ისინი თ. მ-ის სახელით შესაწირავებით (ზეთი, საკმეველი, ფლური) ეხმარებოდნენ იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს, რაც აღნუსხულია „გოლგოთის სვინაქსარის" მინაწერში და ჯვრის მონასტრის სვინაქსარის აღაპებში.

XVI–XVII სს. თ. მ. „სასაფლაოდ, სამკვიდროდ და სამამულოდ" გადაეცათ თაქთაქიძეებს. ეკლესიის სადგომის დას. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილ 1682 მხედრული წარწერის მიხედვით, რუისის მთავარეპისკოპოსმა ფილიპე თაქთაქიძემ და მისმა ძმებმა ელიზბარ და არდაშელმა ეკლესიის ჩრდ.-აღმ-ით მდებარე მცირე ზომის სამკვეთლო გააფართოვეს კლდეში ჩაკვეთილი წმ. ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი საგვარეულო საძვალით.

მონასტერი სამაჩაბლოში მდებარეობს და, როგორც ჩანს, რომელიღაც პერიოდში იგი მაჩაბელთა გვარის მფლობელობაშიც იქნებოდა (ეკლესიაში თაქთაქიძეებთან ერთად გვხვდება მაჩაბელთა საფლავის ქვები).

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ შორისაა თ. მ. რ-ის სახურავი ომის შემდეგ ჩაიქცა, რამაც ინტერიერში შემორჩენილი ფრესკები მნიშვნელოვნად დააზიანა. 2013 ეკლესია გადაიხურა თუნუქის ფურცლებით.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 5, თბ., 1974.

ლიტ.: ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976; გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1976; მეგრელიძე ი., სტალინირისა და ზემო ნიქოზის სიძველეები, სტალინირი, 1952; Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.

ნ. ანდღულაძე