გომიაშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე

ა. გომიაშვილი

გომიაშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (15. VII. 1911, ახლანდ. დაბა სტეფანწმინდა, – 13. III. 1997, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ (1933). 1938–40 იყო ჟურნ. „მნათობის" პოეზიის განყ-ბის გამგე, 1946–50 – საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის პ/ მგ მდივანი, 1951–64 – საქართვ. ლიტფონდის დირექტორი, 1967-იდან – გამომც. „ცოდნის" დირექტორი, 1971–87 – წიგნის პალატის დირექტორი. მისი პირველი ლექსი „მთის ბალადა" ჟურნ. „ქართულ მწერლობაში" გამოქვეყნდა 1929, პირველი პოეტური კრებ. „ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა" – 1931. ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: „ქართველო, ხელი ხმალს იკარ!" (1943), „დასაწყისი განთიადისა" (1946), „მშვიდობის ჯარისკაცი" (1950) და სხვ. პატრ. მოტივს ეძღვნება მისი არაერთი ლექსი და პოემა: „დავითიანი დაღესტანში" (1953), „ხევის პატარძალი" (1955), „ადგილის დედა" (1956), „ამბავი სამასი არაგველისა" (1958) და სხვ. გ-ის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „ანდეზიტის სიმღერა" (1932), „ლექსები" (1933, 1937, 1978), „დარიალი" (1940), „ბალადები" (1946, 1958), „ლექსები და ბალადები" (1960), „ძვლები და კლდეები" (1964), „ფიცი" (1976) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1972; რჩეული, თბ., 1969 (გამოც. მე-2, 1983).

ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  გ., ალექსანდრე გომიაშვილის ბალადები, «მნათობი », 1958, №11; ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი  გ., ალექსანდრე გომიაშვილის პოეზია, წგ.: თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1976.