თლიის სამაროვანი, გვიანდ. ბრინჯაოსა და რკინის ხანის (ძვ. წ. XII–VII სს.) არქეოლ. ძეგლი სოფ. თლიის ტერიტორიაზე (ჯავის მუნიციპალიტეტი). მცირე მასშტაბით არქეოლ. გათხრები მიმდინარეობდა 1889 (ხ. კანიუკოვი), 1890 (ვ. დოლბეჟევი, ფ. ჰეგერი), 1891 (პ. უვაროვა). 1955-იდან მიმდინარეობდა სისტემ. არქეოლ. გათხრები (ბ. ტეხოვი). ორმოსამარხებსა და ქვის სამარხებში მიცვალებულები იწვნენ მარჯვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ ბრინჯაოს იარაღი (ცულები, სატევრები, შუბისპირები), სამკაული (აბზინდები, ბალთები, მშვილდსაკინძები, საკისრე რგოლები, სამაჯურები, დუგმები, ღილები, მძივები და სხვ.), ჭურჭელი (სიტულები, თასები, ტოლჩები), მცირე რაოდენობით რკინის ნივთები (აკინაკი, სატევარი, მოხრილი დანები, შუბისპირები, მშვილდსაკინძები); სარდიონის, მინისა და პასტის მძივები; ცოტა თიხის ჭურჭელი. ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი შემკულია ცხოველის გამოსახულებიანი (ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი) და გეომ. (სვასტიკა, „მალტური" ჯვარი, სხივიანი წრეები და სხვ.) ორნამენტით, ზოგი კი მოხატულია ურარტული და სკვითური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სტილით, თ. ს-ზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალა დას. საქართველოსა და ყობანის სამაროვნის ნივთების მსგავსია. თ. ს. კოლხური კულტურის გავლენის სფეროს განეკუთვნება. მოსახლეობა, რ-საც თ. ს. ეკუთვნოდა, გვაროვნული წყობილების საფეხურზე იდგა. სამაროვნის არსებობის ბოლო საუკუნეებში გაძლიერდა გვაროვნული წყობის დაშლის პროცესი.
მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, განვითარებული იყო ბრინჯაოს მეტალურგია. რკინის ფართო წარმოებაზე გადასვლა მხოლოდ ძვ. წ. VII ს. დაიწყო.
თ. ს-ის მასალა დაცულია მოსკ. ისტ. მუზეუმში, ცხინვალსა და ვენაში.
ლიტ.: Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971.
ლ. ფანცხავა