თმოგვი

თმოგვი

თმოგვი, ციხე-ქალაქი ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობდა მტკვრის ორივე სანაპიროზე, ციხე კი მარცხ. ნაპირის მიუვალ კლდოვან მთაზეა აგებული. გალავნის შიგნით არის ეკლესია, საცხოვრ. და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, მტკვარზე ჩამავალი გვირაბი, ორი ღრმა ორმო წყლისათვის. დას-ით სამ საფეხურად განლაგებული კედელბურჯებია ამოშენებული. კლდის დედაციხის შემოზღუდული მცირე ფართობი კოშკებსა და სხვა ნაგებობებს უკავია. ციხის გალავნის გარეთ, დას-ით, კლდეში გამოკვეთილია წმ. ეფრემის ეკლესია, რ-ის კანკელიც კლდეშივეა ნაკვეთი. ციხის კარიბჭესთან გუმბათჩამონგრეული მეორე ეკლესიაა საკურთხეველში მოხატულობის ნაშთით. იგი XIV ს. დასაწყისით თარიღდება.

ციხეზე ძირითადად გამოიყოფა მშენებლობის ორი ფენა. თავდაპირველად მშენებლობა ტუფის გათლილი, თანაბარი კვადრებით დაუწყიათ (რეგულ. წყობა). მეორე, გვიანდ. მშენებლობის ფენა კი უხეში, ფლეთილი ქვის ნარევი წყობითაა ნაგები.

ნაქალაქარი მტკვრის ორივე მხარესაა, ორივეგან სასახლის ნაშთებით. მარცხ. სანაპიროზე მდებარე სასახლე მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვნივ კი XIV ს-ით დათარიღებული ნასახლარია. აქვეა ქვითა და ქართ. აგურით ნაგები სამსათავსიანი აბანო. მტკვარზე ორგან ნახიდარი შეიმჩნევა. ერთი მათგანი ორ სასახლეს შორის ყოფილა გადებული, მეორე, სატრანსპ. ხიდი, უფრო ქვემოთ იყო და ქალაქის ორ ნაწილს აკავშირებდა.

თ-ის დაწინაურება და მისი ციხედ გადაქცევა უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც წუნდა, როგორც ჯავახეთის საერისთავოს ცენტრი, მოიშალა. სავარაუდოდ, ეს მოხდა IX ს-ში, გვარამ მამფალის დროს, რ-საც „დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა", – მოგვითხრობს „მატიანე ქართლისა". ციხე აკონტროლებდა ისტ. საქარავნო გზას, რ-იც ბიზანტიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა, შემდეგ კი მუსლ. აღმოსავლეთის ქვეყნებს უკავშირდებოდა. აქაურ ვიწროებში იგი საიმედოდ კეტავდა ზედა თმოგვისაკენ მიმავალ გზასაც, რ-იც შემდეგ ბუზმარეთსა და ნიალის ველზე გადადიოდა. თ-ის ციხე წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 914 არაბთა შემოსევისას. „მატიანე ქართლისას" ცნობით, არაბმა სარდალმა აბუ ლ-კასიმმა მოაოხრა ქართლი, სამცხე და ჯავახეთი, მოადგა თ-ის ციხეს და, რა იხილა მისი სიმტკიცე, უიმედოდ ჩათვალა ბრძოლა და ციხეს გაეცალა. არეშტის სტელის წარწერის მიხედვით საფიქრებელია, რომ თ. კუმურდოსთან ერთად IX ს. ბოლოსა და X ს. I ნახ-ში ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ, შემდგომში კი ის სამეფო ციხე უნდა გამხდარიყო. სუმბატ დავითის ძის ცნობით, ბაგრატ III-მ თავისი მამიდაშვილები სუმბატი და გურგენი თ-ის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი 1011–12 წლებში გარდაცვლილან.

ისევე როგორც ყველა ფეოდ. ხანის ციხესიმაგრეს, თ-საც თავისი შესავალი საციხისთავო ქვეყანა ჰქონდა. ეს იყო, პირველ ყოვლისა, მის მახლობლად არსებული სოფლები, ძირითადად მტკვრის კანიონის ორივე ნაპირზე. ამ ერთიანობას ქართ. წყაროთა მიხედვით ერქვა „ციხე-ქვეყანა". საქართვ. მეფეები თ-ის ციხე-ქვეყანას თავის ერთგულ მოხელეებს აძლევდნენ ხოლმე პირად მფლობელობაში. XI ს. წყაროებში ჩანს ფარსმან თმოგველი, რ-საც „მატიანე ქართლისა" მოიხსენიებს „ციხეთა უფალთა კაცთა" შორის. მისი წოდება „თმოგველი" მიუთითებს, რომ იგი იყო თ-ის, მაშინდელი ჯავახეთის უმნიშვნელოვანესი პუნქტის, მფლობელი. როგორც ჩანს, ზედა თმოგვისა და სათხის ეკლესიათა წარწერებში ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოხსენიებულია ჯავახეთის ერისთავი. ფარსმანი პირველი თმოგველია, რ-იც წყაროებში იხსენიება. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მხარგრძელებამდე ფეოდალები, რ-თაც მეფე თ-ს უბოძებდა, თმოგველებად აღარ იწოდებიან. ეს უნდა მიუთითებდეს ფარსმანის განსხვავებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა მის ადგილობრივ წარმოშობასა და სამამულო მფლობელობაზე.

1073 მეფე გიორგი II-მ თ. ნიანია ქვაბულის ძეს მისცა, შემდეგ კი იგი მისი ძის, კახაბერის მფლობელობაშია. 1089, აღდგომას მომხდარი მიწისძვრის დროს, თ-ის ციხე დანგრეულა, იქვე დაღუპულა კახაბერ ნიანიას ძე ცოლითურთ. თამარის მეფობაში თ. გადაეცა სარგის ვარამის ძე მხარგრძელს. ამის შემდეგ მხაგრძელთა აღნიშნული შტო დიდი ხნით იმკვიდრებს თ-ის მფლობელობას, რასაც ასახავს მათი ზედწოდებაც – „თმოგველები". XIII ს. დასაწყისში ისინი დაეპატრონენ ვანის ქვაბთა მონასტერსაც და თავიანთი თმოგვი. ციხე სამამულო სამფლობელოს ჩამოყალიბება-გაფართოება ამ მონასტრისათვის ახ. ტიპიკონის შედგენით დაიწყეს. მათი მამულებიდან ვანის ქვაბთა მონასტრის განგების მინაწერებში კონკრეტულად დასახელებულია მიწები ფიაში, მირაშხანში, ზედა ვარძიაში, რ-ებიც თმოგველებს მონასტრისათვის შეუწირავთ.

XIII ს. ბოლოსათვის თმოგველთა ძლიერება თანდათან დაეცა. XIV ს. I ნახ-ში ისინი ჯავახეთში აღარ არიან. ამ დროს უნდა გულისხმობდეს „ვეფხისტყაოსნის" ეპილოგის ერთი სტროფი, რ-იც პოემის გამგრძელებელს მიეწერება: „ეს ამბავი დარჩენოდა სარგისს ლექსთა შეუწყობლად, აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად". აქ თმოგვისა და მისი შესავალი ქვეყნის თმოგველთაგან მიტოვებაზეა საუბარი.

შემდგომში თ-ისა და ვანის ქვაბებს ღარიბასძენი დაეპატრონენ. თ-ის 1350 წარწერა გვაუწყებს, რომ მურვან კვითხის ძეს, მეფის საწოლის მწიგნობარს, თ-ის ზღუდე აუშენებია.

მეფის მოხელე მურვანი ღარიბასძეთა საგვარეულოს წარმომადგენელია და ისიც თ-ისა და მისი მიმდგომი ქვეყნის მფლობელად ჩანს. ვარაუდობენ, რომ მან XIV ს. დასაწყისში თავის საძვალედ ააგო თ-ის კარიბჭის გუმბათიანი ეკლესია. მისი შთამომავლები იხსენიებიან ვანის ქვაბთა მონასტრის ტიპიკონის გვიანდელ მინაწერებში.

XIV ს. 30-იან წლებში მაჰმადიანური სამთავროებისაგან შევიწროებულმა სომხურმა მოსახლეობამ ჯავახეთს მოაშურა. სომხ. მოსახლეობის კვალი წუნდისა და თ-ის სიახლოვეს ჩანს მემორიალური ქვაჯვრების მიხედვითაც (ისინი შემორჩენილია აქაურ საფლავებზე) მათი წარწერები 1356–1425 თარიღდება.

XV ს-იდან სამცხის ათაბაგებმა ჯავახეთიც დაიპყრეს. ამის შემდგომ თ-ის ქვეყანაშიც გამოჩნდა მათი ნაკვალევი: ვანის ქვაბთა მონასტრის განგების XV–XVI სს. მინაწერებში ათაბაგების შეწირულობანიცაა აღნიშნული. ივანე ათაბაგს „თმოგუს მისი საპატრონოსა ტაბღისაგან" 1500 თეთრი შეუწირავს.

XVI ს. მცხეთის ეკლესიის სამწყსოსა და საქონებლის სიიდან ჩანს, რომ ძველ მემამულე ფეოდალთა მიწებს ახ. მფლობელები გასჩენია. ჩვენთვის საინტერესო რეგიონში ჩანან: „თმოგუელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკაშვილთა ელისბაალს და იოთამს აქუს. ბულღადარასშვილნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა რჩეულაანთა და ფროდიანთა აქუს"... ძვ. თმოგველთა სამფლობელოში ახლა ორი ფეოდ. საგვარეულო ჩანს: შალიკაშვილებისა და რჩეულაშვილების სახით. ამ უკანასკნელთა ხელში უნდა ყოფილიყო ვანის ქვაბთა მონასტერიც, რ-ის მინაწერებში ისინი ხშირად ფიგურირებენ.

1521–25 ერთი თურქ. დოკუმენტის მიხედვით, „თმოგვის ციხე საკმაოდ ცნობილი და მიუვალი ციხეა... იმ თმოგვის წყლის ზემო წელში მგელციხედ წოდებული მტკიცე ციხეა. ისიც თმოგვის ნაჰიეს ექვემდებარება. თმოგვის ციხის პატრონს ელიზბარს უწოდებენ... და იმ ურჯულო ყვარყვარეს მეტად სახელოვანი აზნაურია".

XVI ს. ბოლოს ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრ. საქართველოში თ. ახალქალაქის ლივაში შემავალი ნაჰიეს ცენტრი იყო. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, თმოგვის ნაჰიე მოიცავდა მტკვრის კანიონის სოფლებს ნაქალაქევიდან მოყოლებული სამხრეთისაკენ სოფ. ვაშლობის ჩათვლით, 22 სოფელსა და ნასოფლარებს. ოსმ. ადმ. დანაწილებით, აღნიშნული ნაჰიე იყო ძვ. თმოგვის ციხე-ქვეყანა, საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სამეურნეო, ადმ.-ტერიტ. ერთეული.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  დ., ვარძია და თმოგვის ციხე-ქვეყანა, «ძეგლის მეგობარი», 1988, N2; ს ხ ი რ ტ ­ ლ ა ძ ე  ზ., ღმრთისმშობლის მიძინების კომპოზიცია კუმურდოს ეკლესიაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1992, ტ. 2.

დ. ბერძენიშვილი