გონაშვილი ჰამლეტ დიმიტრის ძე (20. VI. 1928, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1985, თბილისი), მომღერალი, ქართ. ხალხური სიმღერების შემსრულებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1950–53 სწავლობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტში – ერთდროულად კინოსამსახიობო და თეატრმცოდნეობის ფაკ-ტებზე. 1973 დაამთავრა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყ-ბა. 1953–69 გ. საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლის წამყვანი მომღერალი იყო. მან ბუნებრივად გააგრძელა თავისი წინამორბედების (ცნობილი მომღერლის ვ. მჭედლიშვილისა და სხვათა) მიერ დამკვიდრებული ტრადიცია – სიმღერის დაახლოება პირველწყაროსთან, თვითმყოფ სოფლური შესრულების მანერასთან. 1969–85 გ. ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლ „რუსთავში" მოღვაწეობდა. იგი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახური, ისე იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მეგრ. და აფხ. ხალხ. სიმღერებს. როგორც წესი, ასრულებდა მთქმელის პარტიას. მათგან ქართული ხალხ. სიმღერის ოქროს ფონდში დამკვიდრდა: „წინწყარო", „გუშინ შვიდნი გურჯანელნი", „ჭონა", „შავი შაშვი", „რომელნი ქერუბიმთა", „წმიდაო ღმერთო", „გაფრინდი, შავო მერცხალო" და სხვ. ფოლკლორული ნიმუშების გარდა, გ. წარმატებით ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა სიმღერებსაც.
დოკუმენტური ფილმი „ჰამლეტ გონაშვილი“, რეჟისორი მერაბ გვანცელაძე, ქართული ტელეფილმი, 1988: https://www.youtube.com/watch?v=UgvhXx8Avo4
გ-ს ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება. მისი შემოქმედება ქართ. და დას. ევროპის კლასიკური მუსიკის ესთეტ. იდეალების ერთგვარი სინთეზია. ანსამბლთან ერთად კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.
ე. გარაყანიძე