თორდია ვაჟა (პანტიკო) შალვას ძე (დ. 22. I. 1935, სოფ. ზედა ეწერი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ავიამშენებელი ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1991), თბილ. საავიაციო ინ-ტის პროფესორი (2002), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (1983), თბილ. საპატიო მოქალაქე (2000). 1967 დაამთავრა ქ. სარატოვის (რუსეთი) პოლიტექ. ინ-ტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილ. საავიაციო ქ-ნაში ინჟინრად, 1978-იდან იყო ამავე ქ-ნის დირექტორი, 1985–91 – სახელშეცვლილი ქ-ნის – თბილ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენ. დირექტორი, 1991–92 – საქართვ. მრეწველობის მინისტრის მოადგილე, 1993–98 – საქართვ. პრეზიდენტის მრჩეველი, 1998-იდან – ისევ თბილ. სახელმწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების, 2000-იდან კი – შპს „თბილავიამშენის" გენ. დირექტორი, 2002–08 – სააქციო საზ-ბა „თბილავიამშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 2008–13 – შპს „თბილავიამშენის" დირექტორი.
თ-ს უშუალო ხელმძღვანელობით ქ-ნაში დაიწყო რეაქტიული მოიერიშე სუ-25 თვითმფრინავების, მისი მოდიფიკაციებისა და „ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტების სერიული წარმოება. მისივე თაოსნობით ჩატარდა საწარმოს ტექ. გადაიარაღების, კომპიუტერიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესები.
თ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის, რაციონალიზატორული წინადადებისა და არაერთი გამოგონების ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2002).