1. ხელის ცეცხლსასროლი იარაღი, „ცეცხლის სასროლი, ხელმეხა ქართულად ჰქვიან" (ს.-ს. ორბელიანი). ევროპული ისტ. დოკუმენტები ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას XIV ს. I ათწლეულით ათარიღებენ, თუმცა XIII ს-ში არსებობდა არაბული ცეცხლსასროლი იარაღი ე. წ. „მოდფა".
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი XV ს-ში გამოჩნდა. სავარაუდოდ იგი პირველად დას. საქართველოს სანაპიროზე ბურგუნდიელებმა გამოიყენეს 1445, ხოლო ოსმალებმა 1479 არტილერია იხმარეს ქართული ციხესიმაგრეების წინააღმდეგ. მიიჩნეოდა, რომ თ. პირველად 1489 კოჯრის ციხის აღებისას გამოიყენა აყ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანთა) ლაშქარმა. როგორც აღმოჩნდა, თეთრბატკნიანებმა მანამდეც, 1485, არტილერიის გამოყენებით აიღეს ახალციხე.
XVI ს. II ნახ-იდან ქართული ციხე-სიმაგრეების არქიტექტონიკაში სათოფურები მკვიდრდება. სათოფურები საცხოვრებელ სახლებსაც ჰქონდა (მთიულეთ-გუდამაყარი, ხევსურეთი, სვანეთი და სხვ.) დატანებული. XVI ს. 80-იან წლებში მოსახლეობის თ-ით აღჭურვილი იყო მხოლოდ 4 %, XVII ს. დამლევისათვის კი ცეცხლსასროლი იარაღის ხვედრითი წილი მოსახლეობაში 1/3–ის ფარგლებში მერყეობდა, ყოველ შემთხვევაში 40 %-ს არ აღემატებოდა. XVIII ს. დამდეგიდან ცეცხლსასროლი იარაღი საყოველთაოდ ვრცელდება.
ცეცხლსასროლი იარაღის (თ-ის) განვითარების ისტორია ჩახმახის კონსტრუქციის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად იყოფა: 1. ფითილიანი 2. გორგოლაჭიანი, 3. კაჟიანი, 4. ფისტონიანი, 5. სახაზინო დასატენი ნემსიანი შაშხანა.
საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ფითილიანი და გორგოლაჭიანი თ-ები, შეიძლება ითქვას, არ უწარმოებიათ. ძირითადად გამოიყენებოდა იმპორტირებული (ოსმალეთი, ყირიმი) იარაღი, ხოლო XVII-XVIII სს-იდან, კაჟიანი თ-ების ეპოქიდან, ვითარება იცვლება. საქართველოში და ზოგადად კავკასიაში იწყება ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება და XVIII ს-ში უკვე ყალიბდება კაჟიანი თ-ების კავკასიური ტიპი, სადაც საპატიო ადგილი ქართულ იარაღს უჭირავს. ამ პერიოდში უკვე ვხვდებით სხვადასხვა დასახელების კაჟიან და ფისტონიან თ-ებს: სიათა, მაჟარი, ოსტამული, გველისტუჩა, მაჭახელა, თოფხანე, ნალფარა, ერჯიბი, ბაზალა, მუსტაფა, ჯაზაირი, ხარა, ჩარმა, ხოროსანი, ქოფაჩი, ფილთა, არშავიანი, ბურა, ძეგლიგი, თურგანი, ჩაქალოზი, ხირიმი, მოგვიანებით ყარაბინი და სხვა.
თ-ის წარმოებაში ყველაზე რთული ლულის დამზადება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლულა ადგილობრივადაც მზადდებოდა, რასაც მოწმობს ბათუმისა და მესტიის მუზეუმში დაცული ლულის საბურღი დაზგები, იგი მაინც დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ჩრდ. კავკასიიდან, ყირიმიდან, ოსმალეთიდან და ევროპიდან. მაგ., საქართველოში ცნობილი თ-ის სახელწოდება „მუსტაფა", რ-იც მეფე ერეკლე II-ის თოფზეც იხსენიება (,,მტერ[ო] გძლევ აჯი მუსტაფით" „მეფე ირაკლი ჭეშმარიტ შემწეობით"), მომდინარეობს დაღესტნელი (ჩრდ. კავკასია) მეიარაღე ოსტატისგან, ჰაჯი მუსტაფასგან, რ-ის დამზადებული ლულები იმდენად პოპულარული იყო, რომ თავად თოფსაც „მუსტაფას" ეძახდნენ. მეფე ერეკლეს „მუსტაფა" თ-ის ლულა დაღესტნურია, ხოლო დანარჩენი დეტალები დამზადებულია ადგილობრივად.
XVIII ს-ში ლულები დიდი რაოდენობით შემოდიოდა ყირიმიდან და სწორედ ყირიმულ ლულაზე აწყობილ ქართულ თ-ს დაერქვა შესაბამისი სახელი _ „ხირიმი" ანუ „ყირიმი", რ-იც პოპულარობით სარგებლობდა. ეს სახელი მეფე ბაქარის თ-ის წარწერაშიც იხსენიება: „თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისავო", „თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად". ეს თ. ისტ. მოვლენას უკავშირდება, როდესაც ბაქარ ბატონიშვილმა და კახეთის მეფე კონსტანტინემ „ჰყვეს პირი ერთობა-სიყვარულისა", მაშინ ბაქარმა თ. საჩუქრად გადასცა მეფე კონსტანტინეს.
ხირიმი არის კაჟიანი თ. რ-იც შედგება ლულის, კონდახისა და ჩახმახისაგან. ლულა ზის კონდახის ღარში და ჩამაგრებულია სამი ან ოთხი სალტით. ყირიმული ლულა რვაწახნაგიანია. ლულასთან ახლოს ოქროზარნიშით შესრულებულია გეომეტრიული ორნამენტები, ხოლო ზედა წახნაგზე დატანილია ხუთკუთხიანი დამღა, რ-იც ძალზე ხშირად ოქროს ფურცლითაა დაფარული. ჩახმახი შედგება ჩახმახის ყბისაგან, კვესისაგან, ზამბარისა და სასხლეტი რკალისაგან. ხირიმის თ-ებს და საერთოდ ქართულ ან თუნდაც კავკასიურ თ-ებს წვრილი, განივკვეთში ოვალური ფორმის კონდახები ჰქონდათ, რ-ებიც უმეტეს შემთხვევაში ძვლის (სპილოს ან ლომვეშაპის) დუგლუგებით ბოლოვდებოდა. კონკრეტულად ქართული თ-ებისთვის ძალზე დამახასიათებელი იყო დუგლუგზე გადაჭიმული მოზარნიშებული ან მოსევადებული ლითონის სალტე, ასევე ძვლის ინკრუსტაცია სასხლეტ რკალთან და სხვ. გასროლა ხორციელდებოდა შემდეგნაირად: ლულის ტუჩიდან იტენებოდა დენთი, ტყვია და ძონძი, ჩახმახის საფალიე დაფაზეც იყრებოდა ცოტაოდენი დენთი და ეხურებოდა კვესი. ამის შემდეგ შეაყენებდნენ ჩახმახს. სასხლეტი რკალის გამოკვრით მოქმედებაში მოდიოდა დაჭიმული ზამბარა და ჩახმახის ყბა მასში ჩამაგრებული კაჟით ძლიერად ეცემოდა კვესს, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაპერწკალი. კვესი ანჯამის საშუალებით გადავარდებოდა უკან და ნაპერწკალს საფალიე დაფაზე მოხვედრის საშუალებას აძლევდა, სადაც აალებული დენთი შეაღწევდა ლულაში და ხდებოდა გასროლა. კაჟიანი თ-ის სროლის სიშორე (მომაკვდინებელი) 100-150 ნაბიჯი იყო.
ისტ. დოკუმენტების მიხედვით ჩახმახებს ამზადებდნენ თბილისში, ცხინვალში, ოზურგეთში და სხვ. მაჭახელაში (აჭარა) არჩევდნენ თ-ის ორ სახეობას: თოხანასა და ნალფარას. თოხანას ხრახნიანი ლულა და გარედან დამასკური ფოლადის სტრუქტურული ორნამენტი ჰქონდა. მაჭახელამ სახელი გაითქვა საქართველოსა და თურქეთში. გამოყოფდნენ სვანურს – „ლუშნუ თვეფე", ფშაურს და თუშურ თ-ებს. ადგილ. წარმოების თ-ები XIX ს-ში ქარხნული წარმოების რუსულმა და ევროპულმა თ-ებმა შეცვალა.
საქართვ. სახელმწიფო სამხ. სამეცნ.-ტექ. ცენტრმა „დელტამ" შეიმუშავა და 2015-იდან აწარმოებს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექ. მახასიათებლების მქონე 8 მოდიფიკაციის სნაიპერულ შაშხანას „სატევარს", რ-იც წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ იარაღს სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ, შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხ. დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
საქართვ. ეროვნულ მუზეუმში დაცულია ადგილობრივი წარმოებისა და შემოტანილი თ-ების დიდი კოლექცია, ლულის დასამზადებელი დაზგები, საპირისწამლეები, პატრონტაშები და სხვ. აქვეა ერეკლე II-ის მეორე თ-ც, წარწერით „ქ.[ქრისტე] ირაკლის სიქადულო საძლეველო მტერთა ჯვარო ქრისტესო", აგრეთვე ქართველი მეფეების არჩილის, ბაქარის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ისა და გიორგი XII-ის თ-ები, რ-თაც ქართული წარწერები ამშვენებთ. იხ. აგრეთვე სტ. იარაღი.
ლიტ.: კახაძე ნ., „მაჭახელის ხეობა", თბ., 1974; ქაფიანიძე მ., ქართველ მეფეთა და წარჩინებულთა თოფები (საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია), «საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე», ტ. 2 (47-B) თბ., 2011; ჩოლოყაშვილი კ., თოფი ქართული წარწერით, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე» 1953, ტ. 17; წურწუმია მ., საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის საკითხისათვის, «ქართველოლოგია», თბ., 2011, № 2; მისივე, ცეცხლსასროლი იარაღი XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში, «საისტორიო კრებული» ტ. 4, თბ., 2014; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის" [ტ.] 3–4, თბ., 1962.
მ. ქაფიანიძე
კ. ჩოლოყაშვილი
2. სიგრძის საზომი ერთეული. XVIII ს-ში საქართველოში თ-ით იზომებოდა ქსოვილი. თ-ის სიდიდე იყო 8–10 ადლი (დაახლ. 8–10 მ).