თაბალი

თაბალი, გვიანხეთური სამეფო მცირე აზიაში ძვ. წ. I ათასწლეულში. ძველაღმოსავლური (ასურული, იეროგლიფურ-ლუვიური) წერილობითი წყა­როების მიხედვით, მდებარეობდა დიდი კაპადოკიის ტერიტორიაზე (მდ. სეიჰანის ზემო დინებასა და მდ. ჰალისის შუა დინებას შორის).

თ. პირველად მოიხსენიება ასურეთის მეფის სალმანასარ III-ის (ძვ. წ. 859–824) დროინდელ წერილობით ძეგლებში. ტერმინ „თაბალის" წარმომავლობის შე­სა­ხებ არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი „თუბალ", „ჲაბალ", „ჲუბალ", „ტიბარენ" სახელწოდებებთან „თაბალის" იგივეობის შე­სა­ხებ (ჟ. სიური, ჰ. ჰელცერი, ო. შრადერი, ი. გიპერტი და სხვ.). ქართ. ისტორიოგრაფიაში „თაბალს" ადრევე უკავშირებდნენ ქართველური ენების „ტაბა", „ტბა", „ტიბა", „ტუბა" სიტყვას. იყო მცდელობა „თაბალის" პარალელურ ფორმებად მიჩნეულ ტერმინებში („თუბალ", „თობელ", „ჲაბალ", „ჲუბალ", „ტიბარენ") დადასტურებული ფონეტ. ხასიათის ცვლილებები ქართველური ენების მეშვეობით აეხსნათ (ივ. ჯავახი­შვი­ლი, ს. ჯანაშია, ა. შანიძე, გ. მელიქი­შვი­ლი, თ. მიქელაძე, გ. თოფურია და სხვ.). ი. გელბმა „კაპადოკიურ" ფირფიტებში მოხსენიებული გეოგრ. სახელწოდება Tibera კითხვის ნიშნით დაუკავშირა „თაბალ", „თუბალ", „თობელ", „თობერს", ნარამსუენის წარწერაში ნახსენებ Tibar-ს, ხეთური წყაროების Tipâl-ს და „ტიბარენს". ე. კავენიაკის აზრით, „თაბალ" ტერმინი ძვ. ანატოლიური წარმომავლობისაა. ე. ჰერცფელდი თვლიდა, რომ „თაბალ" დასაკავშირებელია ტიბარების-ტიბარენების სახელწოდებასთან და შუმერულ Tibira-სთან, რ-იც ე. წ. „მეფეთა სიაში" წარღვნამდე არსებულ ხუთ უძველეს ქალაქს შორის იხსენიება. ი. დიაკონოვი მართებულად არ მიიჩნევს „ტბა"-დან „თაბალის" წარმოშობას და არც „თაბალ-ტიბარენის" ტერმინოლოგიური იგივეობის თეორიას იზიარებს (მისი აზრით „ტიბარენების" სახელწოდება შეიცავს ხეთურ წყა­როებში მოხსენიებული ერთ-ერთი ქასქური ტომის Tipia-Tibia-ს სახელწოდებას და კავკ. ენებში მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელ -ar სუფიქსს). „თაბალს" უკავშირებენ აგრეთვე ხეთურ-ლუვიური ონომასტიკონის ზოგიერთ სახელწოდებას (ხეთური „თაფალის მთა", „თაფალის მთის ღვთაება"; ლუვიური Tapalazunauli, Tapalaziti, Tapala-Datta; ლიდიური Tabílos და სხვ.). აზრთა სხვა­დასხვაობაა თ-ის მოსახლეობის ეთნ. წარმომავლობაზეც. ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსმა სცადა ბიბლიური „თობელი" თობელელთა ანუ თ-ის მოსახლეობის ეთნარქოსი გენეტიკურად ქართულ სამყაროსთან დაეკავშირებინა. იგი წერდა: „თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ". თობელ-იბერის იგივეობის ფლავიუსისეული თეორია გვიანდ. ხანის ავტორებმაც გაიზიარეს (ევსტათი ანტიოქიელი, ეპისკოპოსი თეოდორიტე, ლეონ გრამატიკოსი, იოანე ზონარა და სხვ.). XIX ს-ში ევრ. და ქართ. ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი თ-ის მოსახლეობის ქართ. წარმომავლობის შე­სა­ხებ (ივ. ჯავახი­შვი­ლი, ს. ჯანაშია და სხვ.). გ. მელიქი­შვი­ლის აზრით, ტიბარენულ და თაბალურ ტომთა ეთნ. იგივეობაზე გადაჭრით ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ თაბალელთა ერთ-ერთ კომპონენტად მაინც დასავლურ-ქართულ ტომებს ვარაუდობს; ი. დიაკონოვის აზრით, თ-ის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ლუვიელები შეადგენდნენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქ თრაკიულფრიგიული და ქარ­თუ­ლი წარმომავლობის ტომებიც ცხოვრობდნენ; ახალ უცხოურ სამეცნ. ლიტ-რაში თ-ის მოსახლეობას, ჩვეულებრივ, ლუვიურ ეთნ. სამყაროს უკავშირებენ.

თ. იყო ადრინდ. კლასობრივი სა­ხელმ­წი­ფოებრივი გაერთიანება, რ-საც ძვ. აღმოსავლური (მცირეაზიული) ტრადიციების დიდი გავლენა ემჩნეოდა. ქვეყნის სათა­ვე­ში მეფე იდგა (ასურული წარწერები მას sarru-ს უწოდებენ, იეროგლიფურ-ლუვიური – lugal-ს). თ-ის მეფეთა ტიტულატურაში ისეთი ტერმინები ფიგურირებდა, როგორიცაა „დიდი", „გმირი" და tapawazlas-ი. სამეფო ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო – მამიდან შვილზე გადადიოდა. მეფე საერო და სას. ხელისუფლებას ფლობდა. ქვეყნის მართვა-გამგებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედოფალი, საგვარეულო და სამოხელეო არისტოკრატიის წარმომადგენლები. ძვ. წ. VIII–VII სს-ში ასურელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ თ-ის დასამორჩილებლად. მეფეები ტიგლათფილესერ III და სარგონ II აქტიურად ერეოდნენ თ-ის შინაურ საქმეებში.

თ-ში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა. მაღალ დონეზე განვითარებულა მეთუნეობა. თ. მოხატული ანუ ალიშარ IV ტიპის კერამ. წარმოების დაწინაურებული და მძლავრი ცენტრი იყო. მოპოვებულია აგრეთვე მონოქრომული და შავპრიალა კერამიკაც, თუმცა მისი ხვედრითი წონა მოხატულთან შედარებით უმნიშვნელოა. მთა-მადნეულით (სპილენძი, ვერცხლი, ოქრო, ტყვია, რკინა) სიმდიდრე და წინარე ხანის მეტალ. ტრადიციები საშუალებას აძლევდა თ-ის მოსახლეობას, მაღალ დონეზე აეყვანა მელითონეობა. თ. ეწეოდა აქტ. საგარეო ვაჭრობას; განვითარებული იყო სამშენებლო საქმიანობა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად სამშენებლო მასალების (ბაზალტის ქვა, მარმარილო) სიუხვითაც იყო განპირობებული. ამ ბოლო წლებში თ-ის ტერიტორიაზე გათხრილი დასახლებები (გოლუდაღი, კულულუ, ტოპაკლი, კაისერი და სხვ.) ქალაქური ტიპის დასახლებებს წარმოადგენდა და, როგორც წესი, ბორცვებზე იყო განლაგებული. ქალაქს კედელი ზღუდავდა. მას ქანდაკებებით დამშვენებული რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. ბორცვის ყველაზე მაღალ ადგილას ტაძარს ან სასახლეს აგებდნენ. თ-ის ნაქალაქარებში აღმოჩენილია ხელოვნების მრავალი ძეგლი: ღვთაებათა და საერო პირების მონუმენტური ქანდაკებები, სფინქსებისა და ლომების სკულპტურული გამოსახულებები, სამლოცველოები, საკურთხევლები. თ-ის საზ-ბის დაწინაურებაზე მეტყველებს იეროგლიფურ-ლუვიური (ხეთური) დამწერლობის ფართო გამოყენებაც. თ-ის ღვთაებათა ოფიც. პანთეონი ხეთურ-ლუვიური იყო. მის სა­თა­ვე­ში თარხუნთი – ამინდის ღვთაება – იდგა.

ლიტ.: ხ ა ზ ა რ ა ძ ე  ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 1978; მ ი ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები), თბ., 1984; ჯ ა ვ ა ხ ი ­­ შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., თუბალთაბალი, ტიბარენი, იბერი. – შრომები, ტ. 3, თბ., 1956; Дьяконов И. М., Предыстория армянского народа, Ер., 1968; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959; Хазарадзе  Н. В., К истории термина «Табал» ассирийских письменных источников, «კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული», VП, Тб., 1984.

ნ. ხაზარაძე