თაგუთი

თაგუთი, ნასოფლარი ისტორიულ დმანისისხევში, ახლანდელ დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ფინეზაურის ­მარცხ. შენაკადის, შავი წყლის (ყარასუ) ­მარჯვ. სა­ნა­პი­რო­ზე, ახლანდ. სოფ. საფარლოსა და სოფ. მამიშლოს შორის. აქ, ერთმანეთისგან დაახლ. 1,5 კმ-ზე, ორი ეკლესია დგას. ზედა ეკლესია სოფლის დას-ით მამიშლოს ხილის ბაღებშია. ის ერთნავიანი, დარბაზული ტიპის შენობაა, ნაგებია სრულიად დაუმუშავებელი მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი და ერთი სარკმელი სამხრ-იდანაა, თითო სარკმელი – აღმ. და დას. კედლებში. ჩრდ. და სამხრ. კედლებზე და დას. კუთხეებში თითო პილასტრია, რ-ებსაც საბჯენი თაღები ეყრდნობა. საკურთხეველში ორი მცირე ნიშია, კედლებს შელესილობის კვალი ატყვია; ეკლესიის ირგვლივ არის მოზრდილი სასაფლაო ბრტყელი, დაუმუშავებელი ლოდებითა და ვერტიკალურად დაყენებული ქვებით. ამ ადგილზე 1936–37 ლ. მუსხელიშვილმა აღმოაჩინა საფლავის ქვა სომხ. წელთაღრიცხვის ასონიშნებით – 1656. მახლობელ ფერდობზე, სამხრ.-დას-ით დიდი ნასოფლარია, რ-იც, სავარაუდოდ, თ. უნდა იყოს. მის მიწებზე, წყალგაღმა, XIX ს-ში თურქულენოვანმა მოსახლეობამ სოფ. მამიშლო დააარსა. აღწერილი ეკლესიის აღმ-ით მეორე დარბაზული ეკლესიაა. მისი კედლები ნაგებია კირხსნარზე მოზრდილ და ბრტყელ ქვათა რიგების მონაცვლეობით. შესასვლელი და ერთი სარკმელი აქაც სამხრ-იდანაა. დას. კედლის სარკმლის თავზე წყობაში ჩასმული მოწითალო ქვებით ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. შენობას ტუფის პროფილირებული ლავგარდანი აქვს. გრძივი კედლების შუაში აქაც თითო მარტივი პილასტრია, რ-ებსაც საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ირგვლივ პატარა სასაფლაოა. აქ შესაძლოა, ყოფილიყო მეორე სოფ. თ., რ-იც ვახუშტი ბატონი­შვი­ლის რუკაზეა აღნიშნული და მოხსენიებულია სოფლების მისეულ სიაშიც.

წყა­რო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა (სა­ქარ­თვე­ლოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენი­შვი­ლის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ვარძაგარა, კრ.: დმანისი I, თბ., 1998; მ უ ს ხ ე ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში, თბ., 1941.

დ. ბერძენი­შვი­ლი