თაგოეთი, ისტორიული სოფელი გვიანდელ შუა საუკუნეების ქართლის სამეფოში. მდებარეობდა შიდა ქართლში, გაღმამხარში, საციციანოში. იხსენიება XVII ს. საბუთებში. იქ მცხოვრებთა გვარები იყო: კანიაშვილი, ტეტიაშვილი, ობლიძე, აფთარაშვილი, ბაბლიძე, პაპუაშვილი, რ-ებიც აქაურ მებატონე ციციშვილებს გაყრისას ერთმანეთში გაუყვიათ თავიანთი მამულებითურთ. თ-ს ახსენებს აგრეთვე ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში" ქართლის სოფლების ჩამოთვლისას გაღმამხარში, კერძოდ, გვერდისძირში. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.-ტერ. დაყოფით თ. ქართლის გაღმამხარის მომცველი ტერიტ. იყო (მდ. მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის) და მეოთხე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.
წყარო: მასალები საქართველოს ისტორიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.
ზ. ცინცაძე