„თავისუფლების ლიგა“, (იგივე „საქართველოს თავისუფლების ლიგა"), ერთ-ერთი პირველი ქართული ეროვნულ-პოლიტიკური, მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაცია და პირველი პოლიტიკური დაჯგუფება, რ-მაც წამოაყენა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი ჯერ კიდევ XIX ს. 90-იანი წლების დამდეგს.
ორგანიზაცია შეიქმნა 1892, თუმცა მისი დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1890 რუსეთის იმპერიის უმაღლ. სასწავლებლების ქართვ. სტუდენტთა წრეების საერთო შეთანხმებით. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ვარშავის, კიევის, პეტერბურგის, მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის უმაღლ. სასწავლებლების ქართვ. სტუდენტები. „თ. ლ-ის" დამფუძნებლები იყვნენ შემდგომში ეროვნ.-განმათ. მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწენი: გ. გვაზავა, გ. დეკანოზიშვილი, ა. ჯორჯაძე, თ. სახოკია, ი. ფანცხავა, ნ. ჯაყელი, მ. ხელთუფლიშვილი, ვ. ღამბაშიძე, ი. ელიაშვილი და სხვ.
ლიგის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა 1892 წ. 26–29 ივნ. ქუთაისში, დ. მიქელაძის და მ. ხელთუფლიშვილის ბინებზე, აგრეთვე ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში. ორგანიზაციის დაფუძნებას აქტიურად უჭერდნენ მხარს ქუთაისის იმდროინდ. მოწინავე საზ-ბის თვალსაჩინო წარმომადგენლები: დ. ლორთქიფანიძე, ს. ხუნდაძე, დ. მიქელაძე და სხვ. მისი დაფუძნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა შემდგომში გამოჩენილი იურისტი ლ. ანდრონიკაშვილი. დაფუძნებისთანავე „თ. ლ-ის" ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად საქართველოს ეროვნ.-სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა იქნა დასახული. ამ მიზნით ლიგის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფართო ახსნა-განმარტებით მუშაობას მოსახლეობაში. ლიგის საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი იყო მჭიდრო კონტაქტების დამყარება რუსეთის მიერ დაყმევებულ იმ ერებთან, რ-ებიც ასევე იბრძოდნენ სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირეთის ხალხებთან. დამფუძნებელ ყრილობაში მონაწილეობა მიიღო 20-მა დელეგატმა. 1893 თბილისში ჩატარდა ლიგის მეორე ყრილობა.
ლიგის პროგრამა და წესდება ცხადყოფს, რომ "თ. ლ-ის" მესვეურნი აგრძელებდნენ იმ ეროვნ.- პოლიტ. ხაზს, რ-საც სათავე დაუდეს ქართველმა 60-იანელებმა ი. ჭავჭავაძის თაოსნობით.
ორგანიზაციის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა: 1893 გაზაფხულზე და ზაფხულში ჟანდარმერიამ დააპატიმრა ლიგის ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი. ოფიც. გამოძიება, რ-საც წარმართავდა ქუთაისის გუბ. ჟანდარმთა სამმართველო, გაგრძელდა 1896 დამდეგამდე. მიუხედავად მეტად ხანმოკლე ისტორიისა, „თ. ლ-მ" უდიდესი გავლენა იქონია საქართველოს მთელ შემდგომ ეროვნ.-განმათ. მოძრაობაზე. მისმა აქტიურმა წევრებმა მოგვიანებით (1901) შეადგინეს საქართვ. სოც.- ფედერალისტთა პარტიის ძირითადი ბირთვი. ლიგის ყოფ. წევრთა ნაწილის აქტ. მონაწილეობით კი 1917 დაარსდა საქართველოს ეროვნ.-დემოკრ. პარტია.
საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა არასწორად წარმოეჩინა „თ. ლ-ის" იდეოლოგიური საფუძვლები – თითქოს ეს იყო ახალგაზრდობის ფარული „რევოლუციურ-რაზნოჩინური" ორგანიზაცია და იგნორირებას უკეთებდა ლიგის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საარქივო დოკუმენტებს.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწ. საისტორიო არქივი, ფ. 157, აღწ. 1, საქ. 430; იგივე არქივი, ფ. 12, აღწ. 13, საქ. 438.
ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი ალ., ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801–1921, თბ., 1980; გ ი ო რ გ ა ძ ე გრ., საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე. 1864–1905, თბ., 1928; უ რ უ შ ა ძ ე ლ., გ. დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის („საქართველოს თავისუფლების ლიგა" და ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია. 1890–1906), «საისტორიო ვერტიკალები», 2007, №13; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციური ორგანიზაცია „თავისუფლების ლიგა", თბ., 1969.
ლ. ურუშაძე