თავადაზნაურობა, ერთიანი უფლებების მქონე ქართველ ფეოდალთა წოდება საქართველოში რუსეთთან მიერთების (1801) შემდეგ. ადრეფეოდ. ხანაში ქართველ ფეოდალთა წოდება წარმოდგენილი იყო მხოლოდ აზნაურობის სახით (იხ. აზნაური), მაგრამ ამავე პერიოდში აზნაურობა უკვე დიფერენცირებული იყო დიდ და მცირე აზნაურებად („აზნაურნი დიდ-დიდნი და მცირენი“). ადრეფეოდ. ხანაშივე გაჩნდნენ დიდებული აზნაურები, რ-ნიც დანარჩენ, ჩვეულებრივ აზნაურებზე უფლებრივად და ეკონომიკურად მაღლა იდგნენ. დიდებულ აზნაურებს ვასალი აზნაურები ჰყავდათ. ჩამოყალიბდა სენიორულ-ვასალური დამოკიდებულება. შემდეგში, დაახლოებით XIV–XV სს., დიდებულ აზნაურთა ცალკე ფენა თავადთა წოდების სახით ჩამოყალიბდა; შეიქმნა გაბატონებული კლასის ორი წოდებრივი კატეგორია: თავადთა წოდება და აზნაურთა წოდება. აზნაურების ნაწილი თავადთა დაქვემდებარებაში მოექცა. აზნაურები ჰყავდათ აგრეთვე მეფეს (სამეფო აზნაურები) და ეკლესიას (საეკლესიო აზნაურები). მართალია, წყაროებში ზოგჯერ ერთად იხსენიება თავადაზნაურობა („თავად-აზნაურნი“), მაგრამ ეს გაბატონებულ ფეოდალთა კლასის ორ სხვადასხვა უფლებრივ კატეგორიას აღნიშნავდა. თავადთა წოდება უფლებრივად მაღლა იდგა აზნაურთა წოდებაზე. XIX ს. დასაწყისში, საქართველოს რუსეთთან მიერთების პერიოდში, რუს. გაბატონებულ ფეოდალთა კლასში ვასალურ-სენიორული დამოკიდებულება (თავადის ვასალი აზნაური) უკვე აღარ არსებობდა და იქ უფლებრივად ფეოდალთა ერთიანი კლასი იყო ჩამოყალიბებული – „დვორიანების“, „დვორიანსტვოს“ სახით. რუს. მთავრობამ რუს. ფეოდ.-ბატონყმურ წყობილებასთან ქართ. წყობილების სოც. უნიფიკაციის მიზნით, რიგი ღონისძიებები ჩაატარა; 1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსდა ქართვ. თავადაზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია – თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო – სათანადო დებულებით. 1811 ზღვის კანონით საეკლ. აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, 1827 ქართვ. თ. უფლებრივად გაუთანაბრეს რუს. თ-ს, ამასთან, ცარიზმმა ქართვ. თ-ს მემკვიდრეობითი ფეოდ. თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო. 1833 წლის კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადთა ვასალური დამოკიდებულებისაგან (იმერეთ-გურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 გამოიცა), რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რ-ითაც ქართლ-კახეთში სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებით თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა მათი უფლებრივი ნიველირება. ერთიანი უფლებების მქონე ქართვ. თავადაზნაურთა წოდების დამტკიცება ათეული წლებით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 და მხოლოდ 1850, მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის დროს, მთავრობამ ქართვ. თ-ს (ქართლ-კახეთის და იმერეთ-გურიის) დაუმტკიცა თავადაზნაურის წოდება. 1851 ქართვ. თავად-აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია შეიქმნა დას. საქართველოშიც, კერძოდ, ქუთაისში. ასე მოისპო თანდათან ვასალურ-სენიორული დამოკიდებულება საქართველოში და შეიქმნა ქართვ. ფეოდალთა ერთიანი უფლებების მქონე წოდება – თ., რ-იც უფლებრივად გათანაბრებული იყო რუს. თავადაზნაურ-მემამულეებთან „დვორიან“ – „პომეშჩიკებთან“. ეს პროცესი დას. საქართველოში შედარებით დიდხანს – ბატონყმობის გაუქმებამდე და მის შემდეგაც გაგრძელდა. ერთიანი კონსოლიდირებული წოდების შექმნით რუსეთის მთავრობა ცდილობდა ქართვ. თ-ის თავიანთ სამსახურში ჩაყენებას და გარუსებას, რათა კოლონიაში თავისი პოლიტ. და კლასობრივი დასაყრდენი ჰყოლოდა.
XIX ს. 60-იანი წლებიდან ქართვ. თ-ის სოც.-ეკონ. ყოფაში ახ. პერიოდი დაიწყო. ბატონყმობის გაუქმების, გლეხობის მიერ პირადი თავისუფლების მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა საბატონო მეურნეობიდან კაპიტალ. წარმოებაზე გადასვლა, რასაც პრივილეგიური წოდების დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა. ამ გარდატეხის მომენტში აღმ. საქართველოს თ-მ წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანიზაციის წინამძღოლად დ. ყიფიანი აირჩია. მისი წინადადების თანახმად, თ-მ ყმაგლეხთა პირადი გათავისუფლების საზღაურად მთავრობისაგან მიღებული ფულის ერთი ნაწილი საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად გადადო. ცოტა მოგვიანებით ბანკის ორგანიზების საქმეს ი. ჭავჭავაძე ჩაუდგა სათავეში და მიზანსაც მიაღწია. 1874 გაიხსნა თბილ. საადგილმამულო ბანკი, ხოლო მომდევნო წელს – ქუთ. თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი. პრივილეგიური წოდების დიდ ნაწილს ბანკი მიაჩნდა საქველმოქმედო დაწესებულებად, საიდანაც სესხის (კრედიტის) მიღება ადვილი იქნებოდა, ხოლო თავანისა და პროცენტის დაფარვაზე დიდად არავინ შეაწუხებდათ. მრავალმა მოქალაქემ დაიწყო სესხის აღება ყოველდღიური საჭიროებისათვის, თუმცა ისინი სესხის დაფარვას ვერ ახერხებდნენ და თავიანთ ბანკებში, სხვა საკრედიტო დაწესებულებებსა და მევახშეებთან დაგირავებულ მამულებს კარგავდნენ.
1875–1903 აღმ. საქართველოს თ-მ სესხად აიღო 11 მლნ. მანეთი, რის გამოც ბანკებსა და მევახშეებთან დააგირავა 653 ათ. დესეტინა მიწა, ე. ი. თავიანთ საკუთრებაში არსებული მამულის 70%. მხოლოდ პროცენტის დასაფარავად მათ ყოველწლიურად 800 ათ. მან. უნდა გაეღოთ. ასეთი მემამულეები ნომინალურად რჩებოდნენ მიწის მესაკუთრეებად. ფაქტობრივი მფლობელები იყვნენ კრედიტორები (ბანკები და მევახშეები), რ-ებიც ითვისებდნენ მიწის რენტას პროცენტის სახით. თ-ის საგრძნობი ნაწილი ამ ნომინალურ საკუთრებასაც კარგავდა, რადგან დავალიანებული მამულების უმეტესობა, საჯარო ვაჭრობით იყიდებოდა. ქართველმა თ-მ 1890–1903 თავიანთი საკუთრების მეოთხედი – 450 ათ. დესეტინა მიწა დაკარგა, უფრო აქტიურმა ნაწილმა თავის საქმიანობით კაპიტალ. თაოსნობის უნარი გამოამჟღავნა და ცხოვრების წესითა და მსოფლმხედველობით პლებეური წარმოშობის ბურჟუაზიას შეერწყა. თ-ის უმრავლესობა მიწის იჯარით გაცემასა და რენტით ცხოვრებას არჩევდა, მაგრამ არსებითად მაინც კაპიტალ. გარდაქმნების გზაზე დამდგარი საზ-ბის ნაწილი გახდა. მისი ბურჟ. ევოლუციაც მიმდინარეობდა. ამ პროცესს თან სდევდა თ-ის საგრძნობი ნაწილის ეკონ. დაცემა, ზოგი მათგანის გაღატაკება. 1905-თვის საქართვ. 18 ათ. თავადაზნაურული კომლი 6363 ოჯახზე ფლობდა 1–5 დესეტინა მიწას, 6370 კი – 5–25 დესეტინას. ეს მაშინ, როცა 443 მემამულე თავადაზნაურული ოჯახი ფლობდა 500 დესეტინაზე მეტს. ისინი შეადგენდნენ საქართვ. მაღალი წოდების მხოლოდ 2,6%-ს და საკუთრებაში ჰქონდათ თავადაზნაურთა მთელი მიწის ფონდის 6,8%. ზოგიერთის მამული 10–20 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს შეადგენდა, ამ მიწათმფლობელთა საკმაო ნაწილმა მსხვილი, რაციონალური მეურნეობა შექმნა. ქართვ. თ. გაცილებით წარმატებით და ეფექტიანად საქმიანობდა როგორც წოდებრივი კორპორაცია და კოლექტიური მესაკუთრე. თბილ. და ქუთ. თავადაზნაურთა საგუბერნიო საკრებულოები, რ-თა სათავეში წინამძღოლები (მარშლები) იდგნენ, დიდხანს მხოლოდ წოდებრივი საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებული. ისინი ასრულებდნენ შუამავლის როლს თ-სა და მთავრობას შორის. გარდატეხა მოხდა XIX–XX სს. მიჯნაზე. თავად-აზნაურთა წოდებრივ-წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა (თვითმმართველობები) ხელი მიჰყვეს კულტ.-საგანმან. და სამეურნ. საქმეებსაც. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის შეერთების 100 წლისთავზე იმპერატორის ბრძანებით თბილ. გუბერნიის თ-ს – მის წოდებრივ ორგანიზაციას – სრულ განკარგულებაში გადაეცა თბილ. საადგილმამულო ბანკის ყოველწლიური სუფთა მოგების 50%. წოდებრივი თვითმმართველობის ხელში გადავიდა აგრეთვე ბანკის საკუთრებაში დარჩენილი არწრუნისეული ქარვასლა, ბანკის სახსრებით აგებული თბოელექტროსადგური და სხვ. 1908-თვის აღმ. საქართველოს თავად-აზნაურთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება თითქმის 2 მლნ. მან. აღწევდა. ყოველწლიური შემოსავლით თავად-აზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა ძირითადად აფინანსებდა კულტ.საგანმან. დაწესებულებებს (სკოლები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბა, საისტ.-საეთნოგრაფიო საზ-ბა, თეატრი და სხვ.), მაგრამ თანდათან მეტ თანხას გამოყოფდა სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისათვის. 1901 მან შექმნა საადგილმამულო კომისია, რ-ის შუამავლობით თავადაზნაურობამ გლეხებს მიჰყიდა 50 ათ. ჰა მიწა. 1910 ჩამოაყალიბა საქართვ. სოფლის მეურნეობის საზ-ბა, რისთვისაც ყოველწლიურად 17–20 ათ. მანეთს გამოყოფდა. XX ს. 10-იან წლებში აღმ. საქართველოს თავად-აზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა სათავეში ჩაუდგა კახეთის რკინიგზის მშენებლობას, ჩამოყალიბდა კახეთის რკინიგზის სააქციო საზ-ბა, რ-მაც აიღო კონცესია, შეძლო ამ საქმეში პეტერბურგელი ბანკირების ჩაბმა და მათი მეშვეობით დიდძალი კაპიტალის მობილიზება. თბილისი–თელავის რკინიგზა ამოქმედდა 1915. კახეთის რკინიგზის აქციათა საკონტროლო პაკეტს (51%) მალევე დაეუფლა წოდებრივი თვითმმართველობა, რ-ის წინადადებით სააქციო საზ-ბის დირექტორებად აირჩიეს დ. ჩოლოყაშვილი, რ. ყაზბეგი, ფ. გოგიჩაიშვილი, ზ. ავალიშვილი. თბილ. გუბერნიის თავად-აზნაურთა წოდებრივ-წარმომადგენლობითი თვითმმართველობა, საერობო თვითმმართველობას მოკლებულ საქართველოში, არსებითად ერობის ფუნქციას ასრულებდა. ქუთ. გუბერნიის თავად-აზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა, ამ დონემდე, მართალია, ვერ ამაღლდა, მაგრამ ისიც თანდათან ზრდიდა თავის შემოსავალს და ცდილობდა მეტი თანხა გამოეყო კულტ. და მეურნეობის დაფინანსებისათვის. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუს. მთავრობამ გადაწყვიტა ჭიათურაში მოქმედი გერმ. ფირმების ლიკვიდაცია, მისი საზ-ბისა და ქონების გაყიდვა რუს. ქვეშევრდომ მოქალაქეთა ფირმებზე. ამ სარფიან საქმეში ჩარევა სცადეს ქუთაისისა და თბილ. გუბერნიების თ-ის წოდებრივმა ორგანიზაციებმა; განსაკუთრებით აქტიურობდნენ დ. ნიჟარაძე და კ. აფხაზი. პირველი მათგანის ხელმძღვანელობით ქუთაისის თ-ის კრებამ მიიღო დადგენილება, აღეძრათ შუამდგომლობა უმაღლ. მთავრობის წინაშე გერმ. ფირმათა საბადო-საწარმოების შესყიდვის თაობაზე, თანაც ეზრუნათ საკრედიტო დაწესებულებებიდან გრძელვადიანი კრედიტის აღებაზე. თუ თბილ. გუბერნიის თ. შეუერთდებოდა შუამდგომლობას, მაშინ ამ დიდ საქმეს საერთო ძალით მოიყვანდნენ სისრულეში. გაერთიანებული ღონისძიების გატარება ვერ მოხერხდა – კ. აფხაზი დამოუკიდებლად მოქმედებდა. მან რუს. სავაჭრო-სამრეწველო ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება (1916 წ. 28 დეკემბერი) გერმანელთა საწარმოების ერთად შეძენის თაობაზე. საქმე გაჭიანურდა. ამასობაში მოხდა ბურჟ.-დემოკრ. რევოლუცია, რუს. დროებითი მთავრობა იძულებული გახდა თავადაზნაურული პრივილეგიებისა და მათი წოდებრივი ორგანიზაციების გაუქმების საკითხი დაესვა. საფრთხის ქვეშ დადგა ქართვ. თავადაზნაურობის თითქმის 20 მლნ. მანეთად შეფასებული უძრავ-მოძრავი ქონება.
1917 წ. 16 ოქტ. თბილ. გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ დაადგინა: წოდებრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ქართვ. ერისათვის, მისი საჯარო-უფლებრივი ორგანოს შექმნის შემდეგ. სწორედ ამ დადგენილებამ დააჩქარა საქართვ. პირველი ეროვნ. ყრილობის მოწვევა, რ-მაც 1917 წ. 23 ნოემბერს აირჩია ეროვნ. საბჭო. იგი მალევე გადაიქცა დამოუკიდებელი საქართვ. პარლამენტად, რ-მაც მადლიერებით მიიღო თ-ის ქონება და იგი ეროვნ. სახელმწ. მშენებლობისათვის გამოიყენა. 1918–19 დამოუკიდებელი საქართვ. ხელისუფლებამ გაატარა აგრარული რეფორმა. თ-ს ჩამოერთვა მიწა-წყლის სამი მეოთხედი, ტყე და საძოვარი ეროვნ. სახელმწ. საკუთრებად გამოცხადდა, სახნავ-სათესი მცირემიწიან გლეხობაზე განაწილდა. სოც. ანტაგონიზმის აღმოფხვრისა და ეროვნ. ერთიანობის იდეით გამსჭვალულმა ქართველმა თ-მ უპროტესტოდ დათმო მიწა, წოდებრივი პრივილეგიები და აქტიურად ჩაება დემოკრ. სახელმწიფოს მშენებლობაში, მაგრამ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ქართველ თ-ს უკანასკნელი სარჩოსაბადებელი ჩამოართვა და ზოგი ფიზიკურადაც გაანადგურა. ასე დასრულდა დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყოვლისშემძლე წოდება-კლასის არსებობა.
ლიტ.: ა კ ო ფ ა შ ვ ი ლ ი გ., ცვლილებები აზნაურთა ფენის მდგომარეობაში XIX ს. პირველი ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, {მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის}, 1960, ნაკვ. 33; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველო XIX ს. პირველ მეოთხედში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 1965; გ ო გ ო ლ ა ძ ე დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800–1864 წწ., თბ., 1971; დ უ მ ბ ა ძ ე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957; კ ი კ ვ ი ძ ე ა., საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954; ხ ა ნ თ ა ძ ე შ., სოციალური ბრძოლის ეპიზოდი გვიანფეოდალურ საქართველოში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1959, ტ. XX-B.
ა. ბენდიანიშვილი
დ. გოგოლაძე.