თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 საქართვ. მთავარმართებელ პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. 1803 წ. 2 მაისს შეიკრიბა აღმ. საქართველოს თავადაზნაურობის I ყრილობა. თვით პ. ციციანოვმა შეადგინა 1803 წ. 31 მარტს თ. დ. ს-ს „დებულება", რ-შიც მოცემული იყო თავად-აზნაურთა საკრებულოს დაარსების მიზნები, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესები. ხმის უფლება ჰქონდა იმ თავადსა და აზნაურს, რ-საც 20 წელი შეუსრულდებოდა და ამასთანავე მოეპოვებოდა საკუთრება. იმ თავად-აზნაურებს, რ-თაც საკუთრება (ყმა-მამული) სრულებით არ გააჩნდათ, ყრილობაზე დასწრება შეეძლოთ, თუმცა ხმის უფლება არ ჰქონდათ და, მით უმეტეს, არც თანამდებობებზე ირჩევდნენ. საკრებულოში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აგრეთვე აზნაურთა მთელ ფენას. თ. დ. ს-ს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 3 წელიწადში ერთხელ. იგი ირჩევდა თავად-აზნაურთა როგორც „საქართველოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის), ისე მაზრების წინამძღოლებს (მარშლებს), რ-თაც უფლება ჰქონდათ, თავადაზნაურობის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით, მიემართათ ან ეშუამდგომლათ „საქართველოს უზენაეს მთავრობაში" ან რუს. მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თ. დ. ს. მოწყობილი იყო რუს. შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმს თავისი სოც.-პოლიტ. და საადგილმამულო გეგმები გააჩნდა, რაც ხშირად ქართვ. თავადაზნაურობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. იგი ფაქტობრივად დიდ ანგარიშს არ უწევდა საკრებულოს, ითვალისწინებდა თავად-აზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რ-ებიც რუს. ცარიზმის პოლიტიკას შეესაბამებოდა ამა თუ იმ ეტაპზე. თ. დ. ს-ს ძირითადი საქმიანობა საქართველოში თავად-აზნაურთა საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით, მათი წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. ამდენად, ეს ორგანიზაცია სუსტი და უფრო ფორმალური იყო, ვიდრე ქვეყნის პოლიტ. ცხოვრების აქტ. მონაწილე. თ. დ. ს-ს დაარსებით ცარიზმს სურდა, ქართვ. თავადაზნაურობა ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოც.-პოლიტიკურად რუს მემამულე – „პომეშჩიკებთან" გაეთანაბრებინა, გაერუსებინა და თავის სოც. და პოლიტ. დასაყრდენად ექცია. დას. საქართველოში, ქუთაისში, თავად-აზნაურთა ასეთი ორგანიზაცია გაცილებით გვიან, 1851 შეიქმნა.
ლიტ.: გ ო გ ო ლ ა ძ ე დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800– 1864 წწ., თბ., 1971; კ ი კ ვ ი ძ ე ა., საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954.
დ. გოგოლაძე