თავართქილაძე კუკური ანდროს ძე (დ. 17. XII. 1932, სოფ. ვაკიჯვარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2009). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). 1955 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1956–71 მუშაობდა თბილ. ჰიდრომეტეოროლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1971 მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტში კლიმ. ცვლილების ლაბორატორიის გამგედ, 1979 აქვე ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათ. მოდელირების განყ-ბას; ამჟამად ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელია.
თ-ის სამეცნ. შრომები ეხება კლიმ. ცვლილების, ატმოსფეროს გაჭუჭყიანებისა და რადიაციული გამოკვლევების სამეცნ. მიმართულებებს. თ-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის დისტანციური მეთოდი, გამოიკვლია თავისუფალი ატმოსფეროს თერმული სტრატიფიკაციის გავლენა სეტყვის წარმოქმნის პროცესზე. შექმნა ხელსაწყო „ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის თერმოელექტრული თვითმწერი", რ-იც დანერგილი იყო საბჭ. კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიურ ქსელში.
თ. 1980–91 იყო საკავშ. მეცნ. აკად. რადიაციის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, 2005-იდან არის აშშ-ის ბიბლიოგრ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს საზღვარგარეთელი წევრი. დაჯილდოებულია „ამერიკის ღირსების მედლით" (2002). ბოლო წლებში გამოქვეყნებული საქართვ. ჰავის ცვლილების ამსახველი სამეცნ. შრომათა ციკლისათვის მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია.