თავკომბალა (Echinops), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ერთი ან რამდენიმე დატოტვილი ღერო, ფრთისებრ დაყოფილი ეკლიანი ფოთლები. მილისებრი, ცისფერი ყვავილები (მარტოულყვავილიანი კალათები) შეკრებილია დიდ სფეროსებრ თავაკებად. გვარი აერთიანებს 120-ზე მეტ სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიასა და ტროპ. აფრიკაში.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი იზრდება 9 სახეობა. მათგან E. sphaerocephalus სამკურნალო, თაფლოვანი და ზეთოვანი მცენარეა. იზრდება მთის შუა სარტყლის ბუჩქნარებსა და მშრალ ფერდობებზე. ნაყოფი შეიცავს ქილონილის ჯგუფის ალკალოიდებს, ძირითადად – ექინოფსინს. მედიცინაში ექინოფსინის ნიტრატს კუნთების ატროფიის და პერიფერიული დამბლის დროს იყენებენ. იგი აღაგზნებს ცენტრ. ნერვულ სისტემას.
ლ. ერისთავი