თავსაბურავი, ჩაცმულობის ერთ-ერთი კომპონენტი, ქალისა და მამაკაცის თავზე მოსახვევი ან დასახურავი. უძველესი დროიდანვე ადამიანის სოც. მდგომარეობის მაჩვენებელი იყო (ცნობილია ტომთა ბელადების, ქურუმთა და სხვათა თავსაბურავები და თავსამკაულები). თ-ის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრ. გარემო, სამეურნეო-ეკონ. პირობები და ეთნ. ერთეულთა კულტ.-ისტ. ტრადიციები. დროთა განმავლობაში შემუშავდა თ-ის განსხვავებული ტიპები: სამუშაო, საუქმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამეფო, სამხედრო, სასულიერო, საკარისკაცო და სხვ. ძვ. ქართ. წერილობით წყაროებში თ-ის მნიშვნელობით გვხვდება ტერმინები: „საბურავი", „სარქმელი", „ქუდი" და სხვ. სხვადასხვა ისტ. ხანაში თ-ის ფორმაც იცვლებოდა; იყო ქალის – „კუბასტი", „მანდილი", „ლეჩაქი" და სხვ.; სამეფო და საქორწილო – „გვირგვინი"; სასულიერო – „კუნკული", „მიტრა", „ჩაჩი"; საომარი – „ჩაფხუტი", „ჩაჩქანი", „მუზარადი", „ზუჩი" და სხვ. XI ს-იდან თ-ის აღსანიშნავად ფართოდ გავრცელდა ტერმინი „ქუდი". იმ დროს ქუდს, მამაკაცების გარდა, ქალებიც ატარებდნენ (უმთავრესად ცხენით მგზავრობის დროს). ქუდი ცალკეული კუთხეების მიხედვითაც განსხვავებული ყოფილა. ფეოდ. ხანის საქართველოში ქუდის მრავალი სახეობაა ცნობილი, მ. შ. ბეწვისა და ნაბდისა. წყაროებში ნახსენებია ტყავ-ბეწვისაგან შეკერილი „საჩეხიანი" (კიდეებიანი) და „აფროსანი" (აკეცილკიდეებიანი) ქუდები: „თალფაქი" (საბას მიხედვით, „ქართული ქუდი"), „გრძელბეწოსანი", „ყარყუმის ქუდი", „კვერნის ქუდი", „ვეფხის ტყავისა" და სხვ. XIX ს-ში თავად-აზნაურები, თბილისელი მოქალაქეები და ყარაჩოხელები კრაველის მაღალ ქუდებს ატარებდნენ. საქართვ. ეთნოგრ. ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქალის რთული თ. კომპლექსი „თავხურა", რ-იც ქართვ. ქალის ეროვნ. ჩაცმულობის – ქართ. კაბის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა და თითქმის მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტი-კოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი, ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ. ქალის ამ საერთო ქართ. თ-თან ერთად შემონახულია ადგილ. თ-ები: ფშაური – ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა; ხევსურული – სათაურა და მანდილი; თუშური – კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, თავსაკონი; აჭარული – თეფელუღი და სხვ. მამაკაცის თიდან გვხვდება თუშური, იმერული, რაჭული, სვანური და სხვ. ნაბდის, კრაველისა და ტყავ-ბეწვის ქუდები, თივთიკის ყაბალახები და სხვ.
კაპიტალიზმის განვითარებამ არსებითად შეცვალა ტრად. ქართ. ჩაცმულობა. ამჟამად მამაკაცის ტრად. თ-ებიდან შემონახულია თუშური და სვანური ნაბდის ქუდები. ტრად. თ-ის ელემენტებს კი უმთავრესად დღესასწაულებზე იყენებენ.
ლიტ.: ბ ე ზ ა რ ა შ ვ ი ლ ი ც., ქალის სამოსელი აღმ. საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974; გ ვ ა თ უ ა ნ., ჩაცმულობის ისტორიიდან. ქალის ქართული ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისი, თბ., 1967; მ ო ლ ო დ ი ნ ი ლ., ჩ ა ჩ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართული კოსტიუმის კატალოგი. I – ხევსურეთი, თბ., 1964; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.
ლ. მოლოდინი