თავშავა

თავშავა (Origanum vulgare)

თავშავა (Origanum vulgare), მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ქონდარა ბუჩქია, ტუჩოსანთა ოჯახისა. 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში. აქვს 30–50 (80) სმ სიმაღლის სწორმდგომი დატოტვილი ღერო. წვრილი ვარდისფერი, ღია მეწამული ან მოთეთრო ყვავილები შეკრებილია პატარა თავთავებად, რ-ებიც, თავის მხრივ, თავმოყრილია საგველასნაირ ან ფარისებრ ფარჩხატ ყვავილედებად. გავრცელებულია მთელ საქარ­თვე­ლო­ში. იზრდება ველებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირზე, მთის შუა და სუბალპ. სარტყელში. შეიცავს ეთერზეთს, რ-შიც თიმილი და კარვაკროლია, აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყე­ნე­ბენ ლიქიორისა და არყის წარმოებაში. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ზ. შენგელია