თავშეწირული, საეკლესიო ყმები შუა საუკუნეების საქართველოში. თ. „თავისუფალ“ გლეხთა კონტინგენტიდან ივსებოდა. თავშეწირვა წერილობით ფორმდებოდა. ეკლესია-მონასტრებისადმი მათი ლტოლვა გამოწვეული იყო შეღავათიანი პირობებით (მაგ., წელიწადში სამი ლიტრა ზეთი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ჩარექა საკმელი და სხვ.). ეკლესიისადმი თავშეწირვა ზოგჯერ იარაღით შეჯახებამდეც მიდიოდა, ძვ. მებატონე ცდილობდა უკან დაებრუნებია (უმეტესად აყრილგაქცეული) ეკლესიისათვის თავშეფარებული თავისი გლეხი. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. თუ ერთ შემთხვევაში თავშეწირვა ჩაივლიდა, სხვა შემთხვევაში ბატონები იმარჯვებდნენ და გლეხებს უკანვე იბრუნებდნენ.
ლიტ.: მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979.
დ. მეგრელაძე