თავჭედილა

თავჭედილა (Amanita pantherina)

თავჭედილა (Amanita pantherina), ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ქუდი 10 სმ-მდე დიამეტრისაა, თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ კი გაშლილი, მურა, მოყვითალო-მურა ან მოყვითალო-მომწვანო-ჭუჭყისფერი. ზე­დაპირზე კონ­ცენტრულად გან­ლა­გებული თეთ­რი მეჭეჭები აყრია, ლურსმნებით მოჭედილს წააგავს და ქართ. სახელიც აქედან აქვს მიღებული. ქუდის ქვედა მხა­რეს თეთრი ფირფიტებია. ფეხი თეთრია, საყელოიანი, ძირში ბოლქვისებრი, რ-ზედაც კონცენტრუ­ლად განლაგებული რგოლებია განვითარებული; იზრდება ნიადაგზე როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. ძლიერ შხამიანია, შეიცავს შხამიან ნივთიერებას მუსკარინს. მისგან მოწამვლა მჟღავნდება 0,5–2 სთ შემდეგ და იწვევს ­ცენტრ. ნერვული სისტემის მოშლას, ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, თავბრუს ხვევას, გონების დაკარგვას, ჰალუცინაციებს და სხვ.

ი. ნახუცრი­შვი­ლი