თავხელიძე ალბერტ ნიკიფორეს ძე

 

ა. თავხელიძე

თავხელიძე ალბერტ ნიკიფორეს ძე (16. XII. 1930, თბილისი, – 27. II. 2010, მოსკოვი), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1967), და პრეზიდენტი (1986–2005), რუს. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990; წ.-კორ. 1984), ხელოვნ. და მეცნ. მსოფლიო აკად. (1993) და აშშ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1996). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1963). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1953). 1956–70 მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებულ ინ-ტში (დუბნა, მოსკ. ოლქი) განყ-ბის უფროსად, თეორ. ფიზ. ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ, პარალელურად 1964–70 – მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში (პროტვინო, მოსკ. ოლქი) თეორ. ფიზ. სექტორის ხელმძღვანელად; 1966–71 – უკრაინის მეცნ. აკად. ნ. ბოგოლიუბოვის სახ. თეორიული ფიზ. ინ-ტში ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყ-ბის გამგედ (კიევი; არის ამ ინ-ტის ერთ-ერთი დამა­არსებელი, 1966); მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორი (1970–86); რუს. მეცნ. აკად. ბირთვულ გამოკვლევათა ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (მოსკოვი, 1970) და პირველი დირექტორი (1970–86), სა­ქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თეორიული ფიზ. განყ-ბის გამგე დაარსების დღიდან (1971); 1987-იდან – თსუ-ის პროფესორი; თსუ-ის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. კათედრის გამგე (1987–95), თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის დირექტორი (1995–2004); 2004იდან – ამ ინ-ტის მთავარი მეცნ. თანამშრო­მელი.

რუს. მეცნ. აკად. ჟურნალის „თეორიული და მათემატიკური ფიზიკის" (1969) რედაქტორი.

თ-ის შრომები ველის კვანტურ თეორიასა და ელემენტარული ნაწილაკების ბირთვის ფიზიკაში (იხ. ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკა) საფუძვლად დაედო მრავალი მიმართულების შექმნასა და განვითარებას. მან, ნ. ბოგოლიუბოვსა და ბ. სტრუმინსკისთან ერთად, შემოიტანა ­ფუნდამენტური კვანტ. რიცხვის „ფერის" და ძლიერად ურთიერთ­ქმედი ­ელემენტარული ნაწილაკების (ჰადრონების) შემადგენელი „ფერადი კვარ­კების" ცნება (1965); წარმოადგინა კვაზითა­ვი­სუ­ფა­ლი ფერადი კვარკებისგან შედგენილი ელემენტარული ნაწილაკების დინამ. მოდელი, რ-ის საფუძველზეც შესწავლილი და ახსნილია აღნიშნული ნაწილაკების ძირითადი ფიზ. თვისებები; შემ­დგომ, ვ. მატვეევსა და რ. მურადიანთან ერთად წამოაყენა ავტომოდელობის პრინციპი (1967), რ-ზე დაყრდნობითაც ერთიანი თვალსაზრისით ახსნილ იქნა მასშტაბური ინვარიანტობის კანონზომიერებანი ­ელემენტარულ ნაწილაკთა ელექტრომაგნ., სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების პროცესებში და მიღებულ იქნა კვარკული თვლის ფორმულები (1972). თ-მ ერთ-ერთმა პირველთაგანმა მიუთითა ელემენტარული ნაწილაკების მასის წარმოქმნის დინამ. მექანიზმზე, როგორც სიმეტრიის სპონტანური დარღვევის შედეგზე (1961); აჩვენა ფერმიონული ან ბარიონული რიცხვების შენახვის გლობალური კანონების დარღვევის შესაძლებლობა კვარკული მატერიის ზემაღალი სიმკვრივისას (1985); ახსნა სამყაროს ბარიონული ასიმეტრია (1978); ა. ლოგუნოვთან ერთად განაზოგადა ველის კვანტურ თეორიაში დისპერსიულ თანაფარდობათა მეთოდი არადრეკადი და მრავალნაწილაკოვანი პროცესებისათვის, რ-ის საფუძველზეც მიიღო მიახლოებითი ინტეგრალური განტოლებები ნუკლონებზე π-მეზონების ფოტოდაბადების პროცესებისათვის, π-მეზონების ფიქსირებულ ნუკლონებზე გაბნევისათვის და სხვ. (1959). ა. ლოგუნოვთან ერთად შექმნა ე. წ. ლოგუნოვ–თავხელიძის კვაზიპოტენციალური მეთოდი (1963); დაადგინა გლობალური დუალობის თვისება გაბნევის პროცესებისათვის (1967); ნ. ბოგოლიუბოვსა და ვ. ვლადიმიროვთან ერთად დაამტკიცა გაბნევის ამპლიტუდების ავტომოდელური ქცევა მაღალი ენერგიებისა და იმპულსების დიდი გადაცემისას (1972). ერთობლივი კვლე­ვის ციკლისთვის „π-მეზონების ნუკლონებზე ფოტოდაბადება" თ-ს მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973; სხვებთან ერთად), ხოლო ერთობლივი ციკლისთვის „ახალი კვანტური რიცხვი – ფერი და ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომური ბირთვების კვარკულ სტრუქტურებში დინამიკურ კანონზომიერებათა დადგენა" – ლენინური პრემია (1988; სხვებთან ერთად). „თავხელიძე–მატვეევ–მურადიანის კვარკული თვლის წესები" აღიარებულია, როგორც აღმოჩენა №343 (1987). თ. არის სოლვეის საერთაშ. კონგრესის მონაწილე (1967). თ-ის აღზრდილია ფიზიკოსთა არაერთი თაობა. მისი მოწაფეები არიან: მ. ელია­შვი­ლი, ვ. მატვეევი, რ. მურადიანი, ა. ხელა­შვი­ლი და სხვ. თ-ს მიღებული აქვს ნ. ბოგოლიუბოვის სახ. პრემია (1996, უკრაინა), მეცნ. აკადემიების საერთაშ. ასოციაციის ოქროს მედალი საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლი­ლისათვის (1998) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), ივ. ჯავახი­­შვი­ლის მედლით (2001) და სხვ. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

თხზ.: Дисперсионные соотношения для реакции фоторождения пмезонов на нуклонах, «Журнал экспериментальной и теоретической физики», 1957, т.32, № 6 (თანაავტ. А. А. Логунов); Quasipotential approach in quantum field theory, «Nuovo Cimento», 1963, v. 29, № 2 (თანაავტ. A. A. Logunov); Automodelity in strong interаctions, «Lettere Nuovo Cimento», 1972, № 5(თანაავტ: V. Matveev, R. Muradian); CP–noninvariant superweak interaction and baryon asymmetry of the Universe, «Нейтрuно-77», т.2; «Physics Letters», 1978, v. 76 B (თანაავტ.: A. Yu. Ignatiev, N. V. Krasnikov, V. A. Kuzmin).

ლიტ. ხ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ა., აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე, თბ., 2010; მ ი ­ ს ი ვ ე, მომავალიც მისია, ვინც..., თბ., 2012.

ნ. ამაღლობელი

ა. ხელა­შვი­ლი