თამასუქი, (არაბ. თამასსუქ), ფასიანი ქაღალდის სახეობა, ვ ე ქ ს ი ლ ი, სავალო დოკუმენტი, რ-ის ძალითაც ესა თუ ის პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას დათქმულ ვადაში ან მოთხოვნისთანავე გადაიხადოს თ-ში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირის მეშვეობით. ცნობილია გადასაპირებელი და მარტივი თ.; გადასაპირებელი თ-ით მისი გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თ-ში ნაჩვენები თანხა თამასუქშივე მითითებულ პირს. მარტივი თ-ის გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თ-ში მითითებული თანხა (1995 წ. 19 აპრილის საქართვ. კანონი თამასუქის შესახებ, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა", 1995 წ. 18 მაისი).
ძვ. ქართ. სამართალში ტერმინი „თ". დაახლოებით XVII ს-იდან იხმარებოდა საერთოდ სავალო საბუთის მნიშვნელობით და ხშირად გირავნობასაც გულისხმობდა. თ-ს იყენებდნენ საანგარიშსწორებოდაც, მეტადრე ვაჭრობაში. თ. გვხვდება ქართ. ჩვეულებითი სამართლის კრებულსა და ვახტანგ VI-ის სამართალში, სადაც განსაზღვრულია მისი აუცილებელი რეკვიზიტებიც (მ. 143). სხვა პირობებს შორის თ-ში ზოგჯერ დავალიანების მაიძულებელი გარემოებებიც კი იწერებოდა. უფრო ძველად ასეთ საბუთს „ვალის წიგნი" ერქვა.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1963–65.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 2 – ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9).
ბ. ზოიძე
დ. ფურცელაძე