თამღა

თამღა, ტამღა (თურქ.-მონღ.), განსაკუთრებული ნიშანი (დაღი, დამღა), რომლითაც აღინიშნებოდა საკუთრების უფლება პირუტყვზე; მოგვიანებით – ბეჭედი, დოკუმენტი ან სიგელი ხანის ბეჭდით. თ. ეწოდებოდა აგრეთვე მონღოლების მიერ ვაჭრობაზე დაწესებულ სა­ხელმწ. გადასახადს, რ-იც ფულით აიღებოდა და დიდ შემოსავალს აძლევდა ხაზინას. სხვა­და­სხვა დროს მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში თ. გაყი­დული საქონლის ღირებულების 3–10%-სა და მეტს შეადგენდა. თბილისში XIII ს. II ნახევარში იხდიდნენ სავაჭრო თანხის 3%-ს, თუმცა გადასახადების ამკრებთა და შემსყიდველთა თვითნებობის გამო ეს წესი ხშირად ირღვეოდა, რასაც უკმაყოფილება მოსდევდა. კერძოდ, 1259 საქართვ. მეფის დავით VII-ის აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ იმით იყო გამოწვეული, რომ აქ გადასახადთა ამკრებად მოვლენილი სპარსი ვაჭარი ხოჯა-აზიზი, ძალზე უდიერად იქცეოდა: „თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა – იგი ტამღად ეწოდდეს". თ. აფერხებდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას, ამიტომ ხშირი იყო მისი გაუქმების მცდელობა. სა­ბო­ლო­ოდ ეს გადასახადი გაუქმდა 1565, შაჰ თამაზ I-ის ბრძანებით.

წყა­რო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე. წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე  რ., თამღა ილხანთა სა­ხელმ­წი­ფოში, {აღმოსავლური კრებული}, II, თბ., 1960.

რ. კიკნაძე