თათარაძე ავთანდილ არსენის ძე

თათარაძე ავთანდილ ­არსენის ძე (16. III. 1919, თბილისი, – 5. V. 1998, იქვე), მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). 1953 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი. ინ-ტში მონაწილეობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვ. ჯ. ბაგრატიონი). 1937–41 და 1946–56 იყო სა­ქართვ. სიმღერისა და ცეკვის სა­ხელმწ. ანსამბლის მოცეკვავე (1948-იდან – ქორეოგრა­ფი). 1955-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. მხატვ­რული თვითმოქმედების კულტ.-საგანმან. სასწავლებელში (ცეკვისა და ცეკვის კომპოზიციის განხრით), 1957-იდან ხელმძღვანელობდა ­ქორეოგრა­ფიულ განყ-ბას. თ-ის საუკეთესო დადგმებია შემდეგი ცეკვები: „ძველი თბილისის სურათები" (1951), „სამთა მთიულური" (1951), „იმე­რული სახუმარო" (1954), „ფშავ ქალთა ლხინი" (1958), „ფერხული" (1966), „თამარ დედოფალი" (1968) და სხვ. მისი დადგმები გამოირჩეოდა ფორმის ნაირფეროვ­ნებით, პირველწყა­როსთან სიახლოვით, დახვეწილი ტექნიკით. 1969–98 თ. თბილ. საესტრადო-საცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი იყო. მისი მოწაფეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფ. სულაბერიძე, ჯ. ნავროზა­შვი­ლი და სხვ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მუშაობას ქართ. ქორეოგრ. და ცეკვის თეორიის დარგში. ავტორია არაერთი სამეცნ. თუ მეთოდ. ხასიათის ნაშრომისა: „ცეკვა ქარ­თული" (1956), „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები" (1966), „ძველი ქარ­თუ­ლი (სვანური) ფერხულები" (1976), „ქარ­თუ­ლი ცეკვების განმარტებანი" (1986), „ქარ­თუ­ლი ხალ­ხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები", „ქარ­თუ­ლი ხალხური ცეკვა" (2010) და სხვ. თ-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნ. ექსპედიციები თითქმის მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან პირადად ჩაიწერა და გამოსცა სვანეთში დღემდე შემორჩენილი უძველესი წარმართული ხასიათის ფერხულები. 1985-იდან იყო ქართ. ხალხ. ცეკვის სახალხო უნ-ტის ქორეოგრ. კათედრის გამგე.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).