თათეიშვილი თინა (ლეილა) გრიგოლის ასული (12. I. 1925, თბილისი, – 7. I. 1992, იქვე). მოცეკვავე, საქართვ. დამს. არტისტი (1958). 1943–64 იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი სოლისტი-მოცეკვავე. ოსტატობითა და გრაციოზულობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში „ქართული", „მთიულური", „მიპატიჟება"; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული", რ-საც ახასიათებდა მოძრაობათა სინაზე, სინარნარე, სიმსუბუქე და კლდემამოსილება. ქართ. ცეკვების ინდივიდ. შემსრულებელთა პირველ რესპ. კონკურსზე 1962 თ-მა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. ასევე დიდი წარმატებით აღინიშნა მისი მონაწილეობა საქართვ. ლიტ. და ხელოვნ. დეკადაზე მოსკოვში (1958). გასტროლებით შემოიარა სსრკ-ის მრავალი ქალაქი და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანა. 1959 ვარშავის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საღამოზე, რ-შიც მონაწილეობდნენ მოსკ. დიდი თეატრის, ლენინგრადისა და თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, თ-ისა და ნ. ღვაბერიძის მიერ შესრულებულმა ცეკვა „ქართულმა" განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც პოლონური პრესა აღნიშნავდა, „ქართველმა მოცეკვავე ქალმა უაღრესად ძუნწი შტრიხებით გვიჩვენა ივერიელი ქალის სინარნარე და სინატიფე".
ა. თათარაძე