„თათმანი“, (სააქციო საზოგადოება), მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმო თბილისში. დაარსდა 1941 როგორც სასარაჯო-საუნაგირე წარმოება, რაც განაპირობა ფრონტისათვის აუცილებელი სასარაჯო-საუნაგირე მოსართავების, ასევე იარაღის შალითების, ზურგჩანთების და ქამრების დამზადების საჭიროებამ. მოგვიანებით წარმოება გადაკეთდა სასარაჯო-საგალანტერეო საწარმოდ, ხოლო ომის შემდეგ, 1950 დაერქვა საქართვ. მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს თბილ. ტყავსაგალანტერეო ფ-კა, რ-იც, თავის მხრივ, ექვემდებარებოდა შესაბამის საკავშ. სამინისტროს. ფ-კა რესპუბლიკაში იყო ტყავსაგალანტერეო პროდუქციის წარმოების ერთადერთი სპეციალიზებული წარმოება (მდებარეობდა ნ. ყიფშიძის ქ.№7-ში). 1950–53 აშენდა ფ-კის ადმ. შენობა, ახ. საამქროები და სხვა დამხმარე სათავსოები. შემდგომ წლებში (1972, 1980, 1985, 1989) საწარმოში არაერთხელ ჩატარდა რეკონსტრ. და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. ფ-კა ყოველწლიურად უშვებდა ყველა სახის ტყავსაგალანტერეო ნაწარმს, მ. შ.: ქალის, ახალგაზრდულ, სამეურნეო, სამგზავრო, სპორტულ, საბავშვო და სასკოლო ჩანთებს (მკაცრად იყო განსაზღვრული მათი ზომა, წონა და მასალის შემადგენლობა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასებისათვის), ასევე ჩემოდნებს, ქამრებს, ხელთათმანებს, საქაღალდეებს და წვრილმან გალანტერეას. პროდუქცია მზადდებოდა ძირითადად ხელოვნური და ნაწილობრივ ნატურალური ტყავისაგან. წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებს, ძირითად და დამხმარე მასალებს, ფურნიტურას ფ-კა საბჭ. კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებიდან და საზღვარგარეთიდან იღებდა. პროდუქცია არაერთხელ დაჯილდოვდა საკავშ. და რესპ. გამოფენებზე. 1996 წ. 30 სექტემბრიდან ფ-კა გადაკეთდა სააქციო საზ-ბად და ეწოდა „თ".
XX ს. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონ. და პოლიტ. მდგომარეობის გამო შეწყდა ფინანს. და ეკონ. კავშირი მომწოდებლებთან. ამასთან ერთად დაიწყო იაფი, უხარისხო საქონლის შემოტანა (რ-თა გასაყიდი ფასი ბევრად ნაკლები იყო ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე). ყოველივე ამის გამო 2005-იდან ფ-კამ შეწყვიტა ფუნქციონირება.
ო. სირბილაძე