თალათ-ფაშა მეჰმედ

თალათ-ფაშა მეჰმედ (Talât Paşa) (10. IV. 1874 – 15. III. 1921), ოსმალეთის პოლიტიკური მოღვაწე. ახალგაზრდა თურქთა პარტიის „ერთობისა და პროგრესის" თავმჯდომარე; მეჯლისის დეპუტატი; 1913 სა­ხელმწ. გადატრიალების შემდეგ, ტრიუმვირატის (ენვერ-ფაშა, ჯემალ-ფაშასთან ერთად) წევრი. 1914, რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ხელშეკრულების დადების მიზნით, თ.-ფ-მ ენვერ-ფაშასთან ერთად მოლაპარაკება გამართა ლ. კერესელიძესთან, „სა­ქარ­თველოს გან­თავისუფლების კომიტეტის" წევ­რთან. თ.-ფ-ს ბრალად ედებოდა I მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდში მონაწილეობა. იგი მეთაურობდა ოსმ. დელეგაციას ბრესტ-ლიტოვსკის საზავო კონფერენციაზე, სადაც მოითხოვა, რომ რუსეთის ჯარებს დაეტოვებინათ კავკასია. გერმ. დახმარებით მან მიაღწია შეთანხმებას, რ-ის თანახმად „რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანა თავისი ჯარი ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქებიდან". ამიერკავკასიის კომისარიატის მთავრობამ თავისი დელეგაცია არ გააგზავნა კონფერენციაზე. ამიტომ „სა­ქარ­თვე­ლოს განთავისუფლების კომიტეტის" წევრები, რ-ებიც I მსოფლიო ომის დროს ბერლინში მოღვაწეობდნენ, სა­ქართველოს ინტერესების დაცვის მიზნით, თავიანთი ინიციატივით დაუკავშირდნენ გერმ. პრინც ლეოპოლდს (გერმ. აღმ. ფრონტის მთავარსარდალი), მისი შუამავლობით შეხვდნენ თ.-ფ-სა და ოსმ. წარმომადგენლებს და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ თ.- ფ. ბერლინში გაიქცა, სადაც 1921 მოკლეს დაშნაკმა ტერორისტებმა.

ლიტ.: გ ი გ ი ნ ე ი ­შ ვ ი ­ლ ი  ო., თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1963; ს ვ ა ნ ი ძ ე  მ., 1914 წელს ოსმალეთსა და „სა­ქარ­თვე­ლოს განთავისუფლების კომიტეტს" შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, წგ.: ქარ­თუ­ლი დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 2, თბ., 1995.

მ. სვანიძე