თანიაშვილი სულხან ავთანდილის ძე, XVII ს. პოეტი, ქართლის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. არჩილ II-ის ცნობით, განსწავლული პიროვნება და ცნობილი პოეტი ყოფილა. XVII ს. იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ალბომში მოთავსებულ თ-ის პორტრეტზე წარწერილია: „იბერია-კოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი სულხან ავთანდილაშვილი". თ-ის თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გალექსილმა „ამირანდარეჯანიანმა" ერთადერთი დეფექტური ნუსხით (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, შ–357). თხზულებას თან ერთვის ავტორისეული შესავალი ტრად. მსჯელობითურთ მიჯნურობაზე, პოეზიაზე, პროზასთან შედარებით ლექსის უპირატესობაზე და ა.შ. გალექსილი ვერსიის დასრულება თ-ს არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ძმამ ბეგთაბეგმა ითავა. ძეგლის ძირითადი ნაწილი სულხანის გალექსილია; რუსთველისა და თეიმურაზ I-ის ტრადიციების მიმდევარმა თ-მა შეძლო საკმაოდ ოსტატური თხზულების შექმნა.
ლ. კეკელიძე