თალაკვაძე გრიგოლ (გიგოლა) ანდრიას ძე

 

გ. თალაკვაძე

თალაკვაძე გრიგოლ (გიგოლა) ანდრიას ძე (24. III. 1914, ოზურგეთი, – 16. XII. 2001, თბილისი), მსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1981). სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942-იდან ოზურგეთის (1942–43 და 1946–49), ზესტაფონის (1943–45), თბილ. მოზარდ მაყურებელთა (1949–52) და სანკულტურის (1952–63) თეატრებში, ხოლო 1963-იდან შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო. უპირატესად სახასიათო როლებს ასრულებდა. მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალობა, ბუნებრიობა, სიმართლე და ორიგინალობა. -ის გამორჩეული როლებია: პეტუა (ა. ცაგარლის „ციმბირელი"), იერემია წარბა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი"), ფაშა ეფენდი (ვ. გუნიას „და-ძმა"), ონისე (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე"), თავადი კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი"), იოველი (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება"), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე"), მწყემსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), სპირიდონი (ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი"), ნოე (ნ. წულეისკირის და გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო"), ბერდია (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია").

გ. თალაკვაძე. ვეზირი, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა".

თ. წარმატებით მოღვაწეობდა კინოშიც. კინოროლებიდან აღსანიშნავია სრულიად განსხვავებული ხასიათის სახეები: ილო („რაც მოგივა დავითაო", 1959), სოლომან მორბელაძე („კარდაკარ", 1960, დ. კლდია­შვილის მიხედვით), ზოსიმე („ბურთი და მოედანი", 1961), თეოფილე („ჭიაკოკონა", 1961), კოწია („მე ვხედავ მზეს", 1965), ილარიონი („შეხვედრა წარსულთან", 1966), ილიკო პერტია („დათა თუთაშხია", 1978), კოწია („გამოაღეთ ფანჯრები", 1981), მიტო („დღეს ღამე უთენებია", 1983), გოკიელი („ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", 1984) და სხვ.