თალთების არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის (ძვ. წ. III ათასწლ. და ახ. წ. I–IV სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. არანისის აღმოსავლეთით, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, თიხის კარიერის ტერიტორიაზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1981 გათხარა ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლ. კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). 2–2,5 მ სიღრმეზე გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) ნამოსახლარის ნაშთები. ქვედა, შავმიწანიადაგიან ფენაში მრავლად იყო თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნავისებრი ხელსაფქვავის ფრაგმენტები; ზედა ფენა შეიცავდა I–II სს. ნამოსახლარის ნაშთებს. გაითხარა 1 ოთახი (ფართ. დაახლ. 12 მ²), რ-ის კედლები ნაგები იყო რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი ალიზის ბლოკებით. გამაგრებული ყოფილა ხის მსხვილი სარებით, რ-იც ხანძრის შედეგად დაიწვა. ნამოსახლარზე აღმოჩნდა 11 ქვევრი, თიხის ჭურჭლისა და გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები, ორმოები, რ-ებშიც საოჯახო ნარჩენები იყო. გაითხარა მცირე ჯგუფებად სხვადასხვა დონეზე (0,4–1,4 მ) განლაგებული 20 სამარხი (18 ორმოსამარხი, 1 ქვევრის ნატეხებით გადახურული ორმოსამარხი, 1 ქვევრსამარხი). ქვედა დონის სამარხებში (I–II სს.) მიცვალებულები ესვენენ მკვეთრად მოხრილი კიდურებით, მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, თავით ჩრდ.-დას-კენ. ჩატანებული ჰქონდათ წითლად ანგობირებული თიხის ხელადები, ჯამები. ზედა დონის სამარხებში (III–IV სს.) მიცვალებულთა ჩონჩხები ისე მკვეთრად არ იყო მოხრილი, თავი უმეტესად დას-კენ ჰქონდათ. ერთ შემთხვევაში მიცვალებული ზურგზე იწვა, მხოლოდ ფეხები ჰქონდა მოხრილი. ჩატანებული ჰქონდათ თიხის ხელადები, სასმისები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, აბზინდები და სხვ.
მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. საცავში.
ლიტ.: Р а м и ш в и л и Р. М., Д ж о р б е н а д з е В. А., Г л о н т и М. Г. и др., Работы Жинвальской археологической экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1981 году, Тб., 1984.
ც. რობაქიძე