თალმუდი

თალმუდი (ებრ., სიტყვასიტყვით – სწავლა, მოძღვრება), იუდაიზმის ეთიკური და სამართლებრივი კოდექსი, რ-იც ე. წ. ზეპირი მოძღვრების სახით ძველ აღთქმაზე დართვისას ქმნის იუდაისტური რელიგიის საფუძველს. შეიქმნა ძვ. წ. IV – ახ. წ. V სს-ში. თ. ძვ. ებრ. კულტურის ძეგლია, რ-იც, რელიგ.-სამართ. და რელიგ.-ფილოს. დებულებების გარდა, გვაწვდის ცნობებს მედ., ასტრონ., მათ., გეოგრ., ებრაელთა ბიბლიის შემდგომი ხანის ისტ. და სხვ. დარგებიდან. იგი არის, აგრეთვე ძვ. ებრ. ლიტ-რის მნიშვნელოვანი ძეგლი, რ-მაც შემოგვინახა ძვ. დიდაქტ. ლიტ-რისა და ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშები. საინტერესოა თ-ის ენაც, რ-იც ასახავს ძვ. წ. უკანასკნელ და ახ. წ. I ს-ში ებრ. მეტყველებას. ჩვენამდე მოაღწია ენობრივად და შინაარსობრივად განსხვავებულმა ორმა რედაქციამ: პალესტინურმა ანუ იერუსალიმის თ-მა (თალმუდ იერუშალმი), რ-იც დაწერილია ძირითადად არამეულის პალესტინურ დიალექტზე (რედაქცია გაუკეთდა III ს-ში) და ე. წ. ბაბილონის თ-მა (თალმუდ ბავლი), რ-იც ძირითადად არამეულის მესოპოტამიურ დიალექტზეა შექმნილი (რედაქცია გაუკეთდა V ს-ში).

თ. წარმოიქმნა იმ რთულ ისტ. პირობებში, როდესაც იუდაიზმს დასავლეთში ძვ. ბერძენთა და რომაელთა რელიგია დაუპირისპირდა, აღმოსავლეთში – ზოროასტრიზმი, მოგვიანებით კი თვით იუდაიზმის ბაზაზე წარმოქმნილი ქრისტიანობა. გაჩნდა იუდაისტთა ასიმილაციისა და გაქრობის საფრთხე. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად თ-ის შემქმნელებმა გამოიმუშავეს მთელი რიგი ამკრძალავი და ნებადამრთველი წესები, რ-თაც იუდაიზმის მიმდევართათვის დღესაც კანონის ძალა აქვთ.

თ-ში ორი ძირითადი სტრუქტურული ელემენტია: მიშნა (ძვ. აღთქმის წიგნების ვრცელი კომენტარი), რ-საც თან ერთვის თოსეფთა (მიშნის დამატებები), და გემარა (მიშნის კომენტარების კრებ.). მიშნა შეიცავს 63 ტრაქტატს, რ-ებიც გაერთიანებულია 6 ნაკვეთად: ზერაიმი (თესლები, ნაუსები – მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული წესები და ლოცვები), მოედი (დღესასწაული – რელიგ. დღესასწაულების პერიოდში მორწმუნეთა ქცევის წესები), ნაშიმი (ქალები – ოჯახური ურთიერთობისა და განქორწინების წესები), ნეზიკინი (დაზიანებანი – სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხები), კოდაშიმი (საკულტო ხასიათის მითითებები და ნორმები), ტეჰაროთი (სისუფთავე – რიტუალური ჰიგიენის საკითხები).

თ-მა ხაზი გაუსვა იუდაიზმის მიერ მონოთეიზმის აღიარებას (რაც ძვ. აღთქმის წიგნებიდან არც ისე მკაფიოდ ჩანდა) და ღმერთის ტრანსცენდენტურ ხასიათს, მის აბსოლუტიზმს. თ-ში მოცემულია სულის უკვდავების, საიქიოს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შე­სა­ხებ არსებულ წარმოდგენათა დასაბუთების მცდელობა.

თ-ში დაწვრილებითაა განხილული მესიანიზმი, ესქატოლოგია, კოსმოგონია და კოსმოლოგია. თ-ის არსებობის ხანგრძლივი ისტ. განმავლობაში ხდებოდა მისი კომენტირება, რასაც საფუძვლად ყო­ველთვის ადგილ. და თანადროული სოც.-ისტ. პირობები ედო. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპაში რაშის (რაბი შემუელ იცხაკი, 1040–1105) და აღმოსავლეთში მაიმონიდის კომენტარები.

თ-ის მეცნ.-კრიტ. შესწავლას მნი­შვნელობა აქვს როგორც საერთოდ რელიგიათმცოდნეობისათვის, ისე, კერძოდ, ქრისტიანობისა და ისლამის გენეზისისა და ისტორიისათვის.

ნ. ბაბალიკა­შვი­ლი