თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში

თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის თამაზ I-ის ბრძოლა სა­ქარ­თვე­ლოს დასაპყრობად. მთელი XVI ს. განმავლობაში ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდნენ ამიერკავკასიის ქვეყნებში ბატონობისათვის. ამ მიზნით „საღვთო ომის" საბაბით თამაზ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1541 შაჰი 12 ათ. მეომრით ყარაბაღიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოიჭრა და ღამით თავს დაესხა თბილისს, მეფე ლუარსაბ I იქ არ იმყოფებოდა. ყიზილბაშებმა აიღეს, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი. მათვე მოტყუებით აიღეს ბირთვისის მიუვალი ციხე და ლუარსაბის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ ლაშქრობის შედეგად თბილისი ყიზილბაშებმა დაიკავეს, მცველთა რაზმი ჩააყენეს და უკან გაბრუნდნენ. 1547 იანვარში თამაზ I შირვანიდან დაიძრა და ანისის გზით ახალქალაქში მივიდა. ­მტრის ლაშქარმა მოარბია ჯავახეთი, მერე ქვემო ქართლი და დიდი ნადავლით განჯაში დაბრუნდა.

ქარ­თლის მეფე ლუარსაბი ვერ ურიგდებოდა სამცხის ათაბაგის ირანისადმი მორჩილებას და ოსმალეთის გააქტიურებას ამ მხა­რეში. ქვეყნის უშიშროების უზრუნ­ველყო­ფის მიზნით მან სამცხის დიდი ნაწილი დაიკავა. ათაბაგმა ქაიხოსრომ დახმარებისათვის ირანს მიმართა. 1551 შაჰმა დიდი ჯარით გამოილაშქრა შაქიდან. მოსახლეობა სიმაგრეებში შეიხიზნა. ყიზილბაშებმა ააოხრეს ჯავახეთი და დაიპყრეს ციხესიმაგრეები – თმოგვი, აწყური, ვანის ქვაბები, აიღეს და გაძარცვეს ვარძია, საიდანაც დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. შაჰმა ქაიხოსროს ლუარსაბისაგან წართმეული ქვეყანა დაუბრუნა და ყარაბაღში დაბრუნდა. 1554 თამაზ I მეოთხედ შემოესია საქარ­თვე­ლოს. მან თავდაპირველად საბარათიანო დაიკავა, მერე შიდა ქართლში აიღო გორი, ზოგიერთი სხვა სიმაგრეც და შემოადგა ატენის ციხეს, სადაც იმყოფებოდნენ მეფისა და ­ქართვ. დიდებულთა ოჯახები. ყიზილბაშებმა შინაგამცემლობის შედეგად შეძლეს ციხის აღება. დიდ ნაალაფევთან ერთად 30 ათ. ტყვე წაიყვანეს, მ. შ. მეფის დედა ნესტან-დარეჯანი, და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბი დაედევნა მტერს, რამდენჯერმე შეებრძოლა და დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ტყვეები მაინც ვერ დაიხსნა.

თამაზ I-ის ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა სა­ქარ­თვე­ლოს – დამპყრობლებმა ბევრი ქალაქი და სოფელი დაარბიეს და გაძარცვეს, მრავალი ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. 1555 დაიდო ამასიის ზავი, რ-თაც ირანმა და ოსმალეთმა ამიერკავკასია გაინაწილეს.

წყა­რო: გორგიჯანიძე ფ., საქარ­თვე­ლოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», ტ. 2, ტფ., 1925; ეგნატა­შვილი  ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის  ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; ჰასან  რუმლუს ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ. სპარსული ტექსტი და თარგმანი ვ. ფუთურიძის, შენიშვნები რ. კიკნაძის, თბ., 1966.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

რ. კიკნაძე