,,თამარა'', საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა ქართველი (ძირითადად საფრანგეთში მცხოვრები) ემიგრანტებისგან 1941 წ. 20 ივნისს გერმანიის სამხედრო დაზვერვის – აბვერის მიერ. „თ-ს" თავდაპირველი მიზანი საქართველოში ეროვნ.-განმან. აჯანყების ორგანიზება იყო. ემიგრანტთა ორგანიზაციაში ჩარიცხვას, რ-იც 1941 მარტიდან დაიწყო, ხელმძღვანელობდა ქართ. ემიგრაციის ერთ-ერთი მემარჯვენე ლიდერი მ. კედია. წინასწარი მომზადების მიზნით ამ პერიოდში ოცამდე ქართვ. ემიგრანტი (ძირითადად „თამარ I-ის" მომავალი წევრები) მიავლინეს საგანგებო ერთკვირიან კურსებზე გერმ. სადაზვერვო-სადივერსიო სკოლაში ქ. ორლეანთან (საფრანგეთი). ივნისის ბოლოს „თ-ს" მომავალი წევრები – 130 მოხალისე (ქართვ. ემიგრანტების გარდა, ორგანიზაციაში შედიოდა 30-მდე გერმ. საკადრო პერსონალის წარმომადგენელი), რაც მნიშვნელოვნად აჭარბებდა ორგანიზაციის თავდაპირველად დაგეგმილ პირად შემადგენლობას, შეიკრიბა ქ. ვენაში, სადაც მოხდა ქვედანაყოფის უშუალო ფორმირება. სტრუქტურულად „თ." დაიყო ორ საგანგებო დანიშნულების ჯგუფად – „თ ა მ ა რ I " და „თ ა მ ა რ I I ".
„თამარ I" (მეთაური – გერმ. უნტერ-ოფიცერი ე. ჰერმანი) შედგებოდა თავის მხრივ ცალკე ქვეჯგუფებში გაერთიანებული 16 ქართვ. ემიგრანტისგან. 1942 აპრილის დასაწყისში „თამარ I" გადაისროლეს ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც ჯგუფის წევრები გადიოდნენ წვრთნას. სექტემბრის დასაწყისში „თამარ I" დაიყო ოთხ ქვეჯგუფად. თითო ქვეჯგუფი შედგებოდა 7 წევრისაგან: 3 გერმანელისა (ქვეჯგუფის მეთაური, ამფეთქებელი და რადისტი) და 4 ქართველისაგან.
4–6 სექტემბერს, ღამით ქ. საკის აეროპორტიდან საქართველოში თვითმფრინავებით გადასხეს „თამარ I-ის" ოთხივე ჯგუფი, რ-თა მოქმედების არეალს შეადგენდა წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულისა და ზუგდიდის რ-ნები. წინასწარ მიღებული ზომების მიუხედავად, ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა შემდეგი მიზეზების გამო: 1) გერმანელთა მიერ ამ დროს დაგეგმილმა შეტევამ, რ-ის შედეგადაც ვერმახტის 1 სატანკო არმია უნდა შემოჭრილიყო საქართველოში, მარცხი განიცადა. ამან შეუძლებელი გახადა მედესანტეთა დაკავშირება მთავარ გერმ. ძალებთან; 2) ლუფტვაფეს პილოტთა შეცდომისა თუ არახელსაყრელი კლიმ. პირობების გამო მედესანტეები გაიფანტნენ დიდ რადიუსზე, რამაც შეუძლებელი გახადა მათი შეკავშირება მიწაზე.
უკვე 13 სექტემბერს, საქართვ. შინსახკომმა გამოსცა ბრძანება, რ-ის თანახმად დაკავებული მედესანტეები შეპყრობის ადგილზევე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ოქტომბრისთვის მედესანტეთა დიდი ნაწილი უკვე შეპყრობილი ან მოკლული იყო.
„თამარ II" (მეთაური – გერმ. ობერ-ლეიტენანტი ო. კრამერი) წარმოადგენდა ასევე ცალკე ქვეჯგუფებად დაყოფილ 80 ქართვ. ემიგრანტისგან შედგენილ ოპერატიულ დანაყოფს. 1942 სექტემბერში, ვენაში ფორმირების შემდგომ, „თამარ II“ გადაისროლეს რუმინეთში, ბუქარესტის ახლოს, შემდეგ კარპატების მთების ძირას მდებარე სოფ. ოდობეშტში, ქ. ფოქშანთან, სადაც კავკასიასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გადიოდა გაძლიერებულ სამთო-სასროლო მომზადებას. ქართვ. ემიგრანტთა არაოფიც. მეთაურის როლს ასრულებდა დამოუკიდებელი საქართვ. არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ს. ზალდასტანიშვილი.
1941–42 ზამთარში „თამარ II-ის" წევრები მონაწილეობდნენ გერმ. საბჭოთა ტყვეთა ბანაკებიდან ქართვ. წითელარმიელი ტყვეების გადაბირება-გამოყვანაში, რ-ებიც შემდგომ "თამარ II-ის" შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.
1942 დასაწყისში „თამარ II-ის" პირადი შემადგენლობა, რ-ის რიგებში დაახლოებით 130 ქართვ. ემიგრანტი და ყოფ. საბჭოთა ტყვე იყო, გადაისროლეს ქ. შტრანსში (სილეზიაში). აქ მოხალისეები შეიყვანეს აბვერის მეთაურის, ადმირალ ვ. კანარისის პირადი ბრძანებით შექმნილ კავკ. საგანგებო დანიშნულების ბატალიონის „ბერგმანის" შემადგენლობაში, რ-ის თავდაპირველ მიზანს ასევე კავკასიაში სადაზვერვო-სადივერსიო ოპერაციების განხორციელება შეადგენდა.
ლიტ.: გ ა ბ ლ ი ა ნ ი გ., ჩემი მოგონებანი (მეორე მსოფლიო ომი), ტ. 1–2, ქუთ., 1998–2000; М а м у л и а Г., Грузинский легион в борьбе за свободу и независимость Грузии в годы Второй мировой войны, თბ., 2007.
გ. მამულია