თარგიმის ეკლესია, შუა საუკუნეების ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლი ინგუშეთში, მდ. ასას მარჯვ. ნაპირზე, სოფ. თარგიმიდან 4 კმ-ზე. წარმოადგენს მცირე ზომის ერთნავიან ნაგებობას, რ-ის ქვეშ დაახლოებით 2 მ სიმაღლის საძვალეა მოწყობილი. საძვალის მასიური კედლები დარბაზის კედლების საძირკველს წარმოადგენს. ნაგებია ფიქლით, მცირედ დამუშავებული რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლები შელესილია, შესაძლოა, მოხატულიც იყო. ინტერიერში გრძივ კედლებზე პილასტრების ერთი წყვილია, რ-ზეც კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. შესასვლელი სამხრ. კედელშია გაჭრილი. საკურთხევლის აფსიდში ტრაპეზის ნაშთები შეინიშნება.
ლიტ.: ქალდანი ა., ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში, «ძეგლის მეგობარი», 1988, №1.