თარგმანი

თარგმანი, მ ხ ა ტ ვ რ უ ლ ი, ლიტერატურული შემოქმედების დარ­გი. მხატვრული თხზულების გადატანა ერთი ენიდან მეორე ენაზე. მხატვრული თ-ის ისტორია საკუთრივ ლიტ-რის ისტ. განუყოფელი ნაწილია. ქართ. მწერლობის ისტ. სათავეებთან თარგმნილი ლიტერატურაც დგას.

ძვ. ქარ­თუ­ლი თ. (V–XVIII სს.) ძირითადად ქრისტ. აღმოსავლეთის რელიგ.- კულტ. მონაპოვართა ეროვნ. ნიადაგზე გადმონერგვას წარმოადგენს. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული ბიზანტ.-­ქართ. კულტ.-ლიტერატურული ტრადიციები. სათარგმნი მასალის შერჩევა სხვადასხვა კულტ. მოთხოვნათა გათვალისწინებით ხდებოდა. ქართ. ქრისტ. მწერლობა დასაბამიდანვე უშუალოდ ბერძნულთან იყო დაკავშირებული (V ს. I მეოთხედი). შემ­დგომში თხზულებები ითარგმნებოდა ქრისტ. აღმოსავლეთის სხვა ხალხთა ენებიდანაც – სირიულიდან (V–XIV სს.), სომხურიდან (V ს. შუა წლებიდან), არაბულიდან (VIII–X სს.). უძველესი პერიოდის თარგმანები ჩვენამდე ნაკლებადაა მოღწეული. მათი ხასიათის განსაზღ­ვრა ჭირს. სავარაუდოა, იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი თარგმანი, უფრო გაქართულებული.

ეს განპირობებული იყო, ალბათ, მკითხველის შესაძლებლობებითა და აღქმის დონით. ამას გვაფიქრებინებს გიორგი ათონელის (იხ. გიორგი მთაწმიდელი) მიერ გამოყენებული ტერმინი – ქარ­თუ­ლი დავითნი. ძვ. ქართ. თ. მონოგენური ხასიათის იყო, იგი რწმენის (ორთოდოქსიის) დაცვა-განმტკიცებას ემსახურებოდა. ითარგმნებოდა ბიბლიური წიგნები, ეგზეგეტიკის უარსებითესი ნიმუშები. X ს-იდან ათონის ქართ. მწიგნობ­რობა უშუალოდ დაუკავშირდა ბიზანტიას და კონსტანტინოპოლის ლიტურგიკულ პრაქ­ტიკას. გაჩნდა აუცილებლო­ბა ­ქართვ. მკითხველისათვის მიეწოდებინათ ყველაფერი მნიშვნე­ლოვანი ბიზანტ. ლიტ-რიდან ყველა დონის მკითხველის მოთხოვნილების გათვალისწინებით. ამ მიზნით ათონის სალიტ. სკოლის მამამთავარი ექვთიმე ათონელი (იხ. ექვთიმე მთა­წმიდელი), ბიზანტ. კომენტატორთა თუ საენციკლოპედიო მოღვაწეთა შესაბამისად, სხვა­და­სხვა წყა­როს კომპილაციის, ინტერპოლირების ან გამოკრების მეთოდით ქმნიდა ენციკლოპედიურ-უნივერს. ხასიათის თარგმანებს. ამით იგი ახდენდა ბიზანტ. კულტურის ქართ. კულტურასთან ადაპტაციას. ათონის სალიტ. სკოლაში შემუშავდა ორიგინალის ზუსტად თარგმნის თვალსაზრისი. ამან განაპირობა ბიბლ. წიგნების ახ. თარგმანებისა და ახ. რედაქციების შექმნა – დავითნი, სახარება, სამოციქულო; ასე ითარგმნა ბასილი კესარიელის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნოსელის კლასიკური ეგზეგეტიკური თხზულებანი ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების, თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ. ამავე სკოლაში პირველად, შედარებით სრულყოფილად, ითარგმნა აგრეთვე დიდ კაპადოკიელთა: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ექვთიმე ათონელი), გრიგოლ ნოსელის (გიორგი ათონელი) და სხვათა ჰომილეტიკური შრომები. ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდი ძვ. ქართ. თიდან ახ. ტიპის თ-ზე გადასვლის გარდამავალი საფეხურია, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა არა მხო­ლოდ ქართ. მწერლობის შემ­დგომდროინდელი კულტ. ორიენტაცია, არამედ თ-ის ხასიათი და თავისებურებაც. თ. სულ უფრო მეტად ითვალისწინებს განათლებული მკითხველის მოთხოვნილებას, ამაღლებს მის ინტელექტუალურ დონეს.

თ-ის ახ. თეორ. პრინციპები შემუშავდა XI–XII სს-ში, როდესაც ქართ. საეკლ. მწერლობაში მიმართეს ე. წ. ელინოფილურ მეთოდს, ამავე დროს, განვითარდა საერო ჟანრის მწერლობაც. პირველი უკავშირდება ეფრემ მცირის, ხოლო მეორე – სარგის თმოგველის სახელს. ეფრემ მცირემ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების მთარგმნელობით მეთოდს გვერდი აუარა. ეფრემთან მხატვრულობა პირობითი ცნება გახდა, თმოგველთან კი ის წამყვანია. ეფრემმა შექმნა თარგმნის ზოგადი თეორია, რ-იც ქართ. მთარგმნელობითი საქმიანობის საფუძველი გახდა. მის მთარგმნელობით მოღვაწეობაში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან – „სიტყვადართვითი" თარგმანიდან – დედნის ადეკვატურ თარგმანზე თანდათანობითი გადასვლის პროცესი, რაც ბიზანტ. სას. მწერლობის ზედმიწევნითი აღქმის მოთხოვნილებამ განაპირობა. მთარგმნელი უნდა თარგმნიდეს უშუალოდ დედნიდან ზუსტად, მაგრამ არა სიტყვასიტყ­ვით; შეუმოკლებლად და შეუმატებ­ლად, სათაურისა და გებულების შეუცვლელად; უნდა ითვალისწინებდეს ორიგინალის ენისა და ქართ. ენის თავისებურებასა და შესაძლებლობას. თარგმნის ელინოფილური მეთოდის დამკვიდრებით ეფრემ მცირემ სათავე დაუდო საღვთისმეტყველო, ლიტ.-თეორ. ტერმინოლოგიისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას.

ელინოფილური მთარგმნელობითი ტრადიციის გამგრძელებე­ლია არსენ იყალთოელი. მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო-ფილოს., დოგმატიკურ-ჰომილეტიკური ლიტ-რის თარგმნა და კომენტირება (იოანე დამასკელის, ანასტასი სინელის, თეოდორე აბუკურას და სხვათა თხზუ­ლებანი, შესული მის მიერ შედგენილ კრებულ „დოგმატიკონში"). არსენი იყო ერთ-ერთი მნიშვ­ნელოვანი მოღვაწე-შემოქმედი ე. წ. გელათურ საღვთისმეტყველო სკოლაში, რ-მაც განსაზღვრა XII–XIII სს. ქართ. სას. მწერლობის განვითარების მიმართულება. ძვ. ქართ. თ-ის მეორე ნაკადია სპარსულენოვანი საერო ლიტ-რის თარგმნა. საერო ლიტ-რის ძეგლების თარგმნის თეორია ჩვენს წინაპართაგან თითქმის არ განსაზღვრულა. უეჭველია, მას უკვე არსებულ თეორიათა შემოქმედებითი ათვისება უნდა დასდებოდა საფუძვლად. თარგმანის ზოგადი მოთხოვნები უნდა განსაზღვრულიყო სათარგმნი ძეგლის ხასიათით. ამის საუკეთესო მაგალითია „ვისრამიანი", რ-ითაც იწყება თ-ის ე. წ. საერო ნაკადი. აღმ. ლიტ-რის თარგმნა მომძლავრდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართ. მწერლობაში (XVI ს.). უხვად ითარგმნებოდა სპარს. სარაინდო, სამიჯნურო, დიდაქტ. ეპოსის ნიმუშები, რ-თა შორის აღსანიშნავია „შაჰ-ნამეს" ქართ.ვერსიები, „ქილილა და დამანას" თარგმანები, დიდია თეიმურაზ I-ისა და სხვათა დამსახურება. იცვლება თ-ის ხასიათი – მხატვრულ ლიტ-რასთან ერთად რუსულიდან ითარგმნება რუს. და ევრ. სამეცნიერო, ფილოს., ისტ. ლიტ-რა (ს. დოდა­შვი­ლის, ს. რაზმაძისა და სხვათა მიერ). XIX–XX სს. ქართ. ­თარგმნილ ლიტ-რას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ევრ. ორიენტაცია, რ-ის პირველი პრაქტ. გამოვლენა განმანათლებლობასა და ვოლტერიანელობას უკავშირდება. XIX ს. თარგმანთა სიმრავლით ხასიათდება. ქართ. თ-ის ისტორიის ამ ეტაპის თვალსაჩინო ფიგურაა ა. ჭავჭავაძე. მან თარგმნა ა. პუშკინის ლექსები, ეზოპესა და ჟ. ლაფონტენის იგავ-არაკები, რასინის მონოლოგები, კორნელის ტრაგედია „სინა" და სხვ.; გ. ერისთავმა – ფ. შილერის „ხელთათმანი"; ნ. ავალიშვილმა – დრამა „ყაჩაღები"; ნ. ბარათაშვილმა – ი. ლაიზევიცის ტრაგედია „იულიუს ტარენტელი", მართალია, რუსულიდან, მაგრამ ეს ფაქტი მაინც რჩება გერმ. ლიტერატურისადმი ინტერესის პირველ გამოვლენად. ამ თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ნ. ბარათა­შვი­ლის გადმოცემით, დ. ყიფიანს ფრანგულიდან უთარგმნია უ. შექს­პი­რის „რომეო და ჯულიეტა". ჩვენამდე არც ამ თარგმანს მოუღწევია.

ქართ. თარგმნილ ლიტ-რას დი­დი ამაგი დასდო ი. ­ჭავჭავაძემ. სტუდენტობის წლებში მას უთარგმ­ნია ი. ვ. გოეთეს, ვ. სკო­ტის, ფ. შილერის, ჯ. ბაირონის, ჰ. ჰაინეს, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვისა და სხვათა ლექსები. მნიშვნელოვანია ილიას პოზიცია თ-ის როლის გააზრებისა და სათარგმნი ნაწარმოების შერჩევის შე­სა­ხებ, რაც კარგად ჩანს მის წერილში «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის" თარგმნაზედა». ამავე პოზიციის ნაყოფია უ. შექს­პი­რის „მეფე ლირის" ილიასეული თარგმანი (ი. მაჩაბელთან ერთად). ნაყოფიერად თარგმნიდა ა. წერეთელიც, მას გადმოუქართუ­ლებია ეზოპეს, ჟ. ლაფონტენისა და ი. კრილოვის იგავ-არაკები. XIX ს. უდიდეს მონაპოვრად რჩება ი. მაჩაბლის თარგმანები. 90-იან წლებში მან დამოუკიდებლად თარგმნა უ. შექს­პი­რის „ჰამლეტი", „ოტელო", „რიჩარდ მესამე", „მაკბეტი" და სხვ. მაჩაბლის მთარგმნელობითი მე­თოდის ერთგულება იგრძნობა XIX ს. მიწურულისა და XX ს. დასაწყისის თარგმანებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თ. სახოკია.

XX ს. ოციან წლებამდე თარგმნილ ლიტ-რას არ შემატებია მნიშვ­ნელოვანი ნაწარმოებები. ქართ. კულტურის მოამაგე ა. ლაისტი მთარგმნელებს მოუწოდებდა, თავიანთი მოღვაწეობით ხელი შეეწყოთ ლიტ-რის აღმავლობისათვის. ამ წლებში ევროპიდან რუსეთის გავლით ჩვენამდე მოაღწია დეკადენტურმა პოეზიამ. ე. როსტანის, ო. უაილდის, პ. ვერლენის, ე. ვერჰარნის, ა. რემბოსა და სხვათა პოეზიის ნიმუშები თარგმნეს ვ. გაფრინდაშვილმა, პ. იაშვილმა, ს. შანშიაშვილმა, კ. ჭიჭინაძემ და სხვ. XX ს. 20–30-იანი წლები თარგმნილ ლიტ-რაში შეიძლება ჩაითვალოს ძიების ხანად. სათარგმნი მასალის შერჩევას უმეტესად სტიქიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა თანდათან გამოიკვეთა მთარგმნელთა მთელი პლეადა. მათგან ეპო­ქალური მნიშვნელობისა იყო გ. ქიქოძე, რ-იც ძირითადად ფრანგ. ლიტ-რას თარგმნიდა, საჭიროების შემთხვევაში იგი ინარჩუნებდა არქაიზებულ სტილს. ასეა თარგმნილი ო. ბალზაკის, სტენდალის, პ. მერიმეს, ა. ფრანსის, ა. დოდეს, მ. ლერმონტოვის და სხვ. თხზულებები. გ. ქიქოძემ აღადგინა და განამტკიცა დედნის ენიდან თარგმნის აუცილებლობის ტრადიცია.

40-იანი წლებიდან ქართ. მწერლობა თარგმნილი ლიტ-რის სიუხვით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დედნის ენიდან თარგმნას. თარგმნილი ინგლისურენოვანი ლიტ-რის სფეროში აღსანიშნავი იყო ი. მაჩაბლის თარგმანების ექვს ტომად გამოცემა (1953–60) გ. გაჩეჩილაძისა და ნ. ყიასა­შვილის კომენტარებით. პარალელურად გრძელდებოდა შექს­პირის თარგმნა (გ. გაჩეჩილაძე, რ. თაბუკა­შვი­ლი, ე. კვიტაი­შვი­ლი, ს. ფაშალი­შვი­ლი, მ. ქარჩავა), „მეფე ლირისა" და „ჰამლეტის“ რამდენიმე ნაწყვეტი თარგმნა კ. გამსახურ­დიამ. XX ს. 30-იან წლებში დაიწყო ჩ. დიკენსის შემოქმედების თარგმნა, თუმცა რუს. ენიდან. დიკენსი მხოლოდ 50-იან წლებში ითარგმნა დედნიდან (მ. იანქოშვილი, ნ. კეშელავა, ვ. ჭელიძე). ქართულად თარგმნილი ლიტ-რა მდიდარია ინგლ., შოტლანდიური და ამერ. ლიტ-რის საუკეთესო წარმომადგენელთა თხზულებების თარგ­მანებით. თარგმნილია ჯ. ბაირონის (გ. გაჩეჩილაძე, თ. ერისთავი, ი. მერაბი­შვი­ლი, კ. ჭიჭინაძე), უ. თეკერეის (ა. გამყრელიძე), ჯ. მილტონის (ე. კვიტაი­შვილი, ვ. ჭელიძე), ჯ. გოლზუორთის (ნ. ბადრია­შვი­ლი, ა. გამყრელიძე, ე. მაღრაძე და სხვ.), ვ. სკოტის (ვ. ჭელიძე), ჯ. ლონდონის (თ. მაღრაძე, ვ. ჭელიძე), ო. უაილდის (ზ. გამსახურდია, თ. მაღრაძე), მ. ტვენის (თ. დიასამიძე, გ. ყიფშიძე, ა.ლეკია­შვი­ლი), უ. ფოლკნერის (რ. თვარაძე), ჯ. ჯოისის (ნ. ყიასა­შვილი), ჯ. სტაინბეკის, ჯ. სელინჯერის (ვ. ჭელიძე), ე. ჰემინგუეის (ი. გურგულია, ე. ფაღავა, ვ. ჭელიძე) და სხვ. მწერალთა თხზულებები. ნაყოფიერად თარგმნიან ინგლისური ენიდან აგრეთვე დ. ბარბაქაძე, გ. გოკიელი, ზ. ჭილაძე, გ. ჭუმბურიძე, ი. ტაველიძე, კ. ჯანდიერი და სხვ.

XIX–XX სს. ფრანგ. ლიტ-რა სტილის მრავალფეროვნებით ხა­სიათდება, რაც ქართ. თარგმანებშიც მეტ-ნაკლებად ზუსტად აისახა. ამ თარგმანებში ჩანს გ. ქიქოძის მემკვიდრეობის ზეგავლენა, მის მიერ შემუშავებული ზოგად-ფრანგ. ნატიფი სტილის შემოქმედებითი ათვისება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ი. ქავჟარაძის (ო. ბალზაკის „პოლკოვნიკი შაბერი", „გობსეკი"). თ. ქიქოძის (მ. დრიუონის „კერპთა დამხობა"), ქ. ირემაძის (ა. ფ. პრევოს „მანონ ლესკო“), ჯ. ჭუმბაძის (პ. მერიმეს „შარლ IX მეფობის ქრონიკა") თარგმანებში, რ-ებშიც მთარგმნელებმა გამოავლინეს დიალოგის ბუნებრივად აგებისა და პროზის რიტმის დაცვის უნარი. განსხვავებული მანერით – დედნის სტილის ზუსტი დაცვით – არის თარგმნილი მ. ჯავახი­შვი­ლის მიერ გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარი", გ. ფლობერის „მადამ ბოვარი" (ა. ჭუმბაძე). ფლობერისავე „სალამბოს" თარგმანი (კ. ქილარჯიანი, მ. გიგინეი­შვი­ლი) კი ყურადღებას იპყრობს სტილიზებული არქაიზაციით.

ფრანგ. ლიტ-რა ქართულად წარმოდგენილია ლ. არაგონის (ა. და ზ. ჭუმბაძეები), დ. დიდროს (დ. კახაბერი), მ. დრიუონის (მ. ბაქრაძე, თ. კოპლატაძე), ა. კამიუს (გ. ბუაჩიძე, კ. ჯავრი­შვი­ლი), ა. დიუმას (თ. საჯაია, ჯ. ჭანტურია), ფ. მორიაკის (კ. ქილარჯიანი), ფ. რაბლეს (ე. ბაგრატიონი, გ. გოგია­­შვი­ლი), რ. როლანის (გ. გეგელია, ნ. იორდანი­შვი­ლი), ვ. ჰიუგოს (შ. პაპუა­შვი­ლი) და სხვა მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებით. ე. ზოლას, ფ. ერიას, ფ. საგანის, პ. მერიმეს ნაწარმოებები თარგმნა ნ. ქადეიშვილმა. პ. კორნელის, ჟ. რასინისა და მოლიერის დრამები და კომედიები თარგმნეს ო. ჭილაძემ, ნ. ქადეიშვილმა, დ. წერედიანმა, გ. გეგეჭკორმა, რ. დოდაშვილმა, გ. ეკიზაშვილმა. ფრანგ. პოეზია თარგმნეს გ. გეგეჭკორმა, ლ. ღოღობერიძემ, თ. ჩხენკელმა, დ. წერედიანმა თარგმნა ფ. ვიიონის „დიდი ანდერძი" და „მცირე ანდერძი". გერმანულენოვანი ლიტ-რის თარ­გმ­ნა ძირითადად XX ს-ში დაიწყო. ი. ვ. გოეთეს ნაწარმოებები თარგმნეს დ. ონიაშვილმა, პ. მირიანაშვილმა, კ. გამსახურდიამ, გ. ჯორჯანელმა, ი. ქემერტელიძემ, ვ. ბეწუკელმა, დ. წერედიანმა, ლ. თაკვარელიამ. აქვე უნდა აღი­ნიშნოს გოეთეს ლირიკის, პოემებისა და ბალადების თარგმანები, რ-ებიც შესრულებულია კ. გამსახურდიას, ხ. ვარდო­შვი­ლის, კ. ჭიჭინაძის, ვ. ბეწუკელის, ა. გელოვანის, ო. ჯინორიას მიერ. თარგმნილია ფ. შილერის (ს. შან­შია­შვი­ლი, ვ. ბეწუკელი), ჰ. ჰაინეს (ი. ქემერტელიძე, გ. და კ. ჯორჯანელები, ა. გელოვანი, ხ. ვარდო­შვი­ლი, კ. ჭიჭინაძე, გ. აბაშიძე, გ. გეგეჭკორი და სხვ.), შ. ცვაიგის (ა. გელოვანი, ნ. კალანდარი­შვი­ლი, ლ. ჯაფარიძე, კ. ჯორჯანელი); ჰ. ჰესეს (ნ. გოგოლა­შვი­ლი, დ. ფანჯიკიძე, რ. ქებულაძე, რ. ყარალა­შვი­ლი), ე. მ. რემარკის (კ. გამსახურდია, ა. გელოვანი, გ. კარბელა­შვი­ლი, ო. ხუცი­შვი­ლი, გ. და კ. ჯორჯანელები), ფ. კაფკას (ნ. ამაშუკელი, ნ. კაკაბაძე, ზ. კაკაბაძე), ლ. ფოიხტვანგერის (ე. კვასხვაძე, მ. კოდუა, ჯ. ქარჩხაძე, დ. წერედიანი, ლ. ხუჭუა), ჰ. ბელის (ნ. ამაშუკელი, ნ. რუხაძე, თ. პატარაია) და სხვა გერმ. მწე­რალთა ნაწარმოებები. გერმ. მწერლის თ. მანის მოთხრობები თარგმნეს ნ. რუხაძემ, ი. სურგულაძემ, დ. ფანჯიკიძემ, პ. ჩარკვიანმა, ც. ჩხე­იძემ, თ. წერეთელმა, კ. ჯორჯანელმა; მისივე რომანები – დ. ფანჯიკიძემ, შ. პაპუაშვილმა.

80–90-იან წლებში ითარგმნა რ. მ. რილკეს პოეზია (ვ. კოტეტი­­შვი­ლი და სხვ.), ნ. გელაშვილმა თარგმნა რილკეს რომანი „მალტეს ლაურიდის ბრიგეს ჩანაწერები". არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი რუსი მწერალი და პოეტი, ქართულად რომ არ იყოს თარგმნილი. მკითხველი იცნობს ლ. ტოლსტოის (ი. აგლაძე, თ. საყვარელიძე, ლ. ტიტვინიძე, ე. უბილავა), თ. დოსტოევსკის [ა. და ი. ახალშენიშვილები (იხ. ახალშენიშვი­ლი ი.), რ. ქობულაძე, ც. ჩხე­იძე], მ. ლერმონტოვის (დ. გაჩეჩილაძე, გ. გეგეჭკორი, რ. თვარაძე, მ. ლებანიძე, კ. ნადირაძე, შ. ნიშნიანიძე, გ. ქიქოძე და სხვ.), ნ. გოგოლის (ა. და ი. ახალშენიშვილები, თ. ბებური­შვილი, თ. დეკანოზი­შვი­ლი, ა. სოკოლოვა და სხვ.), ა. პუშკინის (ვ. გაფრინდა­შვი­ლი, პ. ია­შვი­ლი, კ. გამსახურდია, შ. დადიანი, ა. კალანდაძე, მ. ლებანიძე, ჯ. ჩარკვიანი, ს. ჩიქოვანი, თ. ჩხენკელი, ო. ჭილაძე და სხვ.) ნაწარმოებების თარგმანებს. ქართულად თარგმნილია ა. გრიბოედოვის, ი. ტურგენევის, ა. ჩეხოვის შემოქმედება, ასევე მ. გორკის, მ. შოლოხოვის, ა. ტოლსტოის, ა. ფადეევის, მ. ზოშჩენკოს, მ. ბულგაკოვისა და სხვ. ნაწარმოებები; ს. ესენინის, ა. ახმატოვას, ა. ბლოკის ლექსები, ბ. პასტერნაკის მემკვიდრეობის მცირე ნაწილი. შედარებით უკეთ იცნობს მკითხველი ნ. ტიხონოვის, ნ. ზაბოლოცკის, ბ. ახმადულინას, ე. ევტუშენკოს, ა. ვოზნესენსკის შემოქმედებას.

იტალ. ლიტ-რიდან მნიშვნელოვანია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის" არასრული თარგმანი (კ. გამსახურდია, კ. ჭიჭინაძე), თარგმნილია დანტეს „ახალი ცხოვრება" (ბ. ბრეგვაძე, თ. ჩხენკელი). უხვად არის თარგმნილი ­ბერძნ.- რომაული ლიტ-რა. ჰომეროსის „ილიადასა“ (რ. მიმინო­შვი­ლი) და „ოდისეას" (პ. ბერაძე) პოეტური თარგმანების გარდა გვაქვს ამავე ეპოსის პროზაული თარგმანი (ზ. კიკნაძე, თ. ჩხენკელი), ­თარგმნი­ლია პლუტარქეს, პლატონის, ევრიპიდეს, არისტოფანეს, საფოს, ჰორაციუსის, ვერგილიუსის, მარკუს ავრელიუსისა და სხვ. ნაწარმოებები (ბ. ბრეგვაძე, ნ. გელა­შვი­ლი, ზ. კიკნაძე, გ. სარი­­შვი­ლი, ნ. ტონია, ა. ურუშაძე, თ. ყაუხჩი­შვი­ლი, თ. ჩხენკელი და სხვ.). ესპ. ლიტ-რის ინტენს. თარგმნა XX ს. 70-იან წლებში დაიწყო. მანამდე, XX ს. დასაწყისში, ნ. ავალიშვილმა თარგმნა მ. დე სერვანტესის „დონ-კიხოტი“, 90-იან წლებში კი გამოიცა „დონ-კიხოტის“ ბ. ბრეგვაძისეული თარგმანი. თარგმნილია გ. გარსია მარკესის (ე. ახვლედიანი, თ. გვასალია), ხ. გოიტისოლოს (გ. ახვლედიანი), ხ. რ. ხიმენესის (მ. გიგინეი­შვი­ლი) და სხვა ესპანურენოვან მწერალთა ნაწარმოებები. ინდური ლიტ-რიდან ­ქართვ. მთარგმნელების ყურადღება მიიპყრო რაბინდრანათ თაგორის შემოქმედებამ. თაგორი ქართ. ენაზე თარგმნეს ც. გამყრელიძემ, დ. ინწკირველმა, ლ. კალანდაძემ, ლ. ღოღობერიძემ, თ. ჩხენკელმა, ნ. ხომერიკმა. ძვ. ებრაულ პოეზიას ვიცნობთ ჯ. აჯია­შვი­ლის თარგმანებით.

აღმოსავლური პოეზია ძირითადად სპარს. პოეზიითაა წარმოდგენილი. თარგმნილია საადის „ბუსთანი" (დ. კობიძე), ძვ. ირანული, ანუ ავესტური პოეზია (გ. ახვლედიანი, მ. ანდრონიკა­შვი­ლი), ნიზამი განჯევის პოემა „ლეილი და მეჯნუნი"(მ. თოდუა), ნიზამი განჯევის, ფირდოუსის, ანარის, აბუსაიდის, ჯალალ ად-დინ რუმის, ჰაფეზის პოეზია (ნ. ბართაია, ა. გვახარია, მ. თოდუა, ვ. კოტეტი­­შვი­ლი, გ. ლობჟანიძე, ა. ჭელიძე). არაბ. ლიტ-რიდან მნიშვნელოვანია თ. მარგველა­შვი­ლისა და ნ. ფურცელაძის მიერ თარგმნილი „ათას ერთი ღამე". მკვდარი ენებიდან – ბაბილონურიდან და შუმერულიდან – თარგმნის ზ. კიკნაძე. თურქულ ლიტ-რას ­ქართვ. მკითხველი გაეცნო ი. გოცირიძის, ლ. ჩლაიძის, გ. შაყულა­შვი­ლის, ნ. ჯანაშიას, ქ. ტომარაძის და სხვათა თარგმანებით. ქართულად მოგვეპოვება პოლონური, ნორვეგიული, ფინური, უნგრული, ჩეხური, იაპონური, ჩინური ლიტ-რის ნიმუშები. თ-თა სიუხვემ გამოიწვია თარგმანმცოდნეობის განვითარება, რ-იც სამ ასპექტს მოიცავს: ლიტ. ურთიერთობებს, თ-ის ისტორიასა და თ-ის თეორიას.

ლიტ. ურთიერთობების დარგში აღსანიშნავია დ. ლაშქარაძის, შ. რევი­შვი­ლის, ო. ბაქანაძის, ვ. კავთია­შვი­ლის, ნ. უბილავას, მ. ბიბილეი­შვი­ლის ნაშრომები. თ-ის ისტორიაში გამორჩეულია კ. კეკელიძის ღვაწლი. თ-ის თეორიის შექმნის პირველი ცდა გ. გაჩეჩილაძის სახელს უკავშირდება. თ-ის ცალკეულ საკითხებზე გამოირჩევა ლ. ბრეგაძის, რ. თვარაძის, ნ. კაკაბაძის, თ. კოპლატაძის, ი. მერაბი­შვი­ლის, მ. ნათაძის, ნ. საყვარელიძის, დ. ფანჯიკიძის, რ. ჩხეიძის, ვ. ჭელიძის და სხვათა ნაშრომები.

ლიტ.: ბ ა ქ ა ნ ი ძ ე  ო., ქართულ-უკრაინული ლიტერატურული და თეატრალური ურთიერთობანი, თბ., 1982; ბ ი ბ ი ლ ე ი ­შ ვ ი ­ლ ი  მ., გერონტი ქიქოძე – ფრანგული ლიტერატურის კრიტიკოსი და მთარგმნელი, თბ., 1978; ბ რ ე გ ა ძ ე  ლ., პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს, თბ., 1984; გ ა ჩ ე ჩ ი ლ ა ძ ე  გ., მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, თბ., 1959; ი ნ წ კ ი რ ვ ე ლ ი  დ., დანტე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1985; კ ა ვ თ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1978; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., მთარგმნელობითი მეთოდი ძველ ქართულ ლიტერატურაში და მისი ხასიათი, წგ.: ეტიუდები ძველი ქარ­თუ­ლი ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; მ ი ს ი ვ ე , უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, იქვე, ტ. 5, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე , ძველი ქარ­თუ­ლი ლიტერატურის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1960; ლ ა შ ქ ა რ ა ძ ე  დ., გოეთე ქართულ ლიტერატურაში, თბ., 1985; მ ე ნ ა ბ დ ე  ლ., ძველი ქართველი მწერლები ლიტერატურულ ურთიერთობათა და მთარგმნელობითი ხელოვნების შე­სა­ხებ, «სა­ქარ­თვე­ლოს ლიტერატურათმცოდნეობითი აკადემიის შრომები», I, თბ., 1997; მ ე რ ა ბ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ი., პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბ., 2005; მ ი ს ი ­ვ ე , თარგმანი – კულტურათა დიალოგი, თბ., 2005; ფ ა ნ ჯ ი კ ი ძ ე  დ., თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბ., 1988; მ ი ს ი ვ ე , ენა, თარგმანი, მკითხველი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, ქართუ­ლი თარგმანის ისტორიის საკითხები, თბ., 2005; ჭ ი ლ ა ძ ე  ე., ძველი ქართუ­ლი საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., 1996.

ე. ბეზარა­შვი­ლი

დ. ფანჯიკიძე