თამარის მონეტები

თა­მარის და ­გიორგი III-ის მონეტა სპილენძი 1178ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი.
თა­მარის მონეტა სპილენძი 1187 ზემოთ – შუბ­ლი, ქვემოთ – ზურ­გი.

თამარის მონეტები, თამარის სა­ხე­ლით მოჭრილი სპილენძის მონეტები. იჭრებოდა ორნაირი სა­ხის – „წესიერი" და „არაწესიერი" ჭედვისა. პირველი მრგვალი ფორმისა და გარკვეული მასისაა, ხოლო მეორე – სხვა­და­სხვა ფორმისა და მასის. ეს ე. წ. „ვერცხლის კრიზისის" ხანაა და ამ დროს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში იჭრებოდა„არაწესიერი"ფორმისა და სხვა­და­სხვა მასის სპილენძის მონეტები, რ-ებიც ბაზარზე ვერცხლის იძულებითი კურსით მიმოიქცეოდა. თამარის სახელი პირ­ველად მეფე გიორგი III-ის ფულზეა გამოსახული, თანამმართველად მისი გამოცხადების შემდეგ (1178). სპილენძის მონეტა „არაწესიერი" ჭედვისაა. მის ერთ მხა­რეს, წნული ხვეულების ვარდულში, დაქარაგმებული ასომთავრულით წერია სახელი „თამარ", ვარდულის ბუდეებში ასევე ასომთავრულით – „ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი". მეორე მხა­რეს, ვარდულის ცენტრში, ასომთავრული წარწერაა – „გი", გარშემო – „ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე". 1184 თამარი სა­ქართვ. მეფე გახდა და თავისი სა­ხე­ლით მოჭრა სპილენძის „არაწესიერი ჭედვის" მონეტა, რ-ის შუბლზე მხედრულით გამოსახულია თამარის სახელი, გარშემო ასომთავრულით – „სა­ხე­ლითა ღვთისათა, იქნა ჭედა ვერცხლისი ამის, ქორონიკონსა ოთხასშვიდს" (1187) ან „ქორონიკონსა ოთხასოცდაათს" (1210); ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბ. ზედწერილია: „დედოფალი დიდებული, მშვენიერება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი", ხოლო გარშემო არაბულადვე: „განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი". თამარისა და დავით სოსლანის სახე­ლით 1200 მოჭრილი სპილენძის ფული „წესიერი" ჭედვისაა, მისი მასაა 6–7 გ. შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგუ­რული ნიშანია, რ-ის ორივე მხა­რეს მთავრულით დაქარაგმებულია თა­მარისა და დავითის სახელები; კუთხეებში „ქრონიკონი 420" (1200) ან, იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული, ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „დედოფალი დედოფალთა, მშვე­ნება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი". თ. მ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაპოვნია როგორც ერთეულები, ისე განძის სახით (ვეჯინის), აგრეთვე ქართ. ფულის დიდი განძის შემადგენლობაში (რუსთავის, „განჯისკარის", ლილოს,„რიყის", ნიჩბისის).

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანიაი., ქარ­თუ­ლი ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; კ ა პ ა ნ ა ძ ე  დ., ქართუ­ლი ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ლ ო ­ მ ო უ რ ი  თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.

ი. ჯალაღანია