თართი

თართი, კოლხური ზუთხი (acipenser guldenstadti cilchicus 1940), ზუთხისებრთა დამოუკიდებელი ქვესახეობა. ბოლო დრომდე განიხილებოდა, როგორც რუს. ზუთხის (acipenser guldenstadti Brandt-gotzeburg 1833) ქვესახეობა. მაქსიმალური სიგრძე 175 სმ. მამრების საშუალო სიგრძე 125 სმ, მდედრების –145 სმ, მასა 100 კგ-მდე.

თ. მდინარის და ზღვის ბინა­დარია. გავრცელებულია შავი ­ზღვის სამხრ.-აღმ. ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოკუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 250000–260000 ქვირითია. იკვებება ძირითადად თევზებით და კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ქირონომიდებით, ოლიგოქეტებით.

ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. შეტანილია საქართვ. წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტ. საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში.

წყარო და ლიტ.: ბურჯანაძე მ., სა­ქარ­თვე­ლოს მტკნარი წყლების თევზთა სარკვევი, თბ., 1940; ნ ი ნ უ ა  ნ., გ უ ჩ მ ა ნ ი ძ ე  ა., საქართველოს ზუთხისნაირნი, თბ., 2013; ნ ი ნ უ ა  ნ., ჯ ა ფ ო ­­ შ ვ ი ­ლ ი  ბ., ­ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სა­ქარ­თვე­ლოს თევზები, თბ., 2013; საქარ­თვე­ლოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1973; А б д у р а х м а н о в  Ю. А., Рыбы пресных вод Азербайджана, Баку, 1962; Промысловые рыбы СССР, Баку, 1949.

მ. დემეტრა­შვი­ლი

ნ. ნინუა