თავისუფალი ჭიდაობა, სპორტის ერთ-ერთი სახეობა. თანამედროვე თ. ჭ. წარმოიშვა XIX ს. ბოლოს დიდ ბრიტანეთში. 1904 შეიტანეს III ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ბერძნ.-რომაულისაგან განსხვავებით, თ. ჭ-ში წელზემოთ ჩავლებასთან ერთად დასაშვებია ფეხებში შევარდნა და ფანდების ჩატარებისას ფეხების გამოყენება (ცერული, სარმა, გამოკვრა, კაური, ასევე ფეხებით კაური კისერსა და მკლავებში); ნებადართულია ხელის ჩავლების არაერთი ვარიანტი. წმინდა გამარჯვებისთვის აუცილებელია მოწინააღმდეგის ბეჭებზე გაკვრა. დანარჩენ შემთხვევებში გამარჯვებას ანიჭებენ ქულებით ან აშკარა უპირატესობისათვის. თ. ჭ. ფართოდ გავრცელდა აშშ-ში, თურქეთში, ირანში, ბულგარეთში, იაპონიაში, სსრკ-ში.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, კერძოდ, თბილისში, თ. ჭ. დამკვიდრდა 40-იან წლებში. ჭიდაობის ეს სახეობა ორგანულად უკავშირდება ქართული ჭიდაობის ტრადიციებს, მის ბუნებას, რამაც განაპირობა ჩვენი ფალავნების წარმატებები მსოფლიო ასპარეზზე. ამის საფუძველი კი თ. ჭ-ისა და ქართ. ჭიდაობისათვის დამახასიათებელი საერთო ტექ. ილეთები და ტაქტიკური თავისებურებანი აღმოჩნდა. ქართვ. ფალავნებმა სერიოზული განაცხადი ჯერ კიდევ სსრკ-ის პირველსავე ჩემპიონატზე გააკეთეს (1945), სადაც 7 გამარჯვებულიდან 4 საქართვ. წარმომადგენელი იყო (ვ. ილურიძე, დ. ციმაკურიძე, ვ. მაჩკალიანი და ა. მეკოკიშვილი). ასეთივე წარმატებით გამოდიოდნენ ჩვენი მოჭიდავეები სსრკის მომდევნო ჩემპიონატებზეც. შედეგად 1954 პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სსრკ-ის ნაკრებში შედიოდნენ: მ. ცალქალამანიძე, ვ. გიგიაძე, ნ. მუზაშვილი, ს. გაბარაევი, ვ. ბალავაძე, გ. კარტოზია და ა. მეკოკიშვილი.
თბილისში ჩამოყალიბდა თ. ჭ-ის მწვრთნელთა უძლიერესი სკოლაც (მ. თიკანაძე, ვ. ილურიძე, შ. ნოზაძე, გ. როსტიაშვილი და სხვ.); მათი მეცადინეობით საქართვ. ნაკრები 9-ჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი. მრავალი ქართვ. ფალავანი ევრ., მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორია. თ. ჭ-ის მსოფლიოში აღიარებული ოსტატები არიან: ვ. ბალავაძე, ზ. ბერიაშვილი, დ. გობეჯიშვილი, ლ. თედიაშვილი, ზ. თურმანიძე, ე. კურტანიძე, შ. ლომიძე. ა. მეკოკიშვილი, რ. მინდორაშვილი, ნ. მოდებაძე, ვ. რუბაშვილი, გ. საღარაძე, გ. სხირტლაძე, მ. ცალქალამანიძე, დ. ციმაკურიძე, ლ. ხაბელოვი, ნ. ხოხაშვილი. ქართვ. სპორტსმენები პირველად საბჭოთა კავშირის სახელით გამოვიდნენ XV ოლიმპიადაზე (ჰელსინკი, 1952). სსრკ-ის ნაკრებმა თ. ჭ-ში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ დ. ციმაკურიძე და ა. მეკოკიშვილი. მომდევნო ოლიმპიადებზე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: XVI ოლიმპიადაზე (მელბურნი, 1956) – მ. ცალქალამანიძე; XX ოლიმპიადაზე (მიუნხენი, 1972) და XXI ოლიმპიადაზე (მონრეალი, 1976) – ლ. თედიაშვილი; XXIV ოლიმპიადაზე (სეული, 1988) – დ. გობეჯიშვილი; XXV ოლიმპიადაზე (ბარსელონა, 1992) – ლ. ხაბელოვი. საქართველოში XX ს. 90-იან წლებში თ.ჭ-ში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, მნიშვნელოვანი სირთულეები გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ქართვ. ფალავნები წარმატებით გამოდიან საერთაშ. ასპარეზზე. 1995–2013 თავისუფალი სტილის ქართვ. მოჭიდავეებმა ევრ. და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და მოზრდილებში მრავალი მედალი დაისაკუთრეს.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი: XXVI ოლიმპიადაზე (ატლანტა, 1996) და XXVII ოლიმპიადაზე (სიდნეი, 2000) ე. კურტანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები; XXIX ოლიმპიადაზე (პეკინი, 2008) რ. მინდორაშვილმა მოიპოვა ოქრო, ხოლო გ. გოგშელიძემ და ო. თუშიშვილმა – ბრინჯაო; XXX ოლიმპიადაზე (ლონდონი, 2012) დ. მოძმანაშვილმა და ვ. ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს ვერცხლის მედლები, ხოლო გ. გოგშელიძემ და დ. მარსაგიშვილმა – ბრინჯაოს მედლები.