თამელი (Sorbus torminalis), ტანმაღალი ხე, იშვიათად – ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 25 მ, დიამეტრი 60–70 სმ აღწევს. აქვს გრძელყუნწიანი მეტად ლამაზი ფოთლები და ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ყვავილები, ნაყოფი კვერცხისებრი ან მომრგვალოა, მურა ყვითელი ან მოყავისფრო, თეთრად დაწინწკლული, შემდგომ თანდათანობით მუქდება. თავდაპირველად მაგარი და მწკლარტეა, ყინვა რომ დაჰკრავს, რბილი და ტკბილი ხდება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი თ. არც ისე იშვიათია. უმთავრესად მთის ფოთლოვან ტყეებში ხარობს. შერეულია მუხნარში, რცხილნარში, წაბლნარსა და წიფლნარში ერთეულ ხეებად ან ჯგუფებად. ნორჩი ხე საკმაოდ ჩრდილის ამტანია, ასაკთან ერთად სინათლეს მეტად საჭიროებს. საკმაოდ ყინვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ მომთხოვნი. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში; საკმაო რაოდენობით შეიცავს შაქარს, მისგან არაყსაც ხდიან. აქვს მაგარი და გამძლე მერქანი. თ. კარგი თაფლოვანი და დეკორ. მცენარეა.
ლ. ხინთიბიძე