„თბილისი მარიოტი“ (Tbilisi Marriott), უმაღლესი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მდებარეობს ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის პროსპექტისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კუთხეში.
სასტუმრო აშენდა სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით. მშენებლობა დაიწყო 1911 ა. ოზეროვის პროექტით. მშენებლობის პროცესში საჭირო გახდა პროექტის გადაკეთება. არქიტ. გ. ტერმიქელოვმა სასტუმროს ახ. პროექტი შეადგინა. მშენებლობა 1915 დასრულდა. იგი თავიდანვე მაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას „მაჟესტიკი" (ფრანგ. „დიდებული") დაერქვა. I მსოფლიო ომის დროს სასტუმროში სამხ. ლაზარეთი განთავსდა, ხოლო გასაბჭოების შემდეგ, 1921, იგი საქართვ. პროფ. კავშირებს გადაეცა. სხვადასხვა დროს შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო გამომც. „ტექნიკა და შრომა", წიგნების და ჩაის სპეციალიზებული მაღაზიები, სასტუმროს სარდაფის სართულში კი – კინოთეატრი „ლუქსემბურგი" (ყოფ. „მინიონი", შემდგომში – „თბილისი").
1935 გადაწყდა შენობის რეკონსტრუქცია და მისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება. 1939 წ. 14 თებერვალს სასტუმრო საექსპლუატაციოდ გადაეცა და ეწოდა „თბილისი". იგი თავდაპირველად ექვემდებარებოდა სსრკ უცხოეთის ტურიზმის სახელმწ. კომიტეტს, შემდგომში კი – სააქციონერო საზ-ბა „ინტურისტს".
1991–92, თბილ. ომის დროს, სასტუმროს შენობა ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეიქმნა შოთა რუსთაველის პროსპექტისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუქციის კომისია. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავეს არქიტ.-რესტავრატორებმა გ. მეტრეველმა და ვ. ქურთიშვილმა. 1996-იდან შენობა „ჯი-ემ-თი ჯგუფის" კომპანია – "„ი-ემ-თი სასტუმროების" მფლობელობაშია, რ-მაც განახორციელა სასტუმროს რეკონსტრუქცია და მის მართვაზე ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში სასტუმროების მართვის ერთ-ერთ ლიდერთან, ამერ. კომპანია „მარიოტ ინტერნეშენელთან". სასტუმრო გაიხსნა 2002 წ. 26 სექტემბერს და აქ „თ. მ." განთავსდა.
შვიდსართულიანი ნაგებობა გამოირჩევა მაღალი არქიტ.-მხატვრული ღირსებებით. გამოყენებულია კლასიკური ხუროთმოძღვრული მოტივები, შენობის ფასადის მრუდწირული კუთხე დღესაც მოხდენილად ერწყმის შოთა რუსთაველის პროსპექტს. მისი თავდაპირველი სახე შენარჩუნებულია. ამჟამად „თ. მ-ში" სხვადასხვა კატეგორიის 127 ნომერია, აქედან 1 – ვიცე-საპრეზიდენტო და 2 – საპრეზიდენტო აპარტამენტი; სასტუმროში არის 8 დარბაზი საკონფერენციო შეხვედრებისათვის, რ-თაგან 6 ქართველ მეფეთა (ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის) სახელს ატარებს, დანარჩენი 2 კი – წვეულებათა დარბაზი და სანადიმო ოთახია. ფუნქციონირებს ლობი ბარი „მაჟესტიკი", კაფე და რესტორანი „პარნასი", ღია პათიო, ბიზნესცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და სხვ. „თ. მ." აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით.