თბილისის არქეოლოგიური ძეგლები

თბილისის არქეოლოგიური ძეგლები

თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, სხვა­და­სხვა დროისა და კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, საკულტო ძეგლებისა და სახელოსნოების ნაშთები, ნახიდურები, ნაარხალები (200-ზე მეტი). არქეოლ. ძეგლთა ასეთი სიმრავლე თბილისისა და მისი შემოგარენის განსაკუთრებული გეოგრ. მდებარეობით აიხსნება. ძვ. დროიდან დაწყებული აქ იკვეთებოდა კავკასიაზე გამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედ­რო გზები, რ-ითაც დას-ისა და აღმ-ის კულტურები ერთმანეთს უკავშირდებოდა, აღმ. ევროპის მომთაბარე ტომთა კულტურა კი კავკასიის სამხრ-ით მდებარე წინა აზიის ცივილიზაციას ეზიარა. მოგვიანებით (ძვ. წ. II ს-იდან) თბილისზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზის ჩრდ. განშტოებაც, იგი ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა. უძველესი ­ცხვრის გზა კი, რ-იც დღესაც ფუნქციონირებს, თბილისის გავლით აკავშირებდა შირაქის ზამთრის საძოვრებს ჩრდ. კავკასიონის საზაფხულო საძოვრებთან. თბილ. შემოგარენში მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები იყო.

თბილ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის ცხოვრების ნაშთი 6000-ზე მეტი წლისაა. ენეოლითური ხანის (დაახლ. ძვ. წ. V ათასწლ. II ნახ.) ნასახლარი დადასტურდა თანამედროვე დელისის უბანში. კერამ. ნაწარმის ნაშთებისა და ქვის სამიწათმოქმედო იარაღის გარდა, აღმოჩენილია სპილენძისა და კალის შენადნობისაგან (ანუ ბრინჯაოსაგან) დამზადებული ნივთებიც. დელისის ლითონის ნივთები უმდიდრესი ნიმუშებია მთელ ძვ. სამყაროში.

თბილისის არქეოლოგიური გათხრები ენეოლითური ხანის კერამიკა დელისის ნასახ­ლარი

არქეოლ. ძეგლებით განსაკუთრებით დიღმის ველია დატვირთული (თანამედროვე დიღმის მასივისა და დიდი დიღმის ტერიტორია). აქ მდებარეობს მთელ კავკასიაში ყველაზე დიდი, ე. წ. თრელიგორების ნასახლარი, რ-იც 3 ბუნებრივ ბორცვზეა განთავსებული და დაახლ. 1,5 კმ-ზეა გადაჭიმული სა­ქართვ. სამხ. გზის გასწვრივ, მის ­მარცხ. მხა­რეს. თრელიგორებზე ადამიანს ძვ. წ. IV ათასწლ. შუა წლებიდან ადრეფეოდ. ხანის ჩათვლით უცხოვრია. გზის მოპირდაპირე მხა­რეს მდებარეობს ამ ნასახლარის სამაროვანი (თრელის სამაროვანი). გათხრილია ბრინჯაო-რკინის ხანის 200-მდე სამარხი. ნასახლარზე აღმოჩენილი უძველესი ფენები მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. დღეისათვის ცნობილ მტკვარ-არაქსის კულტ. ძეგლთა შორის უადრესია ღრმახევისთავის (დმანისის მუ­ნი­ცი­პა­ლიტე­ტი) და ხიზანაანთგორის E ფენის გამოვლენილ ძეგლებთან ერთად. თბილისში მომდევნო დროის ე. წ. დიდუბე-კიკეთის ჯგუფის ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მარტყოფში გაითხარა ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. დიდი ყორღანული სამარხები. აღმოჩენილი მდიდრული სამარხეული მასალა მეტყველებს, რომ თბილისი და მისი შემოგარენი ადრეულ ხანაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

თბილისის არქეოლოგიური გათხრები ოქროს საყურეები ლურჯი მინის თვლე­ბით ვაშლაჯვარი ადრე­ფეო­დალური ხანის სამარხიდან

თბილისში აღმოჩენილმა შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებმა ნათელი მოჰფინა აღმ. ამიერკავკასიისა და წინა აზია – ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის საკითხებს ძვ. წ. II ათასწლ. I მეოთხედში. ამ ურთი­ერთობის ამსახველია ლილოში აღმოჩენილი ბრინჯაოს გრძელი საძგერებელი მახვილი (რაპირა) და თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი კანთარსოსის ფორმის თიხის სასმისები.

თბილისში მრავლადაა წარმოდგენილი გვიანდ. ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლები. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე (ძვ. წ. XV–XIV სს. ე. წ. ლჭაშენწითელგორის არქეოლ. კულტურა) გვხვდება ქვის წრეებით შემოვლებული ორმოიანი ყორღანები, რ-თა სამარხეული მასალა უახლოეს მსგავსებას პოულობს კა­ხე­თის, თრიალეთისა და დას. სომხეთის ნივთებთან. ძვ. წ. XIV ს. ბოლოდან ჩნდება სამარხთა ახ. ტიპი – ქვაყრილიანი ორმოსამარხები, რ-ებიც ძვ. წ. VI ს-მდე არსებობდა. ამ სამარხებში აღმოჩენილი ნივთები პარალელებს სამთავროს სამაროვნის ძეგლებთან პოულობს (ე. წ. სამთავ­რული არქეოლ. კულტურა). თბილ. და მისი შემოგარენის მნიშვნელოვან გეოგრ. მდებარეობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ გვიანდ. ბრინჯაოს ხანის აღმ. ამიერკავკასიის ზემოაღნიშნულ ორ უმსხვილეს კულტურას შორის საზღვარი სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა.

თრელის სამაროვანზე გათხრილ სამარხთა შორის სიმდიდრით გამოირჩევა ძვ. წ. VIII–VII სს. დასაკრძალავდარბაზიანი კრემაციული სამარხები, ზოომორფული და მოჭიქული ჭურჭელი და სხვ., რ-ებიც კონსტრუქციით, დაკრძალვის წესით, სიმდიდრით და აღმოჩენილი ნივთებით ნაწილობრივ განსხვავდება სა­ქართვ. სინქრონული ძეგლებისაგან და გარკვეულ თავისებურებებს იჩენს აზერბ. და ჩრდ.-დას. ირანულ ძეგლებთან. ერთი დასაკრძალავი დარბაზის ფართობი 70 მ² აღწევდა.

თბილისი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კლასიკურ ხანაშიც. ამაზე მეტყველებს საბურთალოს რეგიონში შემთხვევით აღმოჩენილი ძვ. წ. III–II სს. მდიდრული სამარხეული ნივთები და ახ. წ.III ს. II ნახ. წარჩინებული მეომრის სამარხი თრელის სამაროვნიდან.

თბილისში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური მასალა მოწმობს, რომ გვიანანტ. ხანაში ეს ტერიტორია მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას ასრულებდა.

მცხეთასთან შედარებით თბილისსა და მის შემოგარენს ურბანიზაციისათვის უფრო ხელსაყრელი გეოგრ. პირობები ჰქონდა. წინაფეოდ. ხანაში ისტ. ვითარებაც უკეთესი იყო. ამან ხელი შეუწყო თბილისის გადედაქალაქებას. ერეკლე II-ის მოედანთან ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად კარ­გად გამოჩნდა თბილ. საქალაქო ცხოვრების სტრატიგრაფია V ს-იდან XX ს-მდე. გამოვლინდა სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების, ­წყალსადენების, კერამ. საწარმოს ნაშთები. სამეურნეო დანიშნულების ნივთების გარდა, აღმოჩნდა მინის, ლითონის, ქვის სამკაული და იარაღ-საჭურველი.

შუა საუკუნეების მეორე მნიშვნე­ლო­ვა­ნი ძეგლია „განჯისკარის" კერამ. სახელოსნო, სადაც ქართ. მხატვრული კერამიკის მრავალი ახ. სახეობა გამოვლინდა.

თბილისის ისტ. შესწავლაში დიდი როლი შეასრულა ე. წ. თბილისის დედაციხის (ნარიყალას) არქეოლოგიურმა გათხრებმა. გამოვლინდა XIII ს. ტაძარი, აბანო და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაწილი. აქ აღმოჩენილი მრავალფეროვანი თეთრკეციანი მოჭიქული იმპორტ. კერამიკა მიუთითებს, რომ XVII–XVIII სს-ში ქალაქს მჭიდრო სავაჭრო ურთი­ერთობა ჰქონდა სხვა ქვეყნებთან.

თ. ა. ძ-ის შესწავლაში დიდი და ნაყოფიერი სამუშაო აქვთ ჩატარებული დ. ქორიძეს, გ. ლომთათიძეს, ი. გძელი­შვილს, ო. ტყეშელაშვილს. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის რ. აბრამი­შვილს, რ-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1968-იდან დაიწყო თ. ა. ძ-ის სისტემ. შესწავლა.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი ­შ ვ ი ­ლ ი  რ., თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; გ ძ ე ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ი., ტ ყ ე შ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ო., თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1961; ლ ო მ თ ა თ ი ძ ე  გ., არქეოლოგიური გათხრები თბილისში 1948 წ. ზამთარში, «მასალები სა­ქარ­თვე­ლოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; ქ ო რ ი ძ ე  დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1–2, თბ., 1955–58; ჭ ი ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., ქალაქები ფეოდალურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, [ტ.] 2, თბ., 1970; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., „განჯისკარის" 1948 წ. არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, «მასალები სა­ქარ­თვე­ლოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; Abramischwili R. und M., Archäologishe Denkmäler im Stadtgebiet von Tbilisi. Unterwegs zum Goldenen Vlies, «Archäologische Funde aus Georgien», Saarbrücken, 1995.

მ. აბრამი­შვი­ლი