თბილისის ბავშვთა N1 მუნიციპალური საავადმყოფო პ. ყურაშვილის ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, დაარსდა 1937 პროფ. ი. ლორთქიფანიძის თაოსნობით. ამიერკავკასიაში პირველი ბავშვთა საავადმყოფო. პ. ყურაშვილის სახელი მიენიჭა 1967.
საავადმყოფოს უნიკალური შენობა (მოდერნის სტილის არქიტექტურის ძეგლი) XX ს. დასაწყისში (1902–06) ააგო მეცენატმა ნ. ზუბალაშვილმა (იხ. ზუბალაშვილები) და უპოვართა, უმწეოთა და უსახლკაროთა თავშესაფრისთვის საქველმოქმედოდ ანდერძით გადასცა მუნიციპალიტეტს. გასაბჭოების შემდეგ ეს მისია შეწყდა. ქუჩას, რ-ზეც საავადმყოფო მდებარეობდა, 1990-იდან ძმები ზუბალაშვილების სახელი ეწოდა.
თავიდან საავადმყოფო გათვლილი იყო 150 საწოლზე. მასში შედიოდა: თერაპიული, ქირურგ., ნერვული, ყელ-ყურ-ცხვირის განყ-ბები; კლინ.-დიაგნოსტიკური, ბიოქიმ., ბაქტერიოლოგიური, ექსპერ. ლაბორტორიები; ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტები; პათ. ანატომიის სამსახური, აფთიაქი, კვების ბლოკი.
საავადმყოფოს პირველი მთ. ექიმი იყო ი. ლორთქიფანიძე. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: პ. ნანეიშვილი, ი. ჩიკვაიძე, ნ. მთვარაძე, ლ. შარაშიძე, ლ. ირემაძე, დ. გურიელი, დ. გერმესაშვილი, ა. ნაცვლიშვილი, დ. მაგრაქველიძე.
საავადმყოფოს უკავშირდება ქართ. მეცნ. და პრაქტ. პედიატრიის და ბავშვთა ქირურგიის განვითარება საქართველოში. აქ ჩაეყარა საფუძველი თსსი-ის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის, საფაკულტეტო და ჰოსპიტალური პედიატრიის, თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ბავშვთა სნეულებების კათედრებს, პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინსტიტუტს. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პედიატრები: ი. რცხილაძე, მ. ბოკერია, ვ. თოხაძე, მ. კოკოჩაშვილი; ს. მაჩაბელი, პ. ყურაშვილი, ფ. შოთაძე, მ. გელოვანი, გ. ნიჟარაძე, ი. კვაჭაძე, მ. მჭედლიშვილი, ი. ციციშვილი და სხვ.
აქ დაარსდა და 1987-მდე ფუნქციონირებდა ბავშვთა ქირურგ. კათედრა მ. კოკოჩაშვილის, შემდეგ – ლ. ავალიანის, გ. ჟვანიას, რ. კუტუბიძის ხელმძღვანელობით. 1959–70 საავადმყოფო იყო ჰოსპიტალური პედიატრიის (ხელმძღვ. ვ. თოხაძე, ი. კვაჭაძე), 1971–2001 – პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების (ხელმძღვ. მ. მჭედლიშვილი, თ. ჭურაძე), 1993-იდან ე. ფიფიას სახ. სამედ. ინ-ტის, თბილისის დავით აღმაშენებლის უნ-ტის (ხელმძღვ. დ. ლეჟავა), საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის (ხელმძღვ. ლ. გვენცაძე) პედიატრიული კათედრების ბაზა.
სხვადასხვა დროს საავადმყოფო ნაყოფიერად თანამშრომლობდა სამედ. აკადემიის ბავშვთა ქირურგიის, სამედ. უნ-ტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის, სამკურნ. ფაკ-ტის პედიატრიის კათედრებთან, პედიატრიის სამეცნ.კვლ. ინ-ტის ჰემატოლოგიურ და ჰემატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყოფილებებთან.
საავადმყოფოში გაიხსნა საქართველოში პირველი ბავშვთა ინტენს. თერაპიის პალატა და განყ-ბა; რესპ. ალერგოლოგიური დისპანსერი, რ-იც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა ალერგიული პათოლოგიის რისკის მქონე და დაავადებული ბავშვების მონიტორინგს; ტრავმატოლოგიურ განყ-ბასთან ჩამოყალიბდა პირველი რაბიოლოგიური სამსახური; პირველად იყო გამოყენებული პაციენტთა დღის სტაციონარის რეჟიმით მომსახურება.
ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები იყო ბავშვთა რევმატოლოგია, თორაკო-აბდომინალური ქირურგია, ახალშობილთა ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ალერგოლოგია და რესპირაციული პათოლოგია.
2011 ბავშვთა პირველმა საავადმყოფომ არსებობა შეწყვიტა.
დ. ლეჟავა