თბილისის გრენადერთა მე-15 პოლკი, რუსეთის იმპერიის არმიის ერთ-ერთი ძველი სამხედრო ნაწილი. დაარსდა 1726 კურინსკის (მტკვრის უცხ. სახელწოდებიდან: კურა – მტკვარი) ქვეითი პოლკის სახელწოდებით. 1784 ეწოდა თბილ. ქვეითი პოლკი, 1856 – თბილ. გრენადერთა პოლკი. 1858-იდან ატარებდა დიდი მთავრის კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელს, 1864-იდან კი ეწოდა მე-15 პოლკი. ამ სამხ. ნაწილის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რუსეთ-ირანისა (1826–28) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–29, 1877–78) ომებში. პოლკის ნაწილი მონაწილეობდა კავკასიის (1817–64) ომში. საერთოდ პოლკს და, კერძოდ, მის ცალკეულ ბატალიონებს ბევრჯერ ებოძა წმ. გიორგის დროშები და სამხ. წარჩინების სხვა ნიშნები.
ლიტ.: Хроника Русской императорской армии. сост. по Высочайшему повелению, ч. 6, СПб., 1852; Хроника кавказских войск, в двух частях. Сост. ген.-майор в отставке А. Л. Гизетти, под ред. ген.-лейт. Чернявского, Тфл., 1896.
ო. ჟორდანია