„თბილისის დაპყრობის წიგნი“

„თბილისის დაპყრობის წიგნი“, ოსმალო ავტორის – გურჯიზადეს თხზულება. დაწერილია 1724. მასში აღწერილია 1723–24 ოსმალთაგან თბილისისა და, საერთოდ, ქარ­თლის (გორის, ქსნის, ყარა-კალკანის ანუ არაგვის საერისთავოს, თრიალეთისა და სხვ.) დაპყრობის ისტორია, ატენისა და ცხინვალის ბრძოლები, შამშადილისა და ყაზახის დაპყრობა, ლეკებთან შეჯახება დიღომში. სტრატეგიული თვალსაზრისით დახასიათებულია თრიალეთი და საბარათიანო, გუჯარეთი და ქსნის საერისთავო. აქტ. მოქმედი პირები არიან: ვახტანგ VI, ბაქარი, იესე, კონსტანტინე II (მაჰმადყულიხანი), გივი ამილახვარი, არაგვისა და ქსნის ერისთავები; აღწერილია განჯისა და ერევნის ციხეთა დაპყრობა. ვრცლად არის წარმოდგენილი ოსმალთა წინააღმდეგ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების გაერთიანებული ძალით მოქმედების გეგმა ­(ხელმძღვ. მაჰმადყული-ხანი). თხზულება შინაარსით ფართოა და მასშტაბური, იგი გასათვალისწინებელი ძეგლია XVIII ს. I მეოთხედის ქარ­თლისა და საერთოდ სამხრ. კავკასიის ხალხთა პოლიტ. ისტორიის მრავალი საკითხის გასარკვევად.

პუბლ.: გურჯიზადე, ­თბილისის დაპყრობის წიგნი. თურქ. ტექსტი ქართ. თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბ., 1975.

ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე  მ., ატენის ბრძოლის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებისათვის თურქული წყა­როების მიხედვით, კრ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, [ტ.] 2, თბ., 1979; А б у л а д з е  Ц. А., Османские «книги» о вторжении Турции в страны Восточного Закавказья в 1723–1724 гг., «Источниковедческие разыскания. 1982», Тб., 1985.

ც. აბულაძე