თბილისის დარბაზობა 1490

თბილისის დარბაზობა 1490, საქარ­თვე­ლოს ერთიანი სა­ხელმ­წი­ფოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ქარ­თლის მეფე კონსტანტინე II ­კვლავ ცდილობდა შემოსეული ­მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად სა­ქარ­თვე­ლოს ძალების გაერთიანებას. 1488–89, ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევების დროს, მან დახმარებისათვის მიმართა სამცხის მთავარსა და კა­ხე­თის მეფეს, მაგრამ უარი მიიღო. 1490 თბილ. განთავისუფლებისა და ქართლიდან თურქმანების განდევნის შემდეგ კონსტანტინე II აპირებდა ბრძოლის დაწყებას კა­ხე­თის, იმერეთისა და სამცხის შემოსაერთებლად. მან მოიწვია დარბაზის სხდომა, რ-ზედაც დასვა საკითხი: „თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქუე­ყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობასავე თჳსსა". დარბაზმა ერთხმად ურჩია, რომ ხელი აეღო ამ ბრძოლაზე: „ვინაჲთგან მტკი­ცედ სდგან ერთგულებასა ზედა თჳსთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთჳს არა განგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მწე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა". დარბაზის ასეთი მოთხოვნა თუ რჩევა არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა. ამრიგად, დარბაზის გადაწყვეტილებით (1490) სა­ქართვე­ლოს სამეფო-სამთავროებად დაშლა იურიდიულადაც გაფორმდა. 1491–92 ქარ­თლის, კა­ხე­თისა და იმერეთის მეფეებმა და სამცხის მთავარმა ერთმანეთს შორის საზღვრები განაწესეს.

წყა­რო: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქართვე­ლოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3–4, თბ., 1973–79.

ნ. ასათიანი