თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი, შეიქმნა 1925. ჯერ კიდევ XX ს. 30-იან წლებში დინამოელებს, რ-ებიც ის-ის იყო ადგილს იმკვიდრებდნენ საკავშ. ასპარეზზე, მოსკოვის ერთ-ერთმა გაზეთმა „დიდი ურუგვაელები" შეარქვა. თუ გავიხსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა სწორედ იმ წლებში მოიპოვა მსოფლიოს პირველი ჩემპიონის ტიტული, ეს შედარება გუნდის შესაძლებლობის არცთუ ურიგო მიმანიშნებელია. „დინამოს" გუნდი მუდამ გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სტილით, შთაგონებული, იმპროვიზაციაზე აწყობილი თამაშით.
ქართ. ფეხბურთმა მრავალი შესანიშნავი მეკარე, მცველი და ნახევარმცველი შესძინა სპორტს, მაგრამ მისი მთავარი კოზირი მაინც შეტევის ხაზის ბრწყინვალე ოსტატები იყვნენ. სწორედ შეტევით, მეტოქის კარისკენ დაუცხრომელ სწრაფვით გამოიხატებოდა დინამოელთათვის ფეხბურთის არსი. მათი უმთავრესი იარაღი ყოველთვის იყო ფინტი, დრიბლინგი, ელვისებური გარღვევები. როდესაც საფეხბურთო მოდის კვალდაკვალ ბევრი გუნდი დაცვით სქემებზე გადაეწყო, თბილ. „დინამო" კვლავინდებურად შემტევი ფეხბურთის ერთგული დარჩა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ „დინამოში" გაჩნდა პირველად ე. წ. „მოხეტიალე ფორვარდი" ბ. პაიჭაძე; არც ის იყო გასაკვირი, რომ თბილისელ თავდამსხმელებს სხვებზე უფრო ხშირად იწვევდნენ სსრკ-ის ნაკრებში. სპეც. ჯილდოებიდან სსრკ-ის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი დინამოელ ფეხბურთელებს ყველაზე ხშირად რგებიათ. სსრკ-ის ჩემპიონატებზე, სსრკ-ის თასზე და საერთაშ. ტურნირებზე მრავალწლიანმა წარმატებულმა გამოსვლებმა განაპირობა დინამოელთა აღიარება და მაღალი ავტორიტეტი, რამაც გუნდს სსრკ-ის ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა. „დინამო" ქართ. ფეხბურთის ფლაგმანი იყო. იგი თავს უყრიდა ყოველივე საუკეთესოს, რაც კი ქართ. ფეხბურთს მოეპოვებოდა. სწორედ ეს მემკვიდრეობითობა, ძირეული კავშირი ეროვნ. ფეხბურთთან იყო საწინდარი სახელოვანი გუნდის წარმატებებისა. 1925 „დინამოს" საზ-ბის საბჭოსთან ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი, რ-ის ბირთვს შეადგენდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები: ა. ჟორდანია, დ. ცომაია, ა. ფოჩხუა, მ. ბლანკმანი, ვ. ამბოკაძე, ა. გალპერინი. მალე საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან გუნდს შეემატნენ ფეხბურთელები: ნ. ანიკინი, ს. იოაკიმიდი, ი. პანინი და სხვ. ამავე დროს 1927 შექმნილ „ნორჩ დინამოელთა" და „დინამოს" საკლუბო გუნდებში კარიერას იწყებდნენ შემდგომში სახელგანთქმული ოსტატები: შ. შავგულიძე, ა. დოროხოვი, მ. მინაევი, მ. ბერძენიშვილი. თავდაპირველად ერთადერთი ოფიც. ტურნირი, რ-შიც „დინამო" მონაწილეობდა, თბილ. პირველობა იყო. 1935, როდესაც საქართვ. საკლუბო ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი, „დინამომ" უკვე სსრკ-ის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ასე რომ, საქართვ. ჩემპიონატები „დინამოს" გარეშე ტარდებოდა. II მსოფლიო ომის წინა წლებში დინამოელი ფეხბურთელები რეგულარულად შედიოდნენ ქალაქის, საქართვ. და ამიერკავკ. ნაკრები გუნდების შემადგენლობაში. ამიერკავკ. ნაკრების ორივე ტურნირში (1926, 1935) მრავალი დინამოელი მონაწილეობდა – ა. ჟორდანია, შ. შავგულიძე, ვ. ამბოკაძე, ა. დოროხოვი, ი. პანინი, მ. ასლამაზოვი, მ. ბერძენიშვილი, გ. ჭუმბურიძე და სხვ. ამავე ნაკრების შემადგენლობაში შედგა დინამოელთა დებიუტი საკავშ. პირველობაზე (1931–35).
სსრკ-ის საკლუბო გუნდების პირველ ჩემპიონატზე (1936 გაზაფხული) თბილ. „დინამო", როგორც დებიუტანტი, „ბ" ჯგუფში ასპარეზობდა და პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა და უცვლელად მონაწილეობდა ჩემპიონატებში ნახევარ საუკუნეზე მეტხანს. ამ ხნის განმავლობაში „დინამო" ორჯერ – 1964 და 1978 – გახდა სსრკ ჩემპიონი, ხუთჯერ – ვიცე-ჩემპიონი და ცამეტჯერ – მესამე პრიზიორი. არანაკლებ შთამბეჭდავია „დინამოს" გამოსვლები სსრკ-ის თასის გათამაშებაში, ამ პრიზს გუნდი ორჯერ – 1976 და 1979 დაეუფლა, ამის გარდა კიდევ ექვსჯერ გავიდა ფინალში. 60-იანი წლების ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მ. მესხი და ს. მეტრეველი.
დინამოელთაგან სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარებული იყვნენ: დ. ყიფიანი (1977), რ. შენგელია (1978, 1981) და ა. ჩივაძე (1980). „დინამოს" 25 მოთამაშე სხვადასხვა დროს იცავდა სსრკ-ის ნაკრების ღირსებას. გუნდის საუკეთესო მიღწევად უნდა ჩაითვალოს 1981 წ. 13 მაისს დიუსელდორფში (გერმანია) ევრ. ქვეყნების თასის მფლობელთა თასის მოპოვება. ამ ტურნირში თბილ. დინამოელებმა თანამიმდევრობით დაამარცხეს: 1/16-ში „კასტორია" (საბერძნეთი; 0:0, 2:0); 1/8-ში – „უოტერფორდი" (ირლანდია; 1:0, 4:0); 1/4-ში – „ვესტჰეიმი" (ინგლისი; 4:1, 0:1); 1/2-ში – „ფეიენოორდი" (ნიდერლანდი; 3:0, 0:2), ხოლო ფინალში – „კარლ-ცეისი" (გდრ) ანგარიშით 2:1. აღსანიშნავია, რომ მსგავს შედეგს საბჭ. გუნდებიდან მხოლოდ კიევის „დინამომ" მიაღწია.
ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებებში ფეხბურთელებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით „დინამოს" მწვრთნელებს. გუნდს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ: ჟ. ლიმბეკი, ა. ჟორდანია, მ. ბუტუსოვი, მ. იაკუშინი, გ. კაჩალინი, მ. ბერძენიშვილი, ა. სოკოლოვი, ბ. პაიჭაძე, ა. ღოღობერიძე, გ. ჯეჯელავა, გ. ჩოხელი, გ. ნოდია, ი. ბოსკამპი, ი. შუშაკი, ნ. ახალკაცი, დ. ყიფიანი, რ. ძოძუაშვილი, მ. ხურცილავა და სხვ.
მას შემდეგ, რაც საქართვ. ფეხბურთის ფედერაციის 1990 წ. თებ. გადაწყვეტილებით, საქართვ. გუნდები სსრკ-ის ჩემპიონატებში აღარ მონაწილეობდნენ, თბილ. „დინამო" საქართვ. ჩემპიონატში ასპარეზობდა. 90-იან წლებში „დინამო" იყო გამოკვეთილი ლიდერი – ზედიზედ ათჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1990–99), შემდგომ ხუთჯერ (2003, 2005, 2008, 2013, 2014); ცხრაჯერ საქართვ. თასის მფლობელი (1992–97; 2003– 04; 2009, 2013, 2014); საქართვ. სუპერთასის ხუთგზის მფლობელი (1996–97; 1999, 2005, 2008). ევროტურნირებზე გუნდმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია 1996-ში, როდესაც ტურნირზე სამი ეტაპი დაძლია (მწვრთნელი დ. ყიფიანი). 2004-ში თბილ. „დინამო" დაეუფლა თანამეგობრობის თასს (მწვრთნელი ი. შუშაკი). „დინამოს" ფეხბურთელები – კ. კალაძე და ლ. კობიაშვილი წარმატებით ასპარეზობდნენ ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში. აღსანიშნავია შ. არველაძე, რ-იც ორი ქვეყნის ჩემპიონი (ჰოლანდია, 1998; შოტლანდია, 2003, 2005) გახდა. 2011-იდან გუნდის მფლობელია რ. ფიფია.